Blog Archives
მარტო სახლში
წინასაახალწლო და საგამოცდო პერიოდი მიდგას. წესით, ახლა ერთ გაწამაწიაში უნდა ვიყო, აქეთ-იქით დავრბოდე და საპრეზენტაციო თემებს ვამზადებდე. მე კი ჩემი ჯანმრთელობის გადამკიდე, შემიძლია ვთქვა, რომ სრულ განცხრომაში ვიმყოფები. მიუხედავად იმისა, რომ წესით 31 დეკემბერსაც კი ლექციებზე უნდა ვიჯდე, ჩემთვის უკვე ყველგან არდადაგების სუნი ტრიალებს. თბილად ვზივარ სახლში, უშველებელი ჭიქით ლიმონიან ყავას მივირთმევ, მუსიკას ვუსმენ, პიანინოს ვუკრავ და ახლა ახალი გასართობებიც ვიშოვნე. საახალწლო განწყობაზე ვარ და რადგან ნაძვის ხის დადგმა ჯერ ადრეა, ამიტომ ვზივარ და კრის კოლამბუსის ფილმებს ვღეჭავ. ალბათ მილიონჯერ მინახავს “მარტო სახლში” და “ჰარი პოტერის” პირველი ორი სერია. ჰოდა რადგან კოლამბუსის ფილმები ყოველთვის კარგ განწყობას მიქმნიან, მეც ვნახავ კიდევ ერთხელ, ჩემი რა მიდის? Read the rest of this entry
კალია ახსენე, ცოცხი ხელში დაიჭირეო
დილიდან ცოცხით ვმოძრაობ. ცოცხით გადავადგილდები ოთახიდან ოთახში. არა, ნუ გეშინიათ, ჰარი პოტერობას არ ვიჩემებ, რომ ცოცხს ტრანსპორტის ფუნქცია დავაკისრო
ჰარისი მხოლოდ უჩინმაჩინის მოსასხამის გამო მშურს.
მოკლედ, მას შემდეგ რაც გავიღვიძე ცოცხი არის ჩემი თანამგზავრი. კომპთან ვზივარ – ცოცხიც აქვეა, ტელევიზორს ვუყურებ – ცოცხიც გვირდით მიდგას, გადი-გამოვდივარ - ცოცხსაც თან დავათრევ.
ჰოდა რა ხდება: დილიდან სახლში ვარ მარტო. ჩემს სახლში კი ახლა დალაგება-დასუფთავების ხანა დგას და ამიტომ ყველა ფარდა ჩამოხსნილია. რა თქმა უნდა, ყველა ფანჯარა ღიაა, მე კი ნებისმიერ წუთას შეიძლება გადავეყარო რომელიმე ოთახში დაუკითხავად შემოფრენილ, შემომხტარ ან შემოღოღებულ რაიმე მავნე არსებას. ამიტომ თავდაცვის საშუალებად ცოცხზე უკეთესი ვერაფერი შევარჩიე. მხოლოდ მის იმედზე ვარ დარჩენილი, რომ თუ რამე საეჭვო არსება შევნიშნე სახლში, ეს ცოცხი მაშინვე გავუქანო თავში
სხვა გზა არ არსებობს. ანასაც ვეღარ დავუძახებ საშველად. უკვე დამცინის: ამხელა ფილარმონია ქალს კალიების და ხოჭოების როგორ გეშინიაო?
მეშინია და რა ვქნა, ვაჰ?! თანაც გამიგია, რომ იკბინებიან კიდევაც.
ჯერ პერიმეტრზე სიწყნარეა, თუმცა მაინც ფხიზლად ვარ, საბრძოლო მზადყოფნაში. ახლა კი მორიგ დაზვერვაზე წავალ და ცოცხსაც თან წავიღებ, თორემ შიში ოხერია :S
კავკასუსის საჩუქარი (ანუ დამცინეთ ბოხი ხმით!)
დღეს ის დღეა. აი ის, წელიწადში ერთხელ რომ მოდის თუ 29 თებერვალს არ ხარ დაბადებული.
ზუსტად ისევეა ყველაფერი, როგორც ყოველთვის იყო, ოღონდ ახლა გასახსენებლად კიდევ 1 წელი დამემატა. 1 საკმაოდ განსხვავებული, დატვირთული და ჭკუის სასწავლებელი წელი.
ისევ იგივე: გავდივარ აივანზე, როგორც ყოველთვის ყურსასმენებით და წყლის ბოთლით, მაგრამ რას ვხედავ? მთვარე არ ჩანს.
- ოჰ, მემალება
სად გამექცევა, ისევ რომელიმე ღრუბელს იქნება ამოფარებული. დაველოდები და ცოტა ხანში გამოჩნდება.
დაიმედებული დავდექი და მივაშტერდი თბილისის უვარსკვლავო, უჟმურ ცას. ცოტა ხანში ღრუბელი გადავიდა, მაგრამ მთვარე ისევ არსად ჩანს. რა მექნა? შიშით გავედი ბნელ სადარბაზოში იმ იმედით რომ კორპუსის მეორე მხარეს მაინც დამხვდებოდა ჩემი საყვარელი მანათობელი. არ იქ არ იყო.
- მოღალატე, ახლა მოუნდა დამალვა და გადაკარგვა. ხოდა დაიმალოს, გადავიტან როგორმე
ოდნავ გამიხარდა კიდევაც, რომ წელს რაღაც სხვანაირად დაიწყო ყველაფერი. მოვიფიქრე და დავრწმუნდი რომ უნდა შევეშვა უკან, წარსულში ყურებას, რადგან ცხოვრება წინ, მომავლისკენ მიქრის და მე არ დამელოდება. თან ამდენი უკან ყურებით ფეხი თუ არაფერს წამოვკარი, კისერი მაინც მომეღრიცება ან გამიშეშდება. მორჩა, ეს გადავწყვიტე!
ბოლოს გათენდა. დილით სარკეში რომ ჩავიხედე, ლოყებზე ტუჩის ფორმის პომადები მესვა. დეიდაჩემი მოსულა და დაძინებულზე მოულოცავს დაბადების დღე.
ჰმ… ახლა ხომ მაინც არაფერს მეტყვიან პიჟამოებით სიარულზე
ადვექი და კომპიუტერს მივახტი.
აქაც ვაი! გლობალია გათიშული. ამაზე უკეთეს საჩუქარს რას ვინატრებდი? უინტერნეტობა ერთადერთია რაც ასე მამწარებს. ახლა ისღა მაკლდა გამეგო რომ ალბათობის გამოცდაში ჩავიჭერი. თუმცა რომ ჩავჭრილიყავი, თავის გასამართლებელი მიზეზი მაინც მექნებოდა როცა მკითხავდნენ უჟმურ ხასიათზე რატომ ხარო.
მოკლედ, რაღა ჩემი დაბადების დღე და რაღა ჰარი პოტერის იუბულე დერსლების ოჯახში.
ახლა მარის და ანას (ჩემს დაქალებს) ველოდები. იმედია წვიმა არ დაიწყება და გავისეირნებთ მაინც სადმე.







