Blog Archives
დასვენება და ქსენოფობია
მგონი არ არსებობს მსოფლიოში ადამიანი, რომელსაც ჩემებრ ეჯავრება არდადაგებზე ქალაქის დატოვება. ალბათ ასე არ იქნებოდა, რაღაც გარემოებებს რომ არ შეეწყო ხელი, მაგრამ ალბათ ამ ამბავს კარგა ხანს ვეღარ შევცვლი. ყველა მიზეზსაც რომ შევეშვა, დასასვენებლად სადმე წასვლა იმიტომ მაინც მგონია უაზრობა, რომ არდადაგები ჩემთვის ისედაც დასვენებას გულისხმობს და სულ არ მგონია აუცილებელი, აბარგდე, რამდენიმე საათი მგზავრობაში გაატარო, მერე სადღაც მიხვიდე, იქ რამდენიმე დღე იყო და ისევ უკან დაბრუნდე – აი, ამას ნიშნავს ჩემთვის დასასვენებლად წასვლა, რასაც ტანჯვას უფრო დავარქმევდი.
ზუსტად არ მახსოვს, რამდენი რამის წაკითხვა მოვასწარი 1 კვირის განმავლობაში. მგონი, მთელი წლის გეგმა შვიდ დღეში შევასრულე და ბოლოს, მარაგი რომ ამომეწურა “ფრაქტალურ გეომეტრიას” მივადექი. ფრიად საინტერესო დარგია. უბრალოდ, ნერვები უნდა გქონდეს. Read the rest of this entry
“არმაზი”, ყვავილები და მოსიარულე კომპასი (ფოტოკოლაჟი)
გუშინდელ პოსტში ვცდილობდი ნიადაგი შემემზადებინა დღევანდელი დღის აღსაწერად. სინამდვილეში მგონი მხოლოდ იმიტომ დავწერე, რომ ბოლო მომენტში არ გადამეფიქრებინა წასვლა და დილის ძილი არ გამეხანგრძლივებინა.
ისედაც დიდი პოსტი გამოვა, ასე რომ ვეცდები პირდაპირ ვილაპარაკო.
დილით, დათქმულ დროს მარისთან მივედი, რადგან ერთად წავსულიყავით თემქის მოხუცთა პანსიონატ “სავანეში”. იქ იმართებოდა მარის დის, ნინოს ქორეოგრაფიული ანსამბლის, “არმაზის” კონცერტი და მარიმ მეც დამპატიჟა. რეპეტიციასაც დავესწარი, რადგან მიყვარს როცა წინასწარ ვიცი რას უნდა ველოდო.
მაგრამ კონცერტმა, როგორც იტყვიან, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უნიჭიერესი ბავშვები იყვნენ და ძალიან კარგად ცეკვავდნენ. მართალია სულ ოდნავ ვერკვევი მაგ საქმეში, მაგრამ დიდი ემოცია გამოიწვია.
ესენი მგონი 5 წლისები არიან. საკმაოდ კარგად ცეკვავენ, თან ძალიან მხიარულები არიან. დამსწრე მოხუცებისთვის ფოტოების გადაღება მომერიდა, არადა მინდოდა.
კონცერტის შემდეგ მარის გადავეკიდე, ყვავილების გამოფენაზე წავიდეთ-მეთქი. მიყვარს ფლორა და სიმწვანე (ალბათ ეტყობა ჩემს ბლოგს). მოეწონა იდეა და დამთანხმდა. სახლში წავედით, ტანსაცმელი გამოვიცვალეთ და მერე რაღაც ავტობუსით (ნომერი არ მახსოვს) წავედით თავისუფლების მოედანზე. იქიდან დანიშნულების ადგილამდე სიმწრით ჩავედით, რადგან მარის ქუსლიანები ეცვა, მეც ცუდ დროს უარვყავი კედები, ასე რომ მოუხეშავი ფეხსაცმელებით სიარული ცოტა მეც გამიჭირდა.
ბოლოს მივედით. ხიდი გამჩნდა. ცხოვრებაში არასოდეს მინახავს ამდენი მინა ერთად და არასოდეს შემშინებია მტკვარში ჩავარდნის ისე ძალიან, როგორ იმ ხიდის ზანზარისას მეშინოდა.
მერე გამოჩნდა ყვავილებიც. ბევრი აღარ იყო დარჩენილი.
ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მშენებლობა ბოლომდე არ იყო დამთავრებული. ხრეში ეყარა და სიარული ჭირდა. მარის ნერვები მოეშალა. იქით ხალხი რაღაც შადრევანს დიდი მონდომებით ესეოდა. არ ვიცი რა ჭირდა იმ შადრევანს ამისთანა.

ალერგიის შეტევა მქონდა
ცოტა ხანში პოლიციელებმა დაიძახეს, რომ ხიდს კეტავდნენ და დროზე გადმოვსულიყავით. ქვემოთ კონცერტი იწყებოდა, რომელზე დასწრებაც მე და მარის არც გვიფიქრია, რადგან 9 საათზე სახლში უნდა ვყოფილიყავით.
ასე რომ უკან წამოსასვლელი გზის გამოგნება დაგვჭირდა ძალიან ბევრ ხალხში. თან რომლითაც მოვედით, იმ გზით უკან ვეღარ დავბრუნდებოდით, მე კი ძველი უბნის ქუჩებს თითქმის არ ვიცნობ, ასე რომ ვარაუდით მოგვიხდა გზის გამოგნება. კოლმეურნეობის მოედანზე შემოვლითი გზით უნდა მივსულიყავით და მეც უშეცდომოდ ვიკვლევდი გზას ვიწრო და მიყრუებულ ქუჩებში, სადაც მხოლოდ პატარა ბავშვები იყვნენ მოფარებულები სიგარეტის მოსაწევად, მე და მარი კი მათ მყუდროებას თავხედურად ვარღვევდით. ბოლოს ჩემმა ინტუიციამ გაჭრა და თავი კოლმეურნეობის მოედნის მოპირდაპირე მხარეს ამოვყავით. მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასვლისას, მარის ჩემებური დაემართა და ლამის კიბეზე დაგორდა.
საბედნიეროდ უვნებლემა მივაღწიეთ 49 ნომერ მარშუტკამდე და სახლებში წამოვედით.
ხვალ არავინ მკითხოს რატომ ვერ ვიმეცადინე ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა, თორემ ამ პოსტს მოვაძებნინებ გუგლში.
მის უთორმეტსართულიანესობა!
მაააღლივი – ჩვენი ტკიივილი, მააღლივი ჩვენი დააარდიაა… ლალალალალააა…
მახსოვს ეს სიმღერა პირველად რომ მოვისიმინე რა რეაქცია მქონდა. ლამის გადავიფიქრე იქ ფეხის მიკარება, თუმცა ჯერ სტუდენტიც არ ვიყავი. ბოლოს ასრულდა დიდი ხნის ნანატრი საწადელი და როგორც იქნა მეც იქაურობის სრულუფლებიანი წევრი გავხდი, უაღრესად დაბნეული და შეშინებული წევრი. ადაპტაციისათვის 2 თვე მაინც დამჭირდა თუ მეტი არა. პირველ შუალედურ გამოცდას ნახევარი ნერვები შევალიე. არა ისეთი არაფერი იყო, მაგრამ ყველა ნერვიულობდა და მე რა მექნა
) ეს ისე. ახლა სემესტრული გამოცდები მაქვს, ერთიღა დამრჩა(თურმე რა ერთი). დღეს კიდევ ერთი მოვიშორე, როგორც მოვიშორე ახლავე გეტყვით.














