Monthly Archives: February 2012

Nothing Green

მესამედაც დავარეფრეშე და პოსტის წერას ვიწყებ. უფრო სწორად თავის მართლებას ვაპირებ იმის გამო, რომ არ ვწერ და ჩემს ბლოგს მალე ხავსი მოეკიდება. მოეკიდება და მოეკიდოს! ძალიანაც მოუხდება…

არა, სინამდვილეშძი ასე არ არის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმდენი დრაფტი დავწერე, იმათ გამოსაქვეყნებლად არც  გამბედაობა მეყოფა და არც კამათის ხასიათზე ვარ ვინმესთან. არადა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რამდენიმე წლის წინ, შემეძლო ერთხდროულად 10 ფორუმზე მეკამათა რაიმე საჭირბოროტო საკითხის შესახებ. მაგალითად, გლობალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვაში შემეძლო გამეთენებინა. ფორუმებზე, რა თქმა უნდა ყალბი ასაკით ვრეგისტრირდებოდი. არ მინდოდა ვინმეს გაეგო, რომ 16 წლის ლაწირაკი ვიყავი. მგონი აბიტურიენტობის დროს ყველას ძალიან ჭკვიანი ჰგონია  თავი. როცა ერთდროულად უამრავ რამეს სწავლობ და აანალიზებ, გონება მთელი დატვირთვით მუშაობს, აზროვნებაც სხვანაირად გეხსნება. არ დაგეზარება თითო სიტყვაზე გამოეკიდო ფორუმელს, მასწავლებელს ან ყველას, ვისაც რამეში არ ეთანხმები. ახლა კამათში ჩაბმა კი არა, მოსმენაც მეზარება.  რა შუაში იყო ახლა ეს? არაფერი, უბრალოდ ვცდილობ ავხსნა, რატომ გადავეჩვიე წერას.

ახალი კი არაფერია იმის გარდა, რომ არდადაგები მაქვს. 3 საგნის ქულას ჯერ ისევ ველოდები და ისტერიულად ვარეფრეშებ ბაზას. თან მიკვირს, როდის იყო მე ქულების ამბავი ასე მაღელვებდა, მაგრამ მგონი თავში რაღაც ამომიტრიალდა :D დილის ვარჯიშებიც ისევ განვაახლე. უკვე 5 წელია საკუთარ წონაზე არ მიდარდია და სულ არ მინდა ახლა ეს პრობლემა დამემატოს. ამ გამოცდების პერიოდში 6 ქილა შოკოლადისა და არაქისის კრემების გადასანსვლა მოვასწარი და ახლა ჩემმა სინდისმა განგაშის ზარი ამიტეხა. ჰო, კიდევ ქსოვასაც არ ვეშვები. იასამნისფერი ძაფები მოვაცუნცულე და მალე ამ ჟაკეტსაც დავამთავრებ. მშვენიერი საბაბი მაქვს, რომ გარეთ ფეხის გადგმა არ მომინდეს.

აჰა, მგონი რაღაც დავწერე და ახლა შემიძლია Publish-ს დავაჭირო. ხვალ დრაფტებს გადავხედავ იქნებ რამე ვიპოვო გამოსაქვეყნებელი თუ არა და ისევ საძიებო სიტყვებში დავიწყებ ქექვას :D

რასა ვიქმ (ზამთარი)

რამდენი ხანია “რასა ვიქმ” პოსტი არ დამიწერია… ვითომ ახალი არაფერი ხდება? ახალი არ ვიცი, მაგრამ რაღაც-რაღაცები კი ხდება. კარგი და ცუდი დღეები ერთმანეთს ცვლიან. საბოლოოდ ყველაფერი რეგულირდება და ნორმის ფარგლებში ჯდება. მე კი უკვე მივეჩვიე, რომ სიტუაცია რეგულარულად უნდა ვაკონტროლო, არც ალღოთი მართვაა ძნელი. უბრალოდ, იცი რაც არის საჭირო და ცდილობ ნავი იმ მხარეს შეაბრუნო, საითაც ყველაზე სწორი იქნება წასვლა.

ახლა გაგანია გამოცდებია. უკვ მეხუთე სემესტრს ვხურავ და წინ მხოლოდ 3 სემესტრი მელის. თავიდანვე მეშინოდა, რომ საბოლოოდ ისე დავამთავრებდი ბაკალავრიატს, აზრზეც ვერ მოვიდოდი, რა ვისწავლე და რა გამოვედი. უბრალოდ, დინებას მივყვებოდი. საქმე ისაა, რომ როცა პროფესიას ირჩევ, მთავარი არ არის ვინ გინდა გამოხვიდე, მთავარია რისი სწავლა გინდა. დღეს ბევრს უნდა პროგრამისტი იყოს, მაგრამ ჰკითხეთ ერთი, რამდენს ეხალისება მათემატიკისა და ელექტრონიკის სწავლა? მერე ხვდებიან, რომ ეს არ იყო მათი მოწოდება და ხელმოცარულები რჩებიან. ჰოდა, რაიმე გაურკვევლობაში რომ არ გავყო თავი, გადავწყვიტე მეორადი სპეციალობა (ბიზნესის ადმინისტრირება) მოვიხსნა და “თავისუფალ მოქალაქეობას” მივყო ხელი, რაც თავისუფალ კრედიტებზე გადასვლას ნიშნავს. ახლა შემეძლება კორპორაციული ფინანსების ნაცვლად საზოგადოებრივი გეოგრაფია ან ანალიზური გეომეტრია ვისწავლო. ჰო, კიდევ რაღაც ამბიციების განხორციელებაც დავიწყე, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ვიტყვი, თუ საქმის ბოლომდე მიყვანას შევძლებ.

მოკლედ, ასე! ახლა არაფერს ვუჩივი, დროის გარდა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ წამართვა და სადღაც, ჯერ კიდევ ახლო წარსულში გადაკარგა. ბევრი რამ მომაკლდა, რის გარეშეც ადრე წარმოუდგენელი მეგონა ცხოვრება. არც კი მახსოვს, ბოლოს როდის მეძინა ჯანმრთელი ადამიანივით. ეს არაფერია. უამრავი ადამიანი ცხოვრობს ასე და არაფერი ემართებათ.

საბოლოოდ, ახალი ჩემი ახალი პროექტის შესახებ გამცნობთ: რადგან ბოლო დროს ქსოვამ ძალიან გამიტაცა და ჯერ ამ აკვიატებისაგან თავის გათავისუფლებას არ ვაპირებ, ახალი, ძალიან მაგარი რამე მოვიფიქრე და უკვე ახალი, საკმაოდ ჩემეული პროექტიც დავგეგმე, რომელიც ახლოსაა კარტოგრაფიასთან. :)

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 267 other followers