Monthly Archives: January 2012
მოიტა მახათი (ანუ მორიგი გატაცება)
არ ვიცი რატომ, მაგამ რაც თავი მახსოვს, სულ რაღაც ახალი სტიქიებით ვარ გატაცებული. შეიძლება ეს ჩემი მოუსვენრობითა და ცნობისმოყვარეობითაა გამოწვეული თუ უბრალოდ ბუნების კანონია, მაგრამ ვერ ვიხსენებ პერიოდს, როცა რამე არ მქონია ამოჩემებული და მთელი გონებით არ ვყოფილვვარ მასზე გადართული. ამიტომ იყო რომ ბავშვობაში კინაღამ კარატეზეც დავიწყე სიარული. ცეკვა, მუსიკა, ათასნაირი წრეები და სტუდიები მქონდა მოვლილი. მერე მათემატიკაზე ჩავიციკლე, რამდენიმე წელი წიგნების აქტიურ კითხვასაც მივყავი ხელი (რაც წამიკითხავს, თითქმის ყველაფერი იმ დროის დამსახურებაა). 14 წლის ასაკში დაახოებით 7 კილო მოვიმატე წონაში, რადგან კულინარიით ვიყავი გატაცებული და დეგუსტატორის მოვალეობასაც აქტიურად ვითავსებდი. მერე ჯანსაღი ცხოვრების წესი ავირჩიე და 2 წელი თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი. Read the rest of this entry
?????
არ ვიცი, ღამის ოთხ საათზე რატომ უნდა დაიწყოს ადამიანმა მორიგი პოსტის წერა, როცა მეორე დღეს, სისხამ დილითაა წამოსახტომი და მთელი დღე, მინიმუმ 6 საათი, უაღრესად დაძაბულ სიტუაციაში აქვს გასატარებელი. მიზეზი კი ისაა, რომ რაღაცები არ მესმის. ან მესმის და ძალიან არ მომწონს. ყოველ შემთხვევაში, დაბნეულობას აქვს ადგილი და არ ვიცი რით გამოვხატო საკუთარი შეშფოთება. რაც არ უნდა იყოს, სრულიად გულწრფელი ვიქნები და ვეცდები ზოგადად ვთქვა, რისი თქმაც მინდა.
დაკვირვებიხართ, დღეში რამდენ ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც ძალიან გვინდა ვუთხრათ “წადი შენი!” მაგრამ არ ვეუბნებით, რადგან ჯერ კიდევ ვიტანთ და ჯერ კიდევ შეგვრჩენია ნერვები მათ დასაიგნორებლად ან გასანეიტრალებლად. ასევე თავს ვიკავებთ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ გვაწყობს ასე. დიახ, საკუთარი კეთილდღეობისათვის გვჭირდება მათთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება.
საინტერესო ის არის, რის მიხედვით არჩევენ ადამიანები ისეთ პატივსაცემ პირებს, რომლებზეც თავს ვალდებულად თვლიან, რომ “ულოკონ”, მთელი მონდომებით ეტენონ და ფინია ძაღლებივით სდიონ? საშინელებაა, როცა ვინმეზე ისე ხარ დაქვემდებარებული, რომ იძულებული ხდები ასე მოიქცე, თუ არ გინდა ფატალური შედეგით დაასრულო საკუთარი ცხოვრება-მოღვაწეობა. მაგრამ როცა საქმე უბრალო, ჩვეულებრივ მოკვდავს ეხება, რომელიც სრულიად გაუგებარია რას წარმოადგენს და არც იმდენი დამსახურება აქვს, რომ თავს ვალდებულად გრძნობდე , რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ 24 საათი იმ ობიექტის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად იღვწოდე? მგონი ათასგვარი კომპლექსის ბრალია ყველაფერი. ამას რბილად ვამბობ, თორემ უფრო მწარე ვერსიებიც გამაჩნია.
მე მაინც ძალიან მიჭირს ამის გაგება და მიხარია, რომ ოდესმე ვისაც მომინდება იმას ვეტყვი ზემოხსენებულ ფრაზას და დარწმუნებული ვიქნები, რომ ეს არასოდეს გამიხდება სანანებელი!
…
უკვე 11 იანვარია და მე კი მხოლოდ 3 დღის წინ მივხვდი, რომ ახალი წელი დაიწყო. არ ვიცი რა სჭირს ჩემს კალენდარსა და საათს. უფრო სწორად, ჩემს პირად დროის მექანიზმს, რომელიც თითქოს ორ განზომილებაში მოძრაობს. ერთში ძლივს მიიზლაზნება, მეორეში კი ისე გარბის, თვალის შევლებასაც კი ვერ ვასწრებ. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ერთიდან მეორეშო ისე შეუმჩნებლად გადავდივარ, თვითონაც ვიბნევი და აღარ ვიცი რა მოვიმოქმედო. როცა დაბნეული ვარ, ერთადერთი გამოსავალი ყოველთვის თავის დაღწევა და წასვლა მგონია. აი, ასე ხდება გამოთიშვა, რომელიც მაიძულებს რამდენიმე დღის განმავლობაში თვალით არავის დავენახვო.
2011 რომ მიდიოდა, კალენდარს დავხედე, რომელზეც გამოცდების თარიღები, ვარჯიშის განრიგები და ორთოდონტთან ვიზიტის დღეები მქონდა მონიშნული და მომინდა ნაფლეთებად მექცია. უაზრობის გრძნობის ასეთი შემოტევა ოდნავ უფრო ხშირად რომ მემართებოდეს, ალბათ უკვე საკუთარი დაკრძალივის ხარჯების თვლას დავიწყებდი. თუმცა რა? კიდევ ერთი წელი გავიდა და მოვიდა მომდევნო, რომელიც წინამორბედზე 1 დღით დიდი იქნება. მერე კიდევ სხვა წელი მოვა, მერე კიდევ სხვა.. ბოლოს და ბოლოს, სულ ერთი და იგივე გზაზე სეირნობაც მობეზრდება ადამიანს…
არა, არ მომბეზრებია, უბრალოდ დავიღალე, რომ ამდენი ხანია აქ ვარ ერთი ისეთი საქმეც არ გამიკეთებია, რომელიც ვინმესთვის რამეს შეცვლიდა.
მე – მთვრალი
ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ალკოჰოლის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება მაქვს. ვერ ვიტან მთვარლი ადამიანების გარემოცვაში ყოფნას და ჩემი თავის წარმოდგენაც კი მზარავს ამ მდგომარეობაში. უფრო ზუსტად რომ ჩამოვაყალიბო, ალკოჰოლს რამდენიმე მიზეზიის გამო არ ვეკარები.
1. ისევ და ისევ, სიმთვრალისადმი ზიზღი. არ მინდა მათ დავემსგავსო, ვინც ალკოჰოლის გამო ჭკუას კარგავენ.
2. შიში – არასოდეს დავმთვრალვარ, ამიტომ არ ვიცი რისი ჩამდენი ვარ ამ დროს. მეშინია რამე სისულელე არ ჩავიდინო, ვინმე არ შემომაკვდეს.
3. ისევ შიში იმისა, რომ ცუდად არ გავხდე და არც არსოდეს მაქვს იმის იმედი, რომ ვინმე სახლში მიმიტანს.
სამაგიეროდ, როცა სახლში ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელსაც ღვიძავს და არც ეძინება, აღარ იცი, როთ გაერტო ადამიანი. ამიტომ, კარადას გამოვაღებ, სადაც გუშინდელ დარცენილ შამპანურის ბოთლს ვიპოვნი, რომელიც ჯერ კიდევ ნახევრად სავსეა. ჭიქის შებნას აზრი არ აქვს, რადგან ბოთლიც მშვენივრად გამოდგება სასმისად.
შედეგი: – თვალთახედვის დაბინდვა – საგნიდან საგანზე მზერის გადატანის გაძნელება, თავის სიმძიმე, უაზრო სიცილი და გონებაში აკვიატებული ფრაზა “მე მთვარლი არ ვარ”.
წარმოდგენა არ მაქვს, რა ენაზე დავწერე ეს პოსტი, სამაგიეროდ ვიცი, რომ სახლის გარეთ არასოდეს დავლევ, რადგან ოთახიდან ოთახში გასვლის თავიც კი არ მაქვს. შეიძლება იმიტომ რომ მეძინება, მაგრამ სინამდვილეში, მეშინია კედელს არ შევეჯახო. ჰო, კიდევ, ახლა ენის გასატეხების თქმა ვცადე და ვერც ერთი ვერ ვთქვი ნორმალურად. ვერც ვმღერი და ვერც ვაზროვნებ.
მთავრია, რომ საზარელ მონსტრად არ გადავიქეცი და არავინ შემომაკვდა. აწი ვიცი, რომ აე აღარასოდეს მოვიქცევი!






