დაკარგულები

ბოლო დროს დავასკვენი, რომ რაც უფრო ხშირად ვკითხულობ ბლოგებს, მით უფრო მეტად მიჩნდება წერის სურვილი. წინა პოსტის მსგავსად, ამ პოსტის იდეაც ნინიტომ შთამაგონა.

ვინ დაითვლის, დღეში რამდენ ადამიანს ვეკონტაქტებით თითოეული ჩვენგანი. ხან მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლებით, ხანაც ერთი საათი ისე გადის საუბარში, რომ ვერც კი ვამჩნევთ. ყოველთვის ასეა, მხოლოდ სუბიექტები იცვლებიან.

ახალი ვინდოუსის ჩაწერის შემდეგ, როგორც იქნა, სკაიპის დაინსტალირებასაც დავაყენე საშველი. აღარც ვიცი რაში მჭირდება, ნახევარმა ისედაც წამშალა, რადგან იშვიათად შევდივარ. ახლა კი მხოლოდ 9 კონტაქტია ხაზზე, ამათგან 5 ვერც ვიცანი ნიკზე. დანარჩენი ოთხიდან, ერთი ახალი ნაცნობია, რომელიც იმიტომ დავამატე, რომ რაღაც ფოტოები უნდა გამეგზავნა. მეორე ძველი მეგობარია, რომელთან ერთადაც მათემატიკაში ვემზადებოდი. მესამე ჩემი ბიძაშვილია, რომელსაც შეყვარებული ჰყავს საზღვარგარეთ და მთელი დღე სკაიპით ელაპარაკება. ეს მეოთხე კი ყოფილი კლასელია, რომელთან ერთადაც 6 წელი ვიჯექი ერთ მერხთან. მახსოვს, ერთ მოსაწყენ გაკვეთილზე, მერხზე თავჩაღუნულები ვისხედით და ვწუწუნებდით, როგორ გვეძინებოდა და ვოცნებობდით, სკოლა მალე დაგვემთავრებინა, რომ იმდენი გვეძინა, რამდენიც მოგვინდებოდა. “ნეტავ რა მოხდება, როცა სკოლას დავამთავრებთ” – მგონი უკვე მეათასეჯერ მკითხა, მე კი, როგორც ყოველთვის თვალები ჭერს ავაპყარი და ვარაუდების კორიანტელი დავაყენე. ყველა გეგმაში შედიოდა, რომ ისევ ასე, ერთად უნდა ვყოფილიყავით, ერთად უნდა გვევლო უნივერსიტეტში, სადაც ერთ ფაკულტეტზე ჩავაბარებდით და ისევ გვერდიგვერდ დავსხდებოდით.

ახლა კი რეალობა ისაა, რომ უყოყმანოდ ვაჭერ sign out-ს და სკაიპს გულგრილად ვთიშავ. მეორე დღეს, ლექციის დაწყების მოლოდინში, აუდიტორიასთან მდგარი, შემთხვევით ნაცნობ სახეს ვამჩნევ. ერთმანეთს ვუღიმით და როგორც საერთოდ ხდება, გულთბილად მოვიკითხავთ.

  – შენც ახლა მოხვედი? რა ლექცია გაქვს?

 – მენეჯმენტი, შენ?

 – მე მარკეტინგი. უი, წავედი წავედი, მოვიდა ლექტორი…

ასე ქრებიან და იკაგებიან ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ისე ახლოს იყვნენ, ვერავინ წარმოიდგენდა თუ ოდესმე მხოლოდ დრო გახდებოდა დაშორების საბაბი. დაშორება კი ისე ბუნებრივად და უმტკივნეულოდ ხდება, მხოლოდ გვეღიმება და ოდნავ გვენანება კიდევაც ერთმანეთი. არც საერთო რჩება რამე და არც წარსულის მოგონებები გამოდგება მეგობრობის ინერციით გასაგრძელებლად. მორჩა, ის წავიდა..

Posted on 17/12/2011, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 17 Comments.

  1. ნეტავ ყველა დაშორება ეგეთი უმტკივნეულო იყოს

  2. ჰო, რა საშინელებაა… ერთ დროს ძალიან ახლო ადამიანის მიმართ გაუცხოებას რომ გრძნობ… სალაპარაკო და სათქმელი რომ არაფერი გაქვთ… შეიძლება ჯობდეს კიდეც მტკივნეული იყოს, ვიდრე ესეთი არაფრისმომცემი და უემოციო😦

  3. მეც მაქვს ეგეთი ისტორია.. მეც ჩემ კლასელზე. ოღონდ სკოლის ბოლო კლასში შევძელით გაუცხოება : )

  4. არ მიყვარს ადამიანების დაკარგვა :შ

  5. ცხოვრებაა ეგეთი. არა, რა სისულელეა! ადამიანები ვართ ასეთები!
    P.S. როგორც იქნა, აქაც “შემოვდგი ფეხი!”🙂

  6. ”დაშორება კი ისე ბუნებრივად და უმტკივნეულოდ ხდება”
    – არც მთლად ასე მარტივად უნდა იყოს საქმე.
    თვითონ ადამიანებზეა ეს დამოკიდებული.

    ადამიანის არ დაკარგვა თუ მაინც და მაინც ყოველდღიურ ურთიერთობას გულისხმობს არ ვიცი, მე ასე არ ვთვლი.
    უნდათ? ხოდა ექნებათ ისეთი ურთიერთობა შენთან რომ 3 დღის შემდეგ დაგირეკავენ, მოგაკითხავენ, დაგელაპარაკებიან, ხო ხვდები მარი რასაც ვამბობ…

    • კი, ვხვდები, მაგრამ არ გყოლია ახლოს ისეთი ადამიანი, რომელიც ახლა აზრზე არ ხარ სად არის და როგორ არის? არც სალაპარაკო გაქვს რამე მასთან. თუ სადმე არ შეგეჩეხა, არც გაგახსენდება. მე ბევრს ვიცნობ ასეთს, რომელიც თითქოს დროს გაჰყვა და ჩემს ახლანდელ ცხოვრებაში არანაირი ადგილი არ უკავია.

      • მარი, მესმის რასაც ამბობ, გასაგებია.
        მაგრამ ეხლა გეტყვი ერთ ჩემ მაგალითს:
        სკოლაში (ბევრი წლის წინ) მე-7/მე-8 კლასამდე მყავდა ერთი ძალიან კარგი ახლო ადამიანი (ბიჭი).
        მერე მოხდა ისე რომ სხვაგან გადაიყვანეს. სკოლის დამთავრებისას საერთოდ ევროპაში წასულა (თურმე).
        ეხლა სხვა მეგობარმა მითხრა შენი ნომერი გამომართვა დაგირეკავსო.
        არადა სადღაც 10 წელიწადია არანაირი კავშირი არ გვქონია…

      • ხო, მაგრამ ნიკა მასეთები იშვიათად არსებობენ:/

        ანუ, მასეთი ურთიერთობები.

        საერთოდაც, ეგ არის დამოკიდებული ადამიანებზე და იმ ურთიერთობაზე რომელიც ჰქონდათ.

        მეც დავკარგე მეგობარი, საერთოდ აი ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ტოისწ, ვიცი რაც იყო მიზეზი, ის რომ ყოველდღიური კონტაქტი გაწყდა ჩვენს შორის. და ეხლა როგორც ჩვეულებრივ ნაცნობს ისე ვხვდები ხოლმე და ძალიან მიტყდება😐 რამდენჯერმე გამჩენია სურვილი, რომ უბრალოდ დამერეკა და მეთქვა რომ ამოდი ჩემთან ყავა დავლიოთ ან რამე, მაგრამ მერე ვიჭედები რა უნდა ვქნათ? დებილებივით ვისხდეთ? კაროჩე რა:/

        მაგრამ, ამავე დროს, ანნა რომ არ ვნახო 2 თვე ზუსტად ვიცი რომ ჩვენს შორის კავშირი არ გაწყდება😐

        როგორც ჩანს ყველაფერი ურთიერთობაზეა დამოკიდებული და იმაზეა რაზე არის დამყარებული ეს “მეგობრობა” და უბრალოდ ურთიერთობა : )

      • ჰო, აი ზუსტად ეგ არის. მეც მყავს ისეთი დაქალი, მესამე თვე დაიწყო, რაც არ მინახავს. სულ რამდენჯერმე გვქონდა მიმოწერა ამ დროში. ხან ერთს არ გვეცალა, ხან მეორეს და ასე აეწყო და ხშირადაც ხდება ხოლმე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ როცა არ უნდა ვნახო, მაინც ძველებურად ჩემი იქნება და არაფერი შეიცვლება.

  7. როცა ყოველდღიური კონტაქტი წყდება, მაშინვე ჩნდება გაუცხოვება. ახლაც გული მწყდება იმ ურთიერთობაზე, რომელიც მე და ჩემს ერთ მეგობარს გვქონდა. საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად რამის 2 წლის წინ. ვსკაიპობდით, ვჩატაობდით, ვფეისბუკობდით მაგრამ სამწუხაროდ ისეთი ახლო ურთიერთობა აღარ გვაქვს. არ ვიცი რისი ბრალია, ალბათ ისევ და ისევ იმის რომ ერთმანეთის ცხოვრებაზე, ერთმანეთის გასაჭირზე თუ სიხარულზე აღარაფერი ვიცით, ზოგადი თემებით ვიფარგლებით, ძველი ნაცნობების ისტორიებს ვკითხულობთ და ეგაა სულ😦

  8. რამდენჯერაც მინდოდა დაკომენტარება, ვერასდროს მოვახერხე. იმდენად ახლოს იყო ჩემთან, რომ.. კითხვისას სულ მცირე 3-ჯერ მაინც ხმამაღლა დაგეთანხმე.
    ძალიან ძნელია და მტკივნეული..
    არაფერია მარადიული(?!), ყველაფერი სახეს იცვლის..
    და იცი… რამდენიმე ეგეთი დაკარგული ‘მეგობარი’ მთხოვს შეხვედრას, მაგრამ ვაჭიანურებ. მიზეზი? ვიცი, რომ გაუცხოებულები ვიქნებით, უკვე ერთმანეთისგან წასულები და არ მინდა წარსულის გაუბრალოება. მინდა ისევ მჯეროდეს, რომ ჩვენ ძალიან მაგრად ვუგებთ ერთმანეთს, უბრალოდ დრო არ გვაქვს. შეიძლება სისულელეა, არ ვიცი…
    ადრე ძალიან განვიცდიდი, ახლა მივეჩვიე… ადამიანები მოდიან და მიდიან, ზოგი ბრუნდება, დანარჩენი-უკანმოუხედავად გარბის… და რაც მთავარია: ადამიანები ისევ მოდიან..

    • ჰო. “მოდი დავგეგმოთ რამე და სადმე წავიდეთ…” ორივემ რომ იცის, რომ ამას მხოლოდ ფორმალურად ამბობენ და მაინც არაფერი გამოვა.. მთავარია, რომ ისინი მაინც გვიყვარს და ყოველთვის მზად ვართ მათ გვერდით დავდგეთ, როცა დავჭირდებით!

  9. გამახსენდა მეგობარი, რომელთანაც 11 კლასის ჩათვლით ერთად ვიყავით. ჩავაბარეთ ერთსა და იმავე უნიში, ერთსა და იმავე ფაკულტეტზე, მაგრამ სხვა დეპარტამენტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ლექცია ერთად გვქონდა (საკონფერენციო დარბაზში, სადაც 400 მდე ადამიანი ეტევა), ჩვენ მაინც ასე რაღაცნაირად ჩამოვშორდით ერთმანეთს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: