ჩემი ხიფათები

ნათიამ დაწერა ამასწინათ თავისი ბავშვობის შესახებ ბლოგზე და რომ ვკითხულობდი ბევრი რამ გამახსენდა. ამ პოსტის დაწერა კი დღევანდელმა ინციდენტმა შთამაგონა, რომელიც ალბათ ფატალური შედეგით დაგვირგვინდებოდა ჩემი გაძლიერებული ყნოსვა რომ არა. ყოველთვის ძალიან ხიფათიანი ვიყავი, ხან გაზი მიფეთქდებოდა, ხან სადღაციდან ვვარდებოდი და რამეს ვიშავებდი… ჩემს მუხლებს ახლაც ეტყობათ ზოგიერთი შემთხვევების კვალი. უთო, ცხელი ტაფა და მასეთი რამეები,  სპეციალურად ჩემს საწამებლად არის გამოგონილი.

დღეს დილით გავიღვიძე, ( თუ იმას დილა ერქვა), გამოვედი სამზარეულოში, ქურა ავანთე და ყავის მოდუღება დავიწყე. მერე გამოვედი, კომპი ჩავრთე და ველოდებოდი სანამ ვინდოუსი ჩაიტვირთებოდა. რაღაც კვამლის სუნმა შემაწუხა და ისევ სამზარეულოში გავედი. ამას რას ხედავს ჩემი თვალები, ნაგავში ცეცხლი ანთია, თურმე ასანთი წესიერად ჩამქრალი არ იყო როცა ჩავაგდე.  კიდევ კარგი ჩაიდანში ბევრი წყალი იყო, მაშინვე ზედ დავასხი და ჩავაქრე. კიდევ ერთხელ გადავრჩი, ჯანმრთელი და უვნებელი. ეს ყველაზე ახალი და ცხელ-ცხელი ხიფათია ჩემს, აგერ უკვე 18 წლიან ცხოვრებაში.

ყველაზე ძველი ხიფათი რაც მახსოვს, დაახლოებით 14 წლის წინ გადამხდა. სოფელში  ვიყავი ნათესავთან. ბავშვობაში ასეთი ჩვევა მქონდა, რომ სულ სამალავებს და “მიუვალ” ადგილებს ვეძებდი. ერთი ასეთი ადგილის ძებნაში, სახლის უკან, ბაღში  წავაწყდი წიწილებს. ძალიან მიყვარდა წიწილები და გადავწყვიტე დამეჭირა. ვდიე ვდიე და უცებ საიდანღაც იხვი გამოხტა, მომაფრინდა და მიწაზე დამანარცხა. 2 დღე ხმა მქონდა ჩავარდნილი შიშით. თურმე ეს იხვი ამ წიწილების დედა იყო, კრუხი ქათამი არ ჰყოლიათ და ეს იხვი “დაუნიშნავთ” ქათმის ადგილას. დიდი არაფერი ხიფათი, მაგრამ 4 წლის ბავშვისთვის კაი შოკი იყო.

ამის მერე ყველაზე მეტად, მატარებლის ლიანდაგებზე გზის აბნევამ შემაშინა. 9 წლის ვიყავი ალბათ და იმ ზაფხულს ცემში წამიყვანეს დასასვენებლად. ძალიან ბევრი ბავშვი იყო იქ და სულ ვბოდიალობდით აქეთ-იქით. ხან ყვავილებს ვკრეფდით, ხან ვსეინობდით. ერთხელ “კუკუშკის” რელსებზე სეირნობისას, გარშემო ყვავილების კრეფას შევყევი და ვეღარ შევამჩნიე როგორ წავიდა ყველა, მარტო დავრჩი. დავუძახე, მაგრამ იქ ხმა იკარგებოდა და შორს ვერ აღწევდა, მარტო ვერ გავაგნებდი, ლიანდაგებზე ყველა ადგილი ერთმანეთს გავს. სასტიკად დამცხა, მაგრამ რას ვიზამდი, არც ის ვიცოდი საით წავიდნენ, არც ის-საიდან მოვედით რომ უკან დავბრუნებულიყავი. თუ წავიდოდი, იქნებ იმათ დაეწყოთ ძებნა და ვეღარ ვეპოვნე. ავდექი და ის ჩემი ყვავილები გამოვიყენე, საითაც წავედი, იმ მიმართულებით ვყრიდი და კვალს ვტოვებდი. მერე, როგორც იქნა, ვიღაც ბავშვები გამოჩნდნენ და გზა მიმასწავლეს. ასე გადავრჩი ტყეში გადაკარგვას.

ამის შემდეგ ყველაზე მტკივნეული ხიფათი ცხენის წაბლის ხიდან გადმოვარდნა იყო. ჩემს ეზოში ყველაზე ადვილად ასასვლელი ხე იყო და ზედ “შტაბი” გვქონდა მოწყობილი. მთელი დღე იქ ვიჯექი, თან ისე, რომ დედაჩემს არ დავენახე, მიშლიდა მასეთ რამეებს. რომ დამიძახებდა, მაშინვე ჩამოვხტებოდი ხოლმე და სახლისკენ გავრბოდი. ერთი ასეთი ჩამოხტომის დროს, ფეხი ტოტებში გამეჩხირა და მიწაზე ლამის თავით დავერჭე. მეგონა იოლად გადავრჩი, წამოვხტი და პასუხის გასაცემად გავიქეცი.  მეორე დღეს  ტრავმატოლოგმა, ყოველი შემთვევისთვის, თაბაშირი დამადო მთელ მკლავზე. ამ შემთვევის გამო ცეკვიდან და მუსიკიდან გამოსვლა მომიწია და მიხაროდა კიდევაც. თაბაშირი 1 კვირაში თვითნებურად მოვიხსენი. არ მოვიძრობდი, მაგრამ უკვე სრულიად უსარგებლო იყო, რადგან მარცხენა ხელი მქონდა ნატკენი და რადგან ცაცია არ ვარ, სკოლაში ამ ამბავს საკონტროლოების და დავალებების წერისაგან თავის ასარიდებლად ვერ გამოვიყენებდი.

იმის მერე კიდევ ბევრი რამ “გადავიტანე”, მაგალითად ელექტრო გამათბობელმა დენი ისე დამარტყა, რომ ძირს დამაგდო და ხელი გამემურა.

ყველაზე საზიზღარი შემთხვევა მაინც შარშან, სექტებმერში გადამხდა. 2 დღეში პირველად უნდა მივსულიყავი უნივერსიტეტში და ძალიან ვნერვიულობდი.  რაღაც სულელური შემთხვევის გამო, მარცხენა ხელის გულში დანა შემერჭო და ლამის “სკვაზნოი” გაატარა. ესღა მაკლდა. აბაზანაში შევედი, კარი ჩავკეტე და ხელი წყალს შევუშვირე. ზედ რომ დავიხედე, ისე საშინელი სანახაობა იყო, მივხვდი გული მიმდიოდა და კარის გასაღებად შემოვბრუნდი.  ამ დროს თავი ვეღარ შევიმაგრე და შუბლით კედელს შევეჯახე. კიდევ კარგი კარის გაღება მოვასწარი, თორემ დიდხანს მომიწევდა მეტლახზე უგონოდ გდება.

უნივერსიტეტში პირელ დღეს თავგატეხილი მივედი. ტონალურმა კრემმა და თმამ მთლიანად მაინც ვერ დამიფარა შუბლი. ორი კვირის მერე მაღლივის კიბეებზე დაცემამ საბოლოოდ მაიძულა ლიფტით სიარული. იმედია იქ მაინც არაფერი მომივა, თუმცა გარანტია არ არსებობს.

წავედი ახლა და თმების დაწვის და წარბების ატრუსვის ამბავს მერე, რომელიმე პოსტში ჩავაკვეხებ, თუ მანამდე რამე უარესი არ დამემართა :))

Posted on 17/02/2010, in me, myself, I and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. ვაიმე შენ მოგიკვდი მარი =))
    შენ უარესი ხიფათიანი ყოფილხააარ 😀😀
    მარა რაც მთავარია ჯერ ცოცხალი ხარ😛

  2. 😀

    ფილმი Good Luck Chuck გამახსენე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: