მოიტა მახათი (ანუ მორიგი გატაცება)

არ ვიცი რატომ, მაგამ რაც თავი მახსოვს, სულ რაღაც ახალი სტიქიებით ვარ გატაცებული. შეიძლება ეს ჩემი მოუსვენრობითა და ცნობისმოყვარეობითაა გამოწვეული თუ უბრალოდ ბუნების კანონია, მაგრამ ვერ ვიხსენებ პერიოდს, როცა რამე არ მქონია ამოჩემებული და მთელი გონებით არ ვყოფილვვარ მასზე გადართული. ამიტომ იყო რომ ბავშვობაში კინაღამ კარატეზეც დავიწყე სიარული. ცეკვა, მუსიკა, ათასნაირი წრეები და სტუდიები მქონდა მოვლილი. მერე მათემატიკაზე ჩავიციკლე, რამდენიმე წელი წიგნების აქტიურ კითხვასაც მივყავი ხელი (რაც წამიკითხავს, თითქმის ყველაფერი იმ დროის დამსახურებაა). 14 წლის ასაკში დაახოებით 7 კილო მოვიმატე წონაში, რადგან კულინარიით ვიყავი გატაცებული და დეგუსტატორის მოვალეობასაც აქტიურად ვითავსებდი. მერე ჯანსაღი ცხოვრების წესი ავირჩიე და 2 წელი თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი. Read the rest of this entry

?????

არ ვიცი, ღამის ოთხ საათზე რატომ უნდა დაიწყოს ადამიანმა მორიგი პოსტის წერა, როცა მეორე დღეს, სისხამ დილითაა წამოსახტომი და მთელი დღე, მინიმუმ 6 საათი, უაღრესად დაძაბულ სიტუაციაში აქვს გასატარებელი. მიზეზი კი ისაა, რომ რაღაცები არ მესმის. ან მესმის და ძალიან არ მომწონს. ყოველ შემთხვევაში, დაბნეულობას აქვს ადგილი და არ ვიცი რით გამოვხატო საკუთარი შეშფოთება. რაც არ უნდა იყოს, სრულიად გულწრფელი ვიქნები და ვეცდები ზოგადად ვთქვა, რისი თქმაც მინდა.

დაკვირვებიხართ, დღეში რამდენ ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც ძალიან გვინდა ვუთხრათ “წადი შენი!” მაგრამ არ ვეუბნებით, რადგან ჯერ კიდევ ვიტანთ და ჯერ კიდევ შეგვრჩენია ნერვები მათ დასაიგნორებლად ან გასანეიტრალებლად. ასევე თავს ვიკავებთ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ გვაწყობს ასე. დიახ, საკუთარი კეთილდღეობისათვის გვჭირდება მათთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება.

საინტერესო ის არის, რის მიხედვით არჩევენ ადამიანები ისეთ პატივსაცემ პირებს, რომლებზეც თავს ვალდებულად თვლიან, რომ “ულოკონ”, მთელი მონდომებით ეტენონ და ფინია ძაღლებივით სდიონ? საშინელებაა, როცა ვინმეზე ისე ხარ დაქვემდებარებული, რომ იძულებული ხდები ასე მოიქცე, თუ არ გინდა ფატალური შედეგით დაასრულო საკუთარი ცხოვრება-მოღვაწეობა. მაგრამ როცა საქმე უბრალო, ჩვეულებრივ მოკვდავს ეხება, რომელიც სრულიად გაუგებარია რას წარმოადგენს და არც იმდენი დამსახურება აქვს, რომ თავს ვალდებულად გრძნობდე , რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ 24 საათი იმ ობიექტის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად იღვწოდე? მგონი ათასგვარი კომპლექსის ბრალია ყველაფერი. ამას რბილად ვამბობ, თორემ უფრო მწარე ვერსიებიც გამაჩნია.

მე მაინც ძალიან მიჭირს ამის გაგება და მიხარია, რომ ოდესმე ვისაც მომინდება იმას ვეტყვი ზემოხსენებულ ფრაზას და დარწმუნებული ვიქნები, რომ ეს არასოდეს გამიხდება სანანებელი!

უკვე 11 იანვარია და მე კი მხოლოდ 3 დღის წინ მივხვდი, რომ ახალი წელი დაიწყო. არ ვიცი რა სჭირს ჩემს კალენდარსა და საათს. უფრო სწორად, ჩემს პირად დროის მექანიზმს, რომელიც თითქოს ორ განზომილებაში მოძრაობს. ერთში ძლივს მიიზლაზნება, მეორეში კი ისე გარბის, თვალის შევლებასაც კი ვერ ვასწრებ. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ერთიდან მეორეშო ისე შეუმჩნებლად გადავდივარ, თვითონაც ვიბნევი და აღარ ვიცი რა მოვიმოქმედო. როცა დაბნეული ვარ, ერთადერთი გამოსავალი  ყოველთვის თავის დაღწევა და წასვლა მგონია. აი, ასე ხდება გამოთიშვა, რომელიც მაიძულებს რამდენიმე დღის განმავლობაში თვალით არავის დავენახვო.

2011 რომ მიდიოდა, კალენდარს დავხედე, რომელზეც გამოცდების თარიღები, ვარჯიშის განრიგები და ორთოდონტთან ვიზიტის დღეები მქონდა მონიშნული და მომინდა ნაფლეთებად მექცია. უაზრობის გრძნობის ასეთი შემოტევა ოდნავ უფრო ხშირად რომ მემართებოდეს, ალბათ უკვე საკუთარი დაკრძალივის ხარჯების თვლას დავიწყებდი. თუმცა რა? კიდევ ერთი წელი გავიდა და მოვიდა მომდევნო, რომელიც წინამორბედზე 1 დღით დიდი იქნება. მერე კიდევ სხვა წელი მოვა, მერე კიდევ სხვა.. ბოლოს და ბოლოს, სულ ერთი და იგივე გზაზე სეირნობაც მობეზრდება ადამიანს…

არა, არ მომბეზრებია, უბრალოდ დავიღალე, რომ ამდენი ხანია აქ ვარ ერთი ისეთი საქმეც არ გამიკეთებია, რომელიც ვინმესთვის რამეს შეცვლიდა.

მე – მთვრალი

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ალკოჰოლის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება მაქვს. ვერ ვიტან მთვარლი ადამიანების გარემოცვაში ყოფნას და ჩემი თავის წარმოდგენაც კი მზარავს ამ მდგომარეობაში. უფრო ზუსტად რომ ჩამოვაყალიბო, ალკოჰოლს რამდენიმე მიზეზიის გამო არ ვეკარები.

1. ისევ და ისევ, სიმთვრალისადმი ზიზღი. არ მინდა მათ დავემსგავსო, ვინც ალკოჰოლის გამო ჭკუას კარგავენ.

2. შიში – არასოდეს დავმთვრალვარ, ამიტომ არ ვიცი რისი ჩამდენი ვარ ამ დროს. მეშინია რამე სისულელე არ ჩავიდინო, ვინმე არ შემომაკვდეს.

3. ისევ შიში იმისა, რომ ცუდად არ გავხდე და არც არსოდეს მაქვს იმის იმედი, რომ ვინმე სახლში მიმიტანს.

 

სამაგიეროდ, როცა სახლში ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელსაც ღვიძავს და არც ეძინება, აღარ იცი, როთ გაერტო ადამიანი. ამიტომ, კარადას გამოვაღებ, სადაც გუშინდელ დარცენილ შამპანურის ბოთლს ვიპოვნი, რომელიც ჯერ კიდევ ნახევრად სავსეა. ჭიქის შებნას აზრი არ აქვს, რადგან ბოთლიც მშვენივრად გამოდგება სასმისად.

შედეგი: –  თვალთახედვის დაბინდვა – საგნიდან საგანზე მზერის გადატანის გაძნელება, თავის სიმძიმე, უაზრო სიცილი და გონებაში აკვიატებული ფრაზა “მე მთვარლი არ ვარ”.

წარმოდგენა არ მაქვს, რა ენაზე დავწერე ეს პოსტი, სამაგიეროდ ვიცი, რომ სახლის გარეთ არასოდეს დავლევ, რადგან ოთახიდან ოთახში გასვლის თავიც კი არ მაქვს. შეიძლება იმიტომ რომ მეძინება, მაგრამ სინამდვილეში, მეშინია კედელს არ შევეჯახო. ჰო, კიდევ, ახლა ენის გასატეხების თქმა ვცადე და ვერც ერთი ვერ ვთქვი ნორმალურად. ვერც ვმღერი და ვერც ვაზროვნებ.

 

მთავრია, რომ საზარელ მონსტრად არ გადავიქეცი და არავინ შემომაკვდა. აწი ვიცი, რომ აე აღარასოდეს მოვიქცევი!

ვერიფიკაცია

მინდოდა, დეკემბრის ბოლო დღეს დამეწერა ეს პოსტი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ დარჩენილი 48 საათი მაინც არაფერს შეცვლის, ამიტომ ახლავე დავიწყებ შეჯამებას ამა წლისა.

პოზიტივის შემოსატანად, სულაც არ ვაპირებ დავიწყო მტკიცება, რომ 2011 გადასარევი წელი იყო, რომელმაც უამრავი სიახლე და წარმატება მომიტანა. არც წუწუნს მინდა მოვყვე, თუმცა კი ახლა დაახლოებით იმ მდგომარეობაში ვარ, ლექტორს რომ ცუდი ნაწერი აქვს შესასწორებელი, მთლად გასანულებლადაც რომ ენანება და მიზეზებს რომ ეძებს, თითო ქულის დასაწერად. მიყვარს ასეთი შედარებები. საბოლოოდ, გასული წლის შეფასება რომ დავიწყო, ჯერ ყველა ფაქტორი ცალ-ცალკე უნდა გავიხსენო, რაც არც ისე მარტივია, ამიტომ ისევ შედარებებს გამოვიყენებ. ბოლო დროს სულ შედარებებს უკავია ჩემი გონება. ასე ვცდილობ რეალობა გავამატრივო და უფრო ეფექტიანად ვიმოქმედო.

ახლა გადავწყვიტე, რომ მთელი წლის ცხოვრება ერთ რეგრესიის განტოლებას შევადარო, რომელშიც შედეგობრივი ცვლადი რამდენიმე ფატორზეა დამოკიდებული. ამიტომ, ჯერ ცალკეული ფაქტორების შეფასება და მნიშვნელოვნების დადგენაა საჭირო. Read the rest of this entry

დაკარგულები

ბოლო დროს დავასკვენი, რომ რაც უფრო ხშირად ვკითხულობ ბლოგებს, მით უფრო მეტად მიჩნდება წერის სურვილი. წინა პოსტის მსგავსად, ამ პოსტის იდეაც ნინიტომ შთამაგონა.

ვინ დაითვლის, დღეში რამდენ ადამიანს ვეკონტაქტებით თითოეული ჩვენგანი. ხან მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლებით, ხანაც ერთი საათი ისე გადის საუბარში, რომ ვერც კი ვამჩნევთ. ყოველთვის ასეა, მხოლოდ სუბიექტები იცვლებიან.

ახალი ვინდოუსის ჩაწერის შემდეგ, როგორც იქნა, სკაიპის დაინსტალირებასაც დავაყენე საშველი. აღარც ვიცი რაში მჭირდება, ნახევარმა ისედაც წამშალა, რადგან იშვიათად შევდივარ. ახლა კი მხოლოდ 9 კონტაქტია ხაზზე, ამათგან 5 ვერც ვიცანი ნიკზე. დანარჩენი ოთხიდან, ერთი ახალი ნაცნობია, რომელიც იმიტომ დავამატე, რომ რაღაც ფოტოები უნდა გამეგზავნა. მეორე ძველი მეგობარია, რომელთან ერთადაც მათემატიკაში ვემზადებოდი. მესამე ჩემი ბიძაშვილია, რომელსაც შეყვარებული ჰყავს საზღვარგარეთ და მთელი დღე სკაიპით ელაპარაკება. ეს მეოთხე კი ყოფილი კლასელია, რომელთან ერთადაც 6 წელი ვიჯექი ერთ მერხთან. მახსოვს, ერთ მოსაწყენ გაკვეთილზე, მერხზე თავჩაღუნულები ვისხედით და ვწუწუნებდით, როგორ გვეძინებოდა და ვოცნებობდით, სკოლა მალე დაგვემთავრებინა, რომ იმდენი გვეძინა, რამდენიც მოგვინდებოდა. “ნეტავ რა მოხდება, როცა სკოლას დავამთავრებთ” – მგონი უკვე მეათასეჯერ მკითხა, მე კი, როგორც ყოველთვის თვალები ჭერს ავაპყარი და ვარაუდების კორიანტელი დავაყენე. ყველა გეგმაში შედიოდა, რომ ისევ ასე, ერთად უნდა ვყოფილიყავით, ერთად უნდა გვევლო უნივერსიტეტში, სადაც ერთ ფაკულტეტზე ჩავაბარებდით და ისევ გვერდიგვერდ დავსხდებოდით.

ახლა კი რეალობა ისაა, რომ უყოყმანოდ ვაჭერ sign out-ს და სკაიპს გულგრილად ვთიშავ. მეორე დღეს, ლექციის დაწყების მოლოდინში, აუდიტორიასთან მდგარი, შემთხვევით ნაცნობ სახეს ვამჩნევ. ერთმანეთს ვუღიმით და როგორც საერთოდ ხდება, გულთბილად მოვიკითხავთ.

  – შენც ახლა მოხვედი? რა ლექცია გაქვს?

 - მენეჯმენტი, შენ?

 - მე მარკეტინგი. უი, წავედი წავედი, მოვიდა ლექტორი…

ასე ქრებიან და იკაგებიან ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ისე ახლოს იყვნენ, ვერავინ წარმოიდგენდა თუ ოდესმე მხოლოდ დრო გახდებოდა დაშორების საბაბი. დაშორება კი ისე ბუნებრივად და უმტკივნეულოდ ხდება, მხოლოდ გვეღიმება და ოდნავ გვენანება კიდევაც ერთმანეთი. არც საერთო რჩება რამე და არც წარსულის მოგონებები გამოდგება მეგობრობის ინერციით გასაგრძელებლად. მორჩა, ის წავიდა..

ზეგავლენა

ხომ ვამბობდი? აი, ხომ ვამბობდი… ვამბობდი, ვამბობდი…

კაი, არ მითქვამს, მაგრამ ხომ ვფიქრობდი? მართლა ვფიქრობდი, უბრალოდ თქმა დამავიწყდა.

ასე მემართება სულ. რამე ფიქრს, ვარაუდს ან შიშს ავიკვიატებ და თუ გამართლდა, მერე გავიძახი, რომ ამას დიდი ხნის წინ ვეჭვობდი და არავინ დამიჯერა. მაგრამ ვინ დამიჯერებდა, როცა არაფერიც არ მითქვამს და არც არაფერი მახსოვს კონკრეტულად? ამიტომ, ასე რომ არ მოხდეს, ბლოგზე დავწერ და აქ იყოს, დამამტკიცებელ საბუთად.

ახლა რამ შეაწუხა ჩემი სათუთი ნერვები: ის ანდაზა ხომ იცით, “ხარი ხართან რომ დააბაო…”? დიდი ხნის განმავლობაში ოდნავადაც არ მჯეროდა მისი ჭეშმარიტება, რადგან რაც საკუთარ თავზე არ გამომიცდია, რეალურად ვერასოდეს აღვიქვამ. რა ვქნა, ჩემს სქელ კანში ვერ აღწევენ გადამდები დაავადებები და სულ წითელ საღებავში რომ მაბანავო, მაინც მწვანედ დავრჩები. სამაგიეროდ, რაღაც საპირისპირო მჭირს, რაც არ ვიცი ცუდია თუ კარგი, მაგრამ ძალიან მაშინებს.

არასოდეს მდომებია, ვინმეზე რამე ზეგავლენა მქონოდა. განსაკუთრებით ახლოსაც არავისთან ვყოფილვარ, თუმცა ხშირად ვამჩნევ, როგორ მემსგავსება ზოგიერთი მეგობარი თუ სხვა ახლო პირი. სულ არ ვარ წინააღმდეგი, თუ ვინმე ჩემს ენაზე იმეტყველებს ან ჩემსავით მოიქცევა, მაგრამ შემთხვევით რომ მავნე ზეგავლენა მოვახდინო, ვერაფრით გადავიტან. ეს იგივეა, ვინმეს არასწორი რჩევა მისცე. მერე პასუხისმგებელიც შენ ხარ, კისერი თუ მოიმტვრია. ამიტომ, ცოტა ხნით ვქრები ხოლმე, სანამ “საინკუბაციო” პერიოდი გადაივლის.

მავნე ზეგავლენასაც რომ თავი დავანებოთ, ვერ ვიტან აღრევებს და სახეების ერთმანეთში ისე აზელას, პირადი ნომრის გარდა რომ აღარაფერი გამოდგება საიდენტიფიკაციოდ.

My New Love ♥

გამოცდები დასრულდა, მარი თავისუფალია!

როგორც იქნა, ამოვთქვი. 3 კვირის განმავლობაში, კბილების კრაჭუნით ველოდი იმ მომენტს, როცა ყველა გამოცდას მოვიშორებდი დამშვიდებული სინდისით შევძლებდი გარეთ გასვლას, კომპთან ჯდომას ან პოსტის წერას. პოსტი დიდი ვერაფერი. ბოლო დროს, მხოლოდ იმ პრინციპით ვწერ, რომ “მეც აქა ვარ” და არ მოვმკვდარვარ.

მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ პოსტსაგამოცდო რეაბილიტაციას გავდივარ და აწი შემიძია მშვიდად ვიძინო, რამდენიც მინდა. სხვათა შორის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნებაყოფლობითი ინსომნია დავიმართე და მივხვდი, რომ ძილის გარეშე არც ისე მიჭირს ცხოვრება, როგორც აქამდე წარმომედგინა. დიდი ამბავი, თუ კითხვის დროს, ფურცლებზე ფერადი ლაქები მელანდება, ან  საჭმლის გემოს ვერ ვგრძნობ. ახლა, ერთი სული მაქვს, მეგობრები მოვინახულო (ვისაც სცალია (!) ), ამასობაში კი სერიალების ყურებითა და მუსიკის მოსმენით ვირთობ თავს. ჰო, სერიალები ვთქვი, არ მოგჩვენებიათ. უკვე მეშვიდე წელია “კლონს” ვუყურებ და ვფიქრობ, მართლა ღირს დაგროვილი სერიების Myvideo-ზე ძებნა და უკვე მეოთხედ ყურება. მართალია, ეს რიმეიქი ორიგინალს ვერ შეედრება, მაგრამ მონატრების გასაქარწყლებლად მაინც გამომადგება.

ჰმ… ვატყობ, ამ დამაინტრიგებელი სათაურის თემიდან გადავუხვიე და ჯობია აღარ გაწვალოთ. ჰოდა, ბოლოდროინდელი მოწყენილობისა და გაუთავებელი კვლევა-ძიების შემდეგ, როგორც იქნა ახალი სიყვარული მეწვია :] რას ვგულისხმობ? Read the rest of this entry

რასა ვიქმ (ნოემბერი)

ბავშვობაში მეგონა, რომ ბევრს მხოლოდ დებილები კითხულობდნენ. ჭკვიანებს ეს არ სჭირდებოდათ, რადგან ისედაც ყველაფერს იოლად იგებდნენ და აღარ უწევდათ წიგნებში ზედმეტი კირკიტი. სულ მიკვირდა იმ კლასელების, რომლებიც გასართობად არასოდეს ჩამოდიოდნენ ეზოში, რადგან ეშინოდათ, რომ მეცადინეოაბს ვეღარ მოასწრებდნენ. თითო გაკვეთილის სასწავლად 3-4-ჯერ წაკითხვა სჭირდებოდათ. მე კი ერთი წაკითხვით, ყველაფერს ზედმეტი ბოდიალის გარეშე ვაბარებდი და შვენიერ შეფასებებსაც ვღებულობდი. ერთადერთი საგანი, რომელსაც ბევრ დროს ვუთმობდი, მათემატიკა იყო, ისიც იმიტომ, რომ თეორიული ნაწილის წაკითხვას არასოდეს ვკადრულობდი და ჩემით მიხვდრაში და ტვინის ჭყლეტაში დიდი დრო მეხარჯებოდა. “ამდენი სისულელე თუ წაიკითხა, დებილიც კი გაიგებს”  - პრინციპით განვვლე მთელი 14 წელი.

მერე დაიწყო უნივერსიტეტი. მახსოვს,  როგორ დამცხა, როცა პირველად დავინახე “ეკონომიკის პრინციპების” სახელმძღვანელო და გავიგე, რომ სულ ორ სემესტრში უნდა მომესწრო მისი სწავლა. ასეთი იყო ყველა წიგნი, მაგრამ გამოცდების ჩასაბარებლად მალე ორი მშვენიერი მეთოდი შევიმუშავე: Read the rest of this entry

ტრაექტორია

კვირის განმავლობაში, საშუალოდ 10 საათს მგზავრობაში ვატარებ. არ ვიცი, ვისთვის არის ცოტა 10 საათი, მაგრამ ჩემთვის კი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ  მარკეტინგის 30-ვე საკითხი საფუძვლიანად მოვამზადო, შუალედური გამოცდისათვის. სულ რომ არაფერი, გემრიელად გამოძინებას მაინც მოვახერხებ და მერე საწუწუნო აღარ მექნება, შეუძლოდ ვარ-მეთქი. მგზავრობისას კი 10 საათი ისე იკარგება, თითქოს არც ყოფილა. მუსიკის მოსმენაა ერთადერთი სარგებელი, რაც ამ დროში შეიძლება მიიღო. აი, ყოველ დღე ასე ვტკეპნი უამრავ ქუჩას. მოძრაობის ტრაექტორია იმდენად ჩახლართულია, რომ თვითონაც ძლივს დავიმახსოვრე: გურამიშვილი, დადიანი, ჩიტაია, კლდიაშვილი, წინამძღვრიშილი, თამარ მეფის გამზირი, კოსტავა, პეკინი, ვაჟა-ფშაველა, ქავთარაძე, სანდრო ეული, უნივერსიტეტის ქუჩა… და ბოლოს ვაცნობიერებ, რომ ზედმეტად შორი გზით ვმოძრაობ, როცა პირდაპირი მარშუტით ოჯერ უფრო სწრაფად მივაღწევდი დანიშნულების ადგილამდე. თავის გასამართლებლად ისევ ანდაზას მოვიშველიებ: “შორი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო” (რამდენი ხანია ანდაზები არ განმიხილავს :D )  მაგრამ შემოვლითი გზა ყოველთვის ამართლებს ვითომ? ხომ შეიძლება დაგაგვიანდეს, ან დაგავიწყდეს, საით მიდიოდი და სადმე, სხვაგან გადაუხვიო, ან დაიკარგო და ვეღარ გააგნო.. მოკლედ, მაინც მგონია, რომ შემოვლითი გზით სიარულს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა პირდაპირი გზა ჩახერგილია, ან ვინმეს აქვს მითვისებული, ან საშიშია…

არ ვიცი, ვინმე თუ გაიგებს, რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით, რადგან ესეც შორი გზით სიარულის ერთ-ერთი მაგალითია და უკვე კომპასი მჭირდება აზრის დასასრულებლად :D ამიტომ, დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია, ვისაც ორიენტირება არ გიჭირთ :)

“12-დან 3-მდე” და “Secret Garden”

მორიგი დაუგეგმავი პოსტის დაწერას ვაპირებ და თანდათან ვატყობ, როგორ არ მემორჩილებიან აზრები და როგორ ვცდილობ სათქმელს თავი ისე მოვუყარო, ჩემ გარდა კიდევ ვინმესთვის გახდეს გასაგები. აი, რა ცუდი ყოფილა გადაჩვევა, ყველაფერს გადაჩვევა და სიჩუმე. ბოლო დროს, იმდენად ჩუმად ვარ, საკუთარ თავსაც კი აღარ ველაპარები :D ჰო, ფიქრსაც გადავეჩვიე, დავიღალე… სამაგიეროდ, თავი უფრო ნაკლებად მტკივდება და უფრო ყურადღებით ვმეცადინეობ. სულ რომ არ გადავგვარდე და საკუთარი თავი ისევ ვიცნო, მუსიკას ვუსმენ, ჩუმ-ჩუმად ვღიღინებ და “ბუნების წიაღში” ვსეირნობ, ჩემებურად, ასფალტზე ფეხების ბარტყუნით. ზოგჯერ, სიარულ-სიარულში ყველა ფლეილისტს რომ ბოლომდე მოვუსმენ, საშინლად ვიბნევი. მგონია ხოლმე, რომ რესურსები ამომეწურა და უკვე ყველაფერი მოსმენილი მაქვს, რაც მომწონს. მერე სასოწარკვეთა მიპყრობს, როცა გავიფიქრებ “რა მუსიკა უნდა დაიწეროს კიდევ ისეთი, რაც აქამდე არ დაწერილა, ან ვინ უნდა იმღეროს ისე, აქამდე რომ არ უმღერიათ?..” არადა, ვიცი, უკეთესზე უკეთესი მაინც არ დაილევა, მაგრამ მე რომ მომეწონოს, ისეთი იქნება განა? მე ხომ სუბიექტური ვარ და ჩემი კრიტერიუმებით ვაფასებ ყველაფერს. Read the rest of this entry

მენანება…

ზოგჯერ მეჩვენება, რომ დროში ვირევი. ხან მგონია, რომ ფეხდაფეხ მივდევ, ხან კი ვატყობ, რომ რაღაც შემეშალა და ვეღარ ვხვდები, თვითონ ჩამომიტოვა თუ მე გავუსწარი. როგორც არ უნდა იყოს, მგონი ასე არასოდეს დამნანებია, თითოეული უყურადღებოდ გასული წამი, როგორც ახლა მენანება. საკვირველია, ზოგჯერ იცი, რომ რაღაც მთავრება და აღარ იქნება და ამას ვერც აცნობიერებ, იმდენად ხარ შეგუებული. აი, როგორც ახლა, ბახ! და უკვე ზამთარი მოდის, უკვე ისე აცივდა, არადა მზის დანახვაც მერ მოვასწარი წესიერად.

ახლა კი მიკვირს, მაგრამ ცოტა ხნის წინ, მეგობრებს რომ ვნახავდი, მხოლოდ მაშინღა მახსენდებოდა, რომ უკვე 2-3 კვირის უნახავები მყავდნენ და მენატრებოდნენ. უკვე რამდენი რამე არ ვიცოდი მათზე… მერე კიდევ ვინმე შემოვიდოდა Good Food-ში და ასე შევიკრიბებოდით ყველანი ერთად, ვითომც არაფერი, ვითომ ისედაც სულ ასე იყო… მერე ყველა ერთად აპროტესტებდა, ფოტოაპარატს რომ მოვიმარჯვებდი, მერე ზოგი მთხოვდა, ამ ფოტოზე ცუდად ვარ და წაშალეო…  მე კი არაფერს ვშლიდი ჩემი ნებით. ყველა ფოტოს საგულდაგულოდ ვინახავ, თითქოს დიდ შედევრებს ვიცავდე, ან ფოტოგრაფიისა გამეგებოდეს რამე. უბრალოდ, ამ მეთოდით ვცდილობ რამდენიმე წამის ჩემთვის დატოვებას. ასე იმიტომ ვიქცევი, რომ მენანება ყველა ის წამი, რომელიც ისე გადის, ვითომც არ ყოფილა. არადა, რამდენი წამი და დღე გასულა, როცა ჩემს მეგობრებთან უნდა ვყოფილიყავი, ან ვინმეს ვჭირდებოდი, მე კი სად ვიყავი? არსადაც არ ვყოფილვარ. დავძრწოდი ჩემთვის, დაუნანებლად ვხარჯავდი უამრავ დროს და ასე გამოვტოვე ყველაფერი.

დღეს არ ვიცი რა შეიცვალა, მაგრამ რაღაც კი აშკარად შეიცვალა, თუნდაც იმიტომ, რომ ამას ვამბობ და ვფიქრობ. არ ვიცი ახლა რამდენად უკეთესად (ან უარესად) ვიქცევი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისე ვიქცევი როგორც შემიძლია.

გაუფრთხილდით დროს. არ გაუშვათ დღეები ისე, თითქოს არც ყოფილან, იმ იმედით, რომ ხვალ აინაზღაურებ, რაც დღეს გააცდინე. თუმცა, სინანულიც არასოდესაა გვიან, სანამ ცოცხალი ხარ :D

ბლოგერობის 2 წელი

აჰა, ისევ მავიწყდებოდა… იმდენად არ მეხერხება დაბადების დღეების მილოცვა, რომ საკუთარი ბლოგის 2 წლის იუბილეც კინაღამ აღუნიშნავი დამრჩა.

რა მაგარია, მე 20 წლის ვარ, ჩემი ბლოგი – 2-ის. მე კირჩხიბი ვარ, ეს – მორიელი. ვგავართ ხომ რაღაცით? :D

დიახ, 25 ოქტომბერი ის დღეა, როცა გადავწყვიტე, ჩემი ინტერნეტ-ცხოვრებისათვის კიდევ ერთი ფუნქცია – პოსტების წერა შემემატებინა. აგერ, უკვე 2 წელია ვბლოგერობ და საბოლოო ჯამში, 330 პოსტი და 115 დრაფტი ეკუთვნის ჩემს კალამს კი არა და, კლავიატურას :)

ამასობაში, ბლოგერულ ცხოვრებასაც მივეჩვიე, ვკითხულობ უამრავ პოსტს, დროდადრო RSS feed-ებს ვანახლებ რიდერში და ვცდილობ არაფერი გამოეპარის ჩემს თვალთახევას (სხვა საკითხია, რამდენად გამომდის). მართალია, ბოლო დროს მომრავლებულ ბლოგების ერთმანეთისაგან გარჩევა მიჭირს, მაგრამ თითქმის უკვე ყველგან მოვასწარი საკუთარი IP-ის დაფიქსირება და ვფიქრობ, რამდენიმე მათგანი ჩემი ამოჩემებული ბლოგების სიაშიც შევა, რომლებსაც ყოველთვის ბეჯითად ვადევნებ თვალ. ისე, ვრცელი პოსტების კითხვას ძალიან მოვუკელი. მაინტერეებს ხოლმე, მაგრამ არც ნერვები მყოფნის მათს ბოლომდე წასაკითხად და არც თვალები მემოჩილება, ამიტომ ერთი კარგი მეთოდი შევიმუშავე: პოსტს სწრაფად ჩამოვსკროლავ ხოლმე და თითოეული ხაზიდან ერთი თვალის შევლებით ვცდილობ აზრის გამოტანას. თუ რამე საინტერესო შემხვდა, ვჩერდები და ყურადღებით ვკითხულობ.

აი, სულ ესაა ჩემი ბლოგერული ცხოვრება, ამ ეტაპზე. ვიმედოვნებ, კიდევ დიდხანს არ მომბეზრდება წერა და ჩემი ბლოგიც მუდამ იმწვანებს :)

ოპტიმიზმი და ოცდამეათე მგზავრი

ყველაზე საშიში ადმიანი, ალბათ სიკვდილმისჯილი პატიმარია. იცის, ვერსად გაიქცევა და იძულებულია ბედს დაჰმორჩილდეს მანამ, სანამ გადარჩენის სულ მცირე იმედს არ მისცემს ვინმე. სასოწარკვეთილ ადამიანს ყველაზე იოლად დააჯერებ, რისი დაჯერებაც უნდა. ყველაფერი შეგიძლია გააკეთებინო. საითაც გინდა, იქით წაიყვან და ისიც უსიტყვოდ გამოგყვება. დასაკარგი მაინც არაფერი აქვს და ურჩევნია იმედი მაინც ჰქონდეს, რითაც ცხოვრებას გააგრძელებს. საკუთარ თავს თუ არა, ეგებ ვინმეს მაინც გამოადგეს რამეში. საშინელებაა სასოწარკვეთა, მაგრამ რა აზრი აქვს, საპნის ბუშტზე დაამყარო მთელი იმედები, რომელიც საჰაერო ბურთად ვერასოდეს გადაიქცევა? თუმცა, ხომ გაგიგია, მთავარია გჯეროდეს და ყველაფერი გამოვაო? ჰოდა გვჯეროდეს! დაე ყველამ ბეჯითად დავიჯეროთ, რაც გვინდა და ასეც იქნება… აი, ისე უნდა დავიჯეროთ, როგორც ამ ოცდამეათე მგზავრს, ყვითელ სამარშუტო ტაქსში, კართან მიჭყლეტილი რომ დგას, ყოველ გაჩერებაზე ჩასვლა და ყველას გატარება უწევს, მერე 80 თეთრს რომ გადაიხდის და მთელი გულით სჯერა, რომ კომფორტულად მგზავრობს ახალი მიკროავტობუსით.

გჯეროდეთ და იყავით ბედნიერები… :) :|

რასა ვიქმ (ოქტომბერი)

უკვე შუა შემოდგომაა. ოქტომბრის ნახევარი ისე გავლიე, რომ თითქმის არც დამიწუწუნია არაფერზე. ჰო, ფოთლები ჩამოცვივდა, ცივა, ჭექა-ქუხილმაც კინაღამ გული გამიხეთქა წეღან. პარალიზებულივით ვზივარ, თბილად შეფუთნილი და ცხვირი ისე მაქვს მოყინული, თითქოს ახლახანს თოვლში ვიყავი სასეირნოდ გასული. საქმეებიც მოვილიე, “ეკონომიკური პოლიტიკის” ყველა კითხვას გავეცი პასუხი და დავიმახსოვრე, ხვალ სემინარზე მექნება დასაწერი. სახელმძღვანელო ისეთივე სასაცილოა, როგორიც შარშანდელი “საერთაშორისო ბიზნესის” კონსპექტები და შარშანწინდელი “ბიზნესის საფუძვლები” იყო. წინადადებიდან შინაარსის გამოსატანად, ჯერ იმაზე ვფიქრობ, როგორ ეწერებოდა ეს ინგლისურ ორიგინალში და სად მთავრდება მისი აზრი, რადგან სასვენი ნიშნების დასმაზე ალბათ არავის უზრუნია (მთავარი ხომ შინაარსია). ბიბლიოთეკას ისევ ძველებურად ვსტუმრობ. რამდენიმე წიგნს მოვითხოვ და 5 წუთში უკან ვაბრუნებ, რადგან მასალა ფოტოაპარატით გამომაქვს და მერე PDF-ში ვაკონვერტებ ფოტოებს. იმედია ასე მომავალ თაობებსაც გავუწევ სამსახურს, რადგან ელ-წიგნებზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა გვაქვს სტუდენტებს. აი, ასე “ვპირატობ”, მაგრამ როცა წიგნის ხარისხი და ფასი არ შეესაფამება ერთმანეთს, იძულებული ხდები ეშმაკურ მეთოდებს მიმართო, რაც მაღლივში არავის უკვირს :D Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 228 other followers