Blog Archives
მე და ჩემი უსაქმურობა
დილით ისევ მოღრეცილი კისრის ტკივილმა გამაღვიძა. სანამ თვალების გახელას და ბალიშიდან თავის აწევას ვცდილობდი, ამასობაში ჩემი უსაქმურობაც გაიზმორა და რაღაც ამოილუღლუღა. ცოტა ხანს კიდევ დაიძინე, დღეს მაინც არაფერი გაქვს საქმეო. ჰოდა მეც დავუჯერე, სანამ კისერის ტკივილმა თავისი არ გაიტანა. მგონი დროა პირქვე ძილს გადავეჩვიო, თორემ მარხნივ ვეღარასოდეს შევაბრუნებ თავს.
უსაქმურობა მშვიდი და უპრეტენზიოა, თუმცა მაინც სჭირდება გართობა. აბა ისე ხომ მოსაბეზრებელი იქნება? ჯერ მითხრა, წამო, სადმე გავისეირნოთო, მაგრამ სიცივეში გარეთ გასვლა ჩემზე მეტად მაგას ეზარება. ბოლოს ვარჯიშზე და ცხელ შხაპზე დავთანხმდი, თვითონ კი სახლის მილაგებაში მომეხმარა იმ იმედით, რომ დღეს მეტად აღარ შევაწუხებდი. Read the rest of this entry
“რატომ არის მთვარე ზოგჯერ ნარინჯისფერი?”
“რატომ არის მთვარე ზოგჯერ ნარინჯისფერი?” – რას იზამდით ოდესმე საკუთარი ბავშვობა რომ გამოგცხადებოდათ და ეს ეკითხა? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბავშვობაში ნამდვილად მიყვარდა მსგავსი შეკითხვების დასმა, ალბათ ძალიან მეწყინებოდა თუ გავიგებდი, რომ პასუხი 19 წლის ასაკშიც არ მეცოდინებოდა.
არ გავგიჟებულვარ, უბრალოდ ზოგჯერ რაღაც ფილმების ზეგავლენის ქვეშ ვექცევი. ახლახანს კი ერთ, ძალიან საყვარელ ფილმს ვუყურე. თუ გაინტერესებთ, აგერ ლინკიც “The kid”.
წარმოიდგინეთ, ერთხელაც ბრუნდებით სახლში და ხედავთ სავარძელში მოკალათებულ ბავშვს, რომელიც “Ed, Edd and Eddy“-ს უყურებს. მერე კი ხვდებით, რომ ეს ბავშვი თვენ ხართ, ოღონდ რამდენიმე წლის წინ. მაინტერესებს, როგორი რეაქცია გექნებოდათ? ალბათ ყველას სხვადასხვაგვარი. მე კი ალბათ მაშინვე ვიცნობდი საკუთარ ბავშვობას და გამიხადრებოდა მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრა.
გამიხარდებოდა და თან შემეშინდებოდა, იმიტომ, რომ არ ვიცი ისეთი ვარ თუ არა, როგორიც იმ ბავშვს წარმოუდგენია თავისი თავი, 19 წლის ასაკში. სულ არ მახსოვს როგორი მინდოდა ვყოფილიყავი, როცა გავიზრდებოდი, იმიტომ რომ მომავალზე ხშირად არ ვფიქრობდი. არც დიდობაზე ვოცნებობდი, ჩემი თანატოლებივით. ახლა კი შემეშინდებოდა, ვაითუ ჩემს უმცროს ორეულს ეკითხა, რატომ არის მთვარე ზოგჯერ ნარინჯისფერიო? მე ვერაფერს ვუპასუხებდი და ისიც გაბრაზებული იტყოდა, “ესე იგი იმისთვის ვიზრდები, რომ გამოვიდე ადამიანი, რომელმაც არაფერი არ იცის და რომელსაც ძაღლი არ ჰყავს…”
ოჰ, როგორ მინდა მახსოვდეს, რაზე ვოცნებობდი ბავშვობაში. სამწუხაროდ 8 წლის მარი ვერ გამომეცხადება, ვერ შემახსენებს და ერთს კარად ვერ შემომილაწუნებს, რადგან ეს რეალური ცხოვრებაა.
და ბოლოს ეს.
ასე მგონია პირადად ჩემზე დაწერეს, ოღონდ ვერ გამიგია რატომ უნდა დავძაბო ნებისყოფა და ვიქცეოდე საკუთარი ასაკის შესაფერისად, როცა შემიძლია ისე ვიქცეოდე, როგორც მინდა?
სად არის მთვარე?
“მთვარე ჩემია!” – რამდენჯერ მითქვამს ბავშვობაში, როცა მიმტკიცებდნენ, რომ ის დედამიწის გარშემო მოძრავი თანამგზავრი იყო. არა, მაინც მჯეროდა რომ მთვარე სპეციალურად ჩემთვის ამოდიოდა და ზოგჯერ, როცა ცუდად ვიქცეოდი, მებუტებოდა და მემალებოდა. ჩემი იყო მთვარე, ჩვენ ვმეგობრობდით. როცა დავდიოდი, მეჩვენებოდა, რომ ისიც ჩემთან ერთად მოძრაობდა. სანამ მხედველობას არ ვუჩიოდი, ისიც კი მეჩვენებოდა, რომ მთვარეს თვალები, ცხვირი და პირი ჰქონდა. მოკლედ, მთვარე და მე განუყრელი მეგობრები ვიყავით. მე ყოველთვის მასთან ერთად ვფიქრობდი. გამოჩნდებოდა თუ არა, მაშინვე მივაშტერდებოდი და დავიწყებდი ფიქრს. მასთან ერთად ადვილად მეფიქრებოდა. ჩვენ ხომ კარგად გვესმოდა ერთმანეთის. სულ მეგონა რომ ვგავდით. თურმე მართლა ვგავართ, ცვალებადი ხასიათებით. თანაც ზოგჯერ მასაც უყვარს დამალვა.
ახლა ვერ ვხედავ, მეორე დღეა აღარ დამინახავს. ალბათ იმიტომ იმალება, რომ იცის არ მცალია ვიჯდე და მასთან ერთად ვიფიქრო. თუმცა ისიც იცის, რომ მისთვის ყოველთვის შემიძლია მოვიცალო. თუ მომენატრება, ყველაზე მაღალ მთაზე ავალ და მიანც დავინახავ.
გამოჩნდი, მთვარევ, თორემ უკვე ძალიან ბნელა.
მე მიყვარს…
დილით გვიან გაღვიძების ამინდებია. საფიქრალი და კისრის მოსაღრეცი ამინდები. კისერი იმიტომ მეღრიცება, რომ ყოველთვის უკან, წარსულისაკენ ვიყურები. მომავალს მხოლოდ რამდენიმე თვის სიშორეზე ვხედავ, წინასწარ არაფერი მაქვს დაგეგმილი. მიყვარს გვიან გაღვიძება და წარსულზე ფიქრი. საერთოდაც, მეუბნებიან უცნაური რამეები გიყვარსო. თქვენ კი ამ სათაურის გამო გეგონათ რამე ისეთს დავწერდი ხო? არა, “ისეთი” რა დამიწერია ოდესმე, რომ ახლა დავწერო? მხოლოდ იმაზე დავწერ, რაც მიყვარს.
მე მიყვარს მზე! სულ ორჯერ მაქვს ნანახი მისი ამოსვლა, რადგან დილით გვიანობამდე მიყვარს ძილი. მზის ჩასვლის ყურებას კი ვერ ვიტან. გულს მიჩუყებს.
მზეზე მეტად მთვარე მიყვარს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მგონია სპეციალურად ჩემთვის ამოდის. თანაც მზისაგან განსხვავებით არავის ეჩრება თვალებში. თუ ცაზე არ აიხედე, ვერც კი შეამჩნევ მის არსებობას. მე მგავს, არ უყვარს ყურადრების მიპყრობა და ჩემსავით ცვალებადია.
მე მარტო ყოფნა მიყვარს. მარტო სეირნობა, ან ოთახში მარტო ჯდომა დიდხანს, დამაყრუებელ სიჩუმეში, საკუთარი ხმაც რომ მავიწყდება.
სიმწვანე მიყვარს. ჩემთვის სიმწვანე სიცოცხლესთან ასოცირდება და ალბათ იმიტომ. როცა ბევრ სიმწვანეს ვხედავ, ყველაზე ცოცხლად ვგრძნობ თავს.
ზაფხული მიყვარს. რატომ? ზაფხული ყველაზე მწვანე და თბილია. სიცოცხლე ყველაზე უკეთესად ამ დროს იგრძნობა.
სიმაღლე მიყვარს. დიდი სიამოვნებით დავსახლდებოდი რომელიმე მაღალი შენობის ბოლო სართულზე.
წყალი მიყვარს. არ მინახავს ადამიანი რომელსაც ისე ძალიან უყვარს წყლის სმა, ან თუნდაც მისი ყურება, როგორც მე.
მგზავრობა მიყვარს, როცა არსად მეჩქარება და თან ყურსასმენებით მუსიკას ვუსმენ.
ყველა მიყვარს, ვინც ოდნავ მაინც მგავს და ვისაც ჩემსავით უყვარს ის რაღაცები, რაც მე მიყვარს.
კიდევ ერთი რამე მიყვარს, მაგრამ სადღაც წავიკითხე, მაგ ერთი რამის სიყვარულს დაფარვა სჭირდებაო, ამიტომ არ ვიტყვი
რაც გინდათ ის იფიქრეთ.
კავკასუსის საჩუქარი (ანუ დამცინეთ ბოხი ხმით!)
დღეს ის დღეა. აი ის, წელიწადში ერთხელ რომ მოდის თუ 29 თებერვალს არ ხარ დაბადებული.
ზუსტად ისევეა ყველაფერი, როგორც ყოველთვის იყო, ოღონდ ახლა გასახსენებლად კიდევ 1 წელი დამემატა. 1 საკმაოდ განსხვავებული, დატვირთული და ჭკუის სასწავლებელი წელი.
ისევ იგივე: გავდივარ აივანზე, როგორც ყოველთვის ყურსასმენებით და წყლის ბოთლით, მაგრამ რას ვხედავ? მთვარე არ ჩანს.
- ოჰ, მემალება
სად გამექცევა, ისევ რომელიმე ღრუბელს იქნება ამოფარებული. დაველოდები და ცოტა ხანში გამოჩნდება.
დაიმედებული დავდექი და მივაშტერდი თბილისის უვარსკვლავო, უჟმურ ცას. ცოტა ხანში ღრუბელი გადავიდა, მაგრამ მთვარე ისევ არსად ჩანს. რა მექნა? შიშით გავედი ბნელ სადარბაზოში იმ იმედით რომ კორპუსის მეორე მხარეს მაინც დამხვდებოდა ჩემი საყვარელი მანათობელი. არ იქ არ იყო.
- მოღალატე, ახლა მოუნდა დამალვა და გადაკარგვა. ხოდა დაიმალოს, გადავიტან როგორმე
ოდნავ გამიხარდა კიდევაც, რომ წელს რაღაც სხვანაირად დაიწყო ყველაფერი. მოვიფიქრე და დავრწმუნდი რომ უნდა შევეშვა უკან, წარსულში ყურებას, რადგან ცხოვრება წინ, მომავლისკენ მიქრის და მე არ დამელოდება. თან ამდენი უკან ყურებით ფეხი თუ არაფერს წამოვკარი, კისერი მაინც მომეღრიცება ან გამიშეშდება. მორჩა, ეს გადავწყვიტე!
ბოლოს გათენდა. დილით სარკეში რომ ჩავიხედე, ლოყებზე ტუჩის ფორმის პომადები მესვა. დეიდაჩემი მოსულა და დაძინებულზე მოულოცავს დაბადების დღე.
ჰმ… ახლა ხომ მაინც არაფერს მეტყვიან პიჟამოებით სიარულზე
ადვექი და კომპიუტერს მივახტი.
აქაც ვაი! გლობალია გათიშული. ამაზე უკეთეს საჩუქარს რას ვინატრებდი? უინტერნეტობა ერთადერთია რაც ასე მამწარებს. ახლა ისღა მაკლდა გამეგო რომ ალბათობის გამოცდაში ჩავიჭერი. თუმცა რომ ჩავჭრილიყავი, თავის გასამართლებელი მიზეზი მაინც მექნებოდა როცა მკითხავდნენ უჟმურ ხასიათზე რატომ ხარო.
მოკლედ, რაღა ჩემი დაბადების დღე და რაღა ჰარი პოტერის იუბულე დერსლების ოჯახში.
ახლა მარის და ანას (ჩემს დაქალებს) ველოდები. იმედია წვიმა არ დაიწყება და გავისეირნებთ მაინც სადმე.
მე-კირჩხიბი :P
დღეს ეკას ბლოგს ვკითხულობდი და შემთხვევით ვნახე პოსტი “როგორ შევიცნოთ კირჩხიბი?”. იმის გამო, რომ მეც ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ, ამ პოსტმა ჩემი ყურადღება მიიპყრო და გადავწყვიტე წამეკითხა.
საერთოდ არასოდეს წამიკითხავს ასეთი რამეები, რადგან არ მჯერა ზოდიაქოების და ჰოროსკოპების. ახლა კი იმ პოსტის სათაურმა დამაინტრიგა და გადავწყვიტე მენახა თუ რა ეწერა ჩემთან საერთო.
პოსტი საკმაოდ ვრცელი იყო და უამრავი რაღაც ეწერა. ზოგი რამ საერთოდ არ მახასიათებს, ზოგი კი მეგონა ზუსტად ჩემზე იყო დაწერილი.
აი მაგალითებიც: Read the rest of this entry















