Category Archives: me, myself, I

me, myself, I

იგივე

სინამდვილეში ახლა პოსტი დაწერას სულაც არ ვაპირებდი. უბრალოდ შემოვედი, რათა გითხრათ, რომ ცოცხალი ვარ და თავი შეგახსენოთ.

არ ვწერ, რადგან:

  • ვერ ვიტან მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერილ პოსტებს;
  • არ მინდა აქაურობა მოთქმითა და ვაი-ვიშით გავავსო;
  • დრო არ მაქვს, რომ ვიფიქრო;
  • არ მინდა სულ ერთი და იგივე ვწერო (თუმცა ასე გამომდის).

საერთოდაც, ვერ ვიტან ისეთ ბლოგებს, როგორიც მე მაქვს. არ მიყვარს, როცა ავტორი სულ თავის სტიქიაშია ჩავარდნილი და ვერ გამოდის. ჰო, კიდევ არ მიყვარს ბლოგები, რომელთა ავტორებიც კომენტარებს ა რ ა ს ო დ ე ს პასუხობენ. მოგვიგდებენ პოსტს და გარბიან.

თავის მართლებას მოვრჩი. ახლა ჩემზე მოგიყვებით. ჰოი, როგორ არ მინდა სიტყვა “გამოცდა” ვახსენო. მგონი, პოსტი არ მაქვს დაწერილი, სადაც გამოცდების გამო არ ვწუწუნებ. ჩემი ცხოვრება გამოცდებად არის ქცეული. უკვე ყოველგვარი იმედი გადამეწყურა, რომ ეს ოდესმე დასრულდება. ალბათ მხოლოდ მაშინ ვიქნები თავისუფალი, როცა საპენსიო ასაკს მივაღწევ და საკუთარი თავის მიხედვის გარდა აღარაფერი მომეთხოვება. მგონი, ადამიანები იმისთვის ვცხოვრობთ, რომ საკუთარი სიბერე უზრუნველვყოთ. ახლა ისევ თვითშებრალების ტალღა წამომივლის და ვიწუწუნებ, რომ ზაფხული უჩემოდ გადის და მე არაფრისთვის არ მცალია. ვერავის ვნახულობ და არ შემიძლია ერთი წუთით მაინც დავივიწყო მოვალეობები, რომლებიც სულს მიხუთავენ.  მგონი პრიორიტეტებიც შემეცვალა, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

ახლა ცოტა პოზიტივიც. 5 დღეში დაბადების დღე მაქვს. მგონი ცხოვრებაში პირველად მიხარია 21 ივლისი, რადგან ვიცი, რომ ჩემს ნებაზე გავატარებ (დიდი იმედი მაქვს). დილით, დაპირებისამებრ, დედა წამიყვანს და ლეპტოპს მიყიდის (რომელზეც წინა პოსტში ვამბობდი) უკვე შევარჩიე როგორიც მინდა და ძალიან მიხარია. მერე სახლში მოვალ, ვინდოუსს და ინტერნეტს დავაყენებ. საღამოს კი ნაყინის საჭმელად წავალ სადმე (დაპატიჟება დასწრებაზეა). ჰოდა, ამასობაში დღეც გავა და მე უკვე 21 წლის ვიქნები. ჰო, კიდევ მიხარია, რომ რამდენიმე დღის წინ მარი ჩამოვიდა (ჩემი დაქალი, რომელიც ძალიან გაეჩვია საზღვარგარეთ და სულ მენატრება). ჯერ ვერ ვნახე, მაგრამ მშვიდად ვარ, რომ ახლოსაა.

სხვა არც არაფერი. ახლა ორი მოდულის საგნის გამოცდა მაქვს დარჩენილი, 19-ში და 27-ში. ამათ მივასიკვდილებ და მერე  შემეძლება ველად გავიჭრე და ყირაზე გადავიდე. თუ აქამდე წაიკითხეთ, მაშინ წარმატებები მისურვეთ. დროებით 😀

Advertisements

ჩემი დემონები

საათი წიკწიკებს და ჯიუტად შევცქერი, როდის გახდება 9, 10, 11 ან 12 საათი რომ ავდგე და საქმეს მივხედო. არა, ჯერ მეძინება. ველოდები როდის იმოქმედებს ყავის მორიგი “დოზა” რომ აზრზე მოვიდე. მერე ერთბაშად მივცხებ საქმეებს. კი, კი, ასე ვიზამ!

ნელ-ნელა ყველა მაჩვენებელი ნულისაკენ მიექანება. მე კი სასოწარკვეთილი ვცდილობ მათ შეჩერებას და თავის მოთოკვას. ის კი არ მიჯერებს. ფართხალებს და ხელებს იქნევს.

ციფრები, რიცხვები, ქულები, საგნები, ლექტორები, რეფერატები, პრეზენტაციები, ტესტები, კონსპექტები, ქსეროქსები… უი, მეექვსე თავი თუ გადავაქსეროქსე ნეტა? არ დამავიწყდეს, საჯაროს სლაიდები მაქვს ამოსაბეჭდი. წავალ, მეილს დავარეფრეშებ, იქნებ საკითხები გამოგზავნეს… მეძინება, აი უკვე კედელს მივაშტერდი… მეძინება, თორემ უცებ არ დავიძინო, ტკბილად. ჩემი კოშმარების “რეპერტუარი” დღითიდღე მრავალფეროვანი ხდება. ხან მესიზმრება, რომ მეტროს ბაქანზე ვდგავარ და ფეხსაცმელი მისრიალებს, თავს ძლივს ვიმაგრებ, რომ ლიანდაგებში არ ჩავვარდე (ბავშვობიდან მეშინია მეტროსი).  ხან კი ლიფტში ვზივარ, ის კი კატასტროფული სისწრაფით მიდის და არ ჩერდება (ლიფტისაც ყოველთვის მეშინოდა). მოკლედ, საკუთარი ქვეცნობიერი ძალიან ცუდად მექცევა. Read the rest of this entry

რასა ვიქმ (ზამთარი)

რამდენი ხანია “რასა ვიქმ” პოსტი არ დამიწერია… ვითომ ახალი არაფერი ხდება? ახალი არ ვიცი, მაგრამ რაღაც-რაღაცები კი ხდება. კარგი და ცუდი დღეები ერთმანეთს ცვლიან. საბოლოოდ ყველაფერი რეგულირდება და ნორმის ფარგლებში ჯდება. მე კი უკვე მივეჩვიე, რომ სიტუაცია რეგულარულად უნდა ვაკონტროლო, არც ალღოთი მართვაა ძნელი. უბრალოდ, იცი რაც არის საჭირო და ცდილობ ნავი იმ მხარეს შეაბრუნო, საითაც ყველაზე სწორი იქნება წასვლა.

ახლა გაგანია გამოცდებია. უკვ მეხუთე სემესტრს ვხურავ და წინ მხოლოდ 3 სემესტრი მელის. თავიდანვე მეშინოდა, რომ საბოლოოდ ისე დავამთავრებდი ბაკალავრიატს, აზრზეც ვერ მოვიდოდი, რა ვისწავლე და რა გამოვედი. უბრალოდ, დინებას მივყვებოდი. საქმე ისაა, რომ როცა პროფესიას ირჩევ, მთავარი არ არის ვინ გინდა გამოხვიდე, მთავარია რისი სწავლა გინდა. დღეს ბევრს უნდა პროგრამისტი იყოს, მაგრამ ჰკითხეთ ერთი, რამდენს ეხალისება მათემატიკისა და ელექტრონიკის სწავლა? მერე ხვდებიან, რომ ეს არ იყო მათი მოწოდება და ხელმოცარულები რჩებიან. ჰოდა, რაიმე გაურკვევლობაში რომ არ გავყო თავი, გადავწყვიტე მეორადი სპეციალობა (ბიზნესის ადმინისტრირება) მოვიხსნა და “თავისუფალ მოქალაქეობას” მივყო ხელი, რაც თავისუფალ კრედიტებზე გადასვლას ნიშნავს. ახლა შემეძლება კორპორაციული ფინანსების ნაცვლად საზოგადოებრივი გეოგრაფია ან ანალიზური გეომეტრია ვისწავლო. ჰო, კიდევ რაღაც ამბიციების განხორციელებაც დავიწყე, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ვიტყვი, თუ საქმის ბოლომდე მიყვანას შევძლებ.

მოკლედ, ასე! ახლა არაფერს ვუჩივი, დროის გარდა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ წამართვა და სადღაც, ჯერ კიდევ ახლო წარსულში გადაკარგა. ბევრი რამ მომაკლდა, რის გარეშეც ადრე წარმოუდგენელი მეგონა ცხოვრება. არც კი მახსოვს, ბოლოს როდის მეძინა ჯანმრთელი ადამიანივით. ეს არაფერია. უამრავი ადამიანი ცხოვრობს ასე და არაფერი ემართებათ.

საბოლოოდ, ახალი ჩემი ახალი პროექტის შესახებ გამცნობთ: რადგან ბოლო დროს ქსოვამ ძალიან გამიტაცა და ჯერ ამ აკვიატებისაგან თავის გათავისუფლებას არ ვაპირებ, ახალი, ძალიან მაგარი რამე მოვიფიქრე და უკვე ახალი, საკმაოდ ჩემეული პროექტიც დავგეგმე, რომელიც ახლოსაა კარტოგრაფიასთან. 🙂

მე – მთვრალი

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ალკოჰოლის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება მაქვს. ვერ ვიტან მთვარლი ადამიანების გარემოცვაში ყოფნას და ჩემი თავის წარმოდგენაც კი მზარავს ამ მდგომარეობაში. უფრო ზუსტად რომ ჩამოვაყალიბო, ალკოჰოლს რამდენიმე მიზეზიის გამო არ ვეკარები.

1. ისევ და ისევ, სიმთვრალისადმი ზიზღი. არ მინდა მათ დავემსგავსო, ვინც ალკოჰოლის გამო ჭკუას კარგავენ.

2. შიში – არასოდეს დავმთვრალვარ, ამიტომ არ ვიცი რისი ჩამდენი ვარ ამ დროს. მეშინია რამე სისულელე არ ჩავიდინო, ვინმე არ შემომაკვდეს.

3. ისევ შიში იმისა, რომ ცუდად არ გავხდე და არც არსოდეს მაქვს იმის იმედი, რომ ვინმე სახლში მიმიტანს.

 

სამაგიეროდ, როცა სახლში ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელსაც ღვიძავს და არც ეძინება, აღარ იცი, როთ გაერტო ადამიანი. ამიტომ, კარადას გამოვაღებ, სადაც გუშინდელ დარცენილ შამპანურის ბოთლს ვიპოვნი, რომელიც ჯერ კიდევ ნახევრად სავსეა. ჭიქის შებნას აზრი არ აქვს, რადგან ბოთლიც მშვენივრად გამოდგება სასმისად.

შედეგი: –  თვალთახედვის დაბინდვა – საგნიდან საგანზე მზერის გადატანის გაძნელება, თავის სიმძიმე, უაზრო სიცილი და გონებაში აკვიატებული ფრაზა “მე მთვარლი არ ვარ”.

წარმოდგენა არ მაქვს, რა ენაზე დავწერე ეს პოსტი, სამაგიეროდ ვიცი, რომ სახლის გარეთ არასოდეს დავლევ, რადგან ოთახიდან ოთახში გასვლის თავიც კი არ მაქვს. შეიძლება იმიტომ რომ მეძინება, მაგრამ სინამდვილეში, მეშინია კედელს არ შევეჯახო. ჰო, კიდევ, ახლა ენის გასატეხების თქმა ვცადე და ვერც ერთი ვერ ვთქვი ნორმალურად. ვერც ვმღერი და ვერც ვაზროვნებ.

 

მთავრია, რომ საზარელ მონსტრად არ გადავიქეცი და არავინ შემომაკვდა. აწი ვიცი, რომ აე აღარასოდეს მოვიქცევი!

ვერიფიკაცია

მინდოდა, დეკემბრის ბოლო დღეს დამეწერა ეს პოსტი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ დარჩენილი 48 საათი მაინც არაფერს შეცვლის, ამიტომ ახლავე დავიწყებ შეჯამებას ამა წლისა.

პოზიტივის შემოსატანად, სულაც არ ვაპირებ დავიწყო მტკიცება, რომ 2011 გადასარევი წელი იყო, რომელმაც უამრავი სიახლე და წარმატება მომიტანა. არც წუწუნს მინდა მოვყვე, თუმცა კი ახლა დაახლოებით იმ მდგომარეობაში ვარ, ლექტორს რომ ცუდი ნაწერი აქვს შესასწორებელი, მთლად გასანულებლადაც რომ ენანება და მიზეზებს რომ ეძებს, თითო ქულის დასაწერად. მიყვარს ასეთი შედარებები. საბოლოოდ, გასული წლის შეფასება რომ დავიწყო, ჯერ ყველა ფაქტორი ცალ-ცალკე უნდა გავიხსენო, რაც არც ისე მარტივია, ამიტომ ისევ შედარებებს გამოვიყენებ. ბოლო დროს სულ შედარებებს უკავია ჩემი გონება. ასე ვცდილობ რეალობა გავამატრივო და უფრო ეფექტიანად ვიმოქმედო.

ახლა გადავწყვიტე, რომ მთელი წლის ცხოვრება ერთ რეგრესიის განტოლებას შევადარო, რომელშიც შედეგობრივი ცვლადი რამდენიმე ფატორზეა დამოკიდებული. ამიტომ, ჯერ ცალკეული ფაქტორების შეფასება და მნიშვნელოვნების დადგენაა საჭირო. Read the rest of this entry

დაკარგულები

ბოლო დროს დავასკვენი, რომ რაც უფრო ხშირად ვკითხულობ ბლოგებს, მით უფრო მეტად მიჩნდება წერის სურვილი. წინა პოსტის მსგავსად, ამ პოსტის იდეაც ნინიტომ შთამაგონა.

ვინ დაითვლის, დღეში რამდენ ადამიანს ვეკონტაქტებით თითოეული ჩვენგანი. ხან მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლებით, ხანაც ერთი საათი ისე გადის საუბარში, რომ ვერც კი ვამჩნევთ. ყოველთვის ასეა, მხოლოდ სუბიექტები იცვლებიან.

ახალი ვინდოუსის ჩაწერის შემდეგ, როგორც იქნა, სკაიპის დაინსტალირებასაც დავაყენე საშველი. აღარც ვიცი რაში მჭირდება, ნახევარმა ისედაც წამშალა, რადგან იშვიათად შევდივარ. ახლა კი მხოლოდ 9 კონტაქტია ხაზზე, ამათგან 5 ვერც ვიცანი ნიკზე. დანარჩენი ოთხიდან, ერთი ახალი ნაცნობია, რომელიც იმიტომ დავამატე, რომ რაღაც ფოტოები უნდა გამეგზავნა. მეორე ძველი მეგობარია, რომელთან ერთადაც მათემატიკაში ვემზადებოდი. მესამე ჩემი ბიძაშვილია, რომელსაც შეყვარებული ჰყავს საზღვარგარეთ და მთელი დღე სკაიპით ელაპარაკება. ეს მეოთხე კი ყოფილი კლასელია, რომელთან ერთადაც 6 წელი ვიჯექი ერთ მერხთან. მახსოვს, ერთ მოსაწყენ გაკვეთილზე, მერხზე თავჩაღუნულები ვისხედით და ვწუწუნებდით, როგორ გვეძინებოდა და ვოცნებობდით, სკოლა მალე დაგვემთავრებინა, რომ იმდენი გვეძინა, რამდენიც მოგვინდებოდა. “ნეტავ რა მოხდება, როცა სკოლას დავამთავრებთ” – მგონი უკვე მეათასეჯერ მკითხა, მე კი, როგორც ყოველთვის თვალები ჭერს ავაპყარი და ვარაუდების კორიანტელი დავაყენე. ყველა გეგმაში შედიოდა, რომ ისევ ასე, ერთად უნდა ვყოფილიყავით, ერთად უნდა გვევლო უნივერსიტეტში, სადაც ერთ ფაკულტეტზე ჩავაბარებდით და ისევ გვერდიგვერდ დავსხდებოდით.

ახლა კი რეალობა ისაა, რომ უყოყმანოდ ვაჭერ sign out-ს და სკაიპს გულგრილად ვთიშავ. მეორე დღეს, ლექციის დაწყების მოლოდინში, აუდიტორიასთან მდგარი, შემთხვევით ნაცნობ სახეს ვამჩნევ. ერთმანეთს ვუღიმით და როგორც საერთოდ ხდება, გულთბილად მოვიკითხავთ.

  – შენც ახლა მოხვედი? რა ლექცია გაქვს?

 – მენეჯმენტი, შენ?

 – მე მარკეტინგი. უი, წავედი წავედი, მოვიდა ლექტორი…

ასე ქრებიან და იკაგებიან ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ისე ახლოს იყვნენ, ვერავინ წარმოიდგენდა თუ ოდესმე მხოლოდ დრო გახდებოდა დაშორების საბაბი. დაშორება კი ისე ბუნებრივად და უმტკივნეულოდ ხდება, მხოლოდ გვეღიმება და ოდნავ გვენანება კიდევაც ერთმანეთი. არც საერთო რჩება რამე და არც წარსულის მოგონებები გამოდგება მეგობრობის ინერციით გასაგრძელებლად. მორჩა, ის წავიდა..

ზეგავლენა

ხომ ვამბობდი? აი, ხომ ვამბობდი… ვამბობდი, ვამბობდი…

კაი, არ მითქვამს, მაგრამ ხომ ვფიქრობდი? მართლა ვფიქრობდი, უბრალოდ თქმა დამავიწყდა.

ასე მემართება სულ. რამე ფიქრს, ვარაუდს ან შიშს ავიკვიატებ და თუ გამართლდა, მერე გავიძახი, რომ ამას დიდი ხნის წინ ვეჭვობდი და არავინ დამიჯერა. მაგრამ ვინ დამიჯერებდა, როცა არაფერიც არ მითქვამს და არც არაფერი მახსოვს კონკრეტულად? ამიტომ, ასე რომ არ მოხდეს, ბლოგზე დავწერ და აქ იყოს, დამამტკიცებელ საბუთად.

ახლა რამ შეაწუხა ჩემი სათუთი ნერვები: ის ანდაზა ხომ იცით, “ხარი ხართან რომ დააბაო…”? დიდი ხნის განმავლობაში ოდნავადაც არ მჯეროდა მისი ჭეშმარიტება, რადგან რაც საკუთარ თავზე არ გამომიცდია, რეალურად ვერასოდეს აღვიქვამ. რა ვქნა, ჩემს სქელ კანში ვერ აღწევენ გადამდები დაავადებები და სულ წითელ საღებავში რომ მაბანავო, მაინც მწვანედ დავრჩები. სამაგიეროდ, რაღაც საპირისპირო მჭირს, რაც არ ვიცი ცუდია თუ კარგი, მაგრამ ძალიან მაშინებს.

არასოდეს მდომებია, ვინმეზე რამე ზეგავლენა მქონოდა. განსაკუთრებით ახლოსაც არავისთან ვყოფილვარ, თუმცა ხშირად ვამჩნევ, როგორ მემსგავსება ზოგიერთი მეგობარი თუ სხვა ახლო პირი. სულ არ ვარ წინააღმდეგი, თუ ვინმე ჩემს ენაზე იმეტყველებს ან ჩემსავით მოიქცევა, მაგრამ შემთხვევით რომ მავნე ზეგავლენა მოვახდინო, ვერაფრით გადავიტან. ეს იგივეა, ვინმეს არასწორი რჩევა მისცე. მერე პასუხისმგებელიც შენ ხარ, კისერი თუ მოიმტვრია. ამიტომ, ცოტა ხნით ვქრები ხოლმე, სანამ “საინკუბაციო” პერიოდი გადაივლის.

მავნე ზეგავლენასაც რომ თავი დავანებოთ, ვერ ვიტან აღრევებს და სახეების ერთმანეთში ისე აზელას, პირადი ნომრის გარდა რომ აღარაფერი გამოდგება საიდენტიფიკაციოდ.

My New Love ♥

გამოცდები დასრულდა, მარი თავისუფალია!

როგორც იქნა, ამოვთქვი. 3 კვირის განმავლობაში, კბილების კრაჭუნით ველოდი იმ მომენტს, როცა ყველა გამოცდას მოვიშორებდი დამშვიდებული სინდისით შევძლებდი გარეთ გასვლას, კომპთან ჯდომას ან პოსტის წერას. პოსტი დიდი ვერაფერი. ბოლო დროს, მხოლოდ იმ პრინციპით ვწერ, რომ “მეც აქა ვარ” და არ მოვმკვდარვარ.

მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ პოსტსაგამოცდო რეაბილიტაციას გავდივარ და აწი შემიძია მშვიდად ვიძინო, რამდენიც მინდა. სხვათა შორის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნებაყოფლობითი ინსომნია დავიმართე და მივხვდი, რომ ძილის გარეშე არც ისე მიჭირს ცხოვრება, როგორც აქამდე წარმომედგინა. დიდი ამბავი, თუ კითხვის დროს, ფურცლებზე ფერადი ლაქები მელანდება, ან  საჭმლის გემოს ვერ ვგრძნობ. ახლა, ერთი სული მაქვს, მეგობრები მოვინახულო (ვისაც სცალია (!) ), ამასობაში კი სერიალების ყურებითა და მუსიკის მოსმენით ვირთობ თავს. ჰო, სერიალები ვთქვი, არ მოგჩვენებიათ. უკვე მეშვიდე წელია “კლონს” ვუყურებ და ვფიქრობ, მართლა ღირს დაგროვილი სერიების Myvideo-ზე ძებნა და უკვე მეოთხედ ყურება. მართალია, ეს რიმეიქი ორიგინალს ვერ შეედრება, მაგრამ მონატრების გასაქარწყლებლად მაინც გამომადგება.

ჰმ… ვატყობ, ამ დამაინტრიგებელი სათაურის თემიდან გადავუხვიე და ჯობია აღარ გაწვალოთ. ჰოდა, ბოლოდროინდელი მოწყენილობისა და გაუთავებელი კვლევა-ძიების შემდეგ, როგორც იქნა ახალი სიყვარული მეწვია :] რას ვგულისხმობ? Read the rest of this entry

“12-დან 3-მდე” და “Secret Garden”

მორიგი დაუგეგმავი პოსტის დაწერას ვაპირებ და თანდათან ვატყობ, როგორ არ მემორჩილებიან აზრები და როგორ ვცდილობ სათქმელს თავი ისე მოვუყარო, ჩემ გარდა კიდევ ვინმესთვის გახდეს გასაგები. აი, რა ცუდი ყოფილა გადაჩვევა, ყველაფერს გადაჩვევა და სიჩუმე. ბოლო დროს, იმდენად ჩუმად ვარ, საკუთარ თავსაც კი აღარ ველაპარები 😀 ჰო, ფიქრსაც გადავეჩვიე, დავიღალე… სამაგიეროდ, თავი უფრო ნაკლებად მტკივდება და უფრო ყურადღებით ვმეცადინეობ. სულ რომ არ გადავგვარდე და საკუთარი თავი ისევ ვიცნო, მუსიკას ვუსმენ, ჩუმ-ჩუმად ვღიღინებ და “ბუნების წიაღში” ვსეირნობ, ჩემებურად, ასფალტზე ფეხების ბარტყუნით. ზოგჯერ, სიარულ-სიარულში ყველა ფლეილისტს რომ ბოლომდე მოვუსმენ, საშინლად ვიბნევი. მგონია ხოლმე, რომ რესურსები ამომეწურა და უკვე ყველაფერი მოსმენილი მაქვს, რაც მომწონს. მერე სასოწარკვეთა მიპყრობს, როცა გავიფიქრებ “რა მუსიკა უნდა დაიწეროს კიდევ ისეთი, რაც აქამდე არ დაწერილა, ან ვინ უნდა იმღეროს ისე, აქამდე რომ არ უმღერიათ?..” არადა, ვიცი, უკეთესზე უკეთესი მაინც არ დაილევა, მაგრამ მე რომ მომეწონოს, ისეთი იქნება? მე ხომ სუბიექტური ვარ და ჩემი კრიტერიუმებით ვაფასებ ყველაფერს. Read the rest of this entry

მენანება…

ზოგჯერ მეჩვენება, რომ დროში ვირევი. ხან მგონია, რომ ფეხდაფეხ მივდევ, ხან კი ვატყობ, რომ რაღაც შემეშალა და ვეღარ ვხვდები, თვითონ ჩამომიტოვა თუ მე გავუსწარი. როგორც არ უნდა იყოს, მგონი ასე არასოდეს დამნანებია, თითოეული უყურადღებოდ გასული წამი, როგორც ახლა მენანება. საკვირველია, ზოგჯერ იცი, რომ რაღაც მთავრება და აღარ იქნება და ამას ვერც აცნობიერებ, იმდენად ხარ შეგუებული. აი, როგორც ახლა, ბახ! და უკვე ზამთარი მოდის, უკვე ისე აცივდა, არადა მზის დანახვაც მერ მოვასწარი წესიერად.

ახლა კი მიკვირს, მაგრამ ცოტა ხნის წინ, მეგობრებს რომ ვნახავდი, მხოლოდ მაშინღა მახსენდებოდა, რომ უკვე 2-3 კვირის უნახავები მყავდნენ და მენატრებოდნენ. უკვე რამდენი რამე არ ვიცოდი მათზე… მერე კიდევ ვინმე შემოვიდოდა Good Food-ში და ასე შევიკრიბებოდით ყველანი ერთად, ვითომც არაფერი, ვითომ ისედაც სულ ასე იყო… მერე ყველა ერთად აპროტესტებდა, ფოტოაპარატს რომ მოვიმარჯვებდი, მერე ზოგი მთხოვდა, ამ ფოტოზე ცუდად ვარ და წაშალეო…  მე კი არაფერს ვშლიდი ჩემი ნებით. ყველა ფოტოს საგულდაგულოდ ვინახავ, თითქოს დიდ შედევრებს ვიცავდე, ან ფოტოგრაფიისა გამეგებოდეს რამე. უბრალოდ, ამ მეთოდით ვცდილობ რამდენიმე წამის ჩემთვის დატოვებას. ასე იმიტომ ვიქცევი, რომ მენანება ყველა ის წამი, რომელიც ისე გადის, ვითომც არ ყოფილა. არადა, რამდენი წამი და დღე გასულა, როცა ჩემს მეგობრებთან უნდა ვყოფილიყავი, ან ვინმეს ვჭირდებოდი, მე კი სად ვიყავი? არსადაც არ ვყოფილვარ. დავძრწოდი ჩემთვის, დაუნანებლად ვხარჯავდი უამრავ დროს და ასე გამოვტოვე ყველაფერი.

დღეს არ ვიცი რა შეიცვალა, მაგრამ რაღაც კი აშკარად შეიცვალა, თუნდაც იმიტომ, რომ ამას ვამბობ და ვფიქრობ. არ ვიცი ახლა რამდენად უკეთესად (ან უარესად) ვიქცევი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისე ვიქცევი როგორც შემიძლია.

გაუფრთხილდით დროს. არ გაუშვათ დღეები ისე, თითქოს არც ყოფილან, იმ იმედით, რომ ხვალ აინაზღაურებ, რაც დღეს გააცდინე. თუმცა, სინანულიც არასოდესაა გვიან, სანამ ცოცხალი ხარ 😀

მზრუნველი მე

ყოველ საღამოს, სანამ სახლში დაბრუნდება, დედა ყოველთვის მირეკავს, მოვდივარ  და რა გიყიდოო?  ათასი რამე მომაფიქრდება ხოლმე, მაგრამ მერე მერიდება იმდენის ჩამოთვლა და არაფერი-მეთქი ვეუბნები.  როგორც წესი, ეს პასუხი არასოდეს აკმაყოფილებს და თავისი ინიციატივით მაინც მოაქვს სნიკერსი ან რამე სასუსნავი. რა თქვმა უნდა, მიხარია ხოლმე და მაშინვე ვახრამუნებ, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, თვითონაც როგორ უხარია.

დღეს გვიან დავბრუნდი. ინტერნეტის ფული უნდა გადამეხადა ჩასარიცხ აპარატზე და რადგან 50 ლარიანის დამხურდავებელი არავინ მეგულებოდა, მაშინვე უნივერსამს მივაშურე და  საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში, უამრავი ტკბილეული გამოვზიდე. მერე სახლში მოვედი, ჩემს თავს ცხელი შოკოლადი მოვუმზადე და ტელევიზორის საყურებლად წამოვწექი. ახლა არაქისის კარაქს ვაჭმევ, აი ისე, ჯო ბლეკი რომ ჭამს, პირდაპირ კოვზით. ჰოდა წარმოვიდგინე ახლა, დედაჩემს როგორ მოსწონს, როცა ისე მივლის, როგორც მე ვექცევი ახლა ჩემს თავს. 😀

წავედი ახლა, თბილად უნდა ჩავაცვა, თორემ ძალიან აგრილდა ამ საღამოს 😀 😀 ერთი ის ვერ ვისწავლე, შუბლზე როგორ ვაკოცო საკუთარ თავს 😀

“ისედაც ლამაზი ხარ”

ზოგიერთს გაუკვირდება,  მაგრამ ყოველ დილით, როცა სახლიდან გასვლას ვაპირებ, საშუალოდ, 1 საათს მაინც ვანდომებ სარკის გარშემო ტრიალს. ეს არ არის ჩვევა, უბრალოდ მეტისმეტად ზოზინა ვარ იმისთვის, რომ 10 წუთში მოვასწრო თავის წესრიგში მოყვანა, დავარცხნა, მაკიაჟი და ა.შ. თუ ყველა პუნქტი საფუძვლიანად არ შევასრულე, მომიწევს მთელი დღე დისკომფორტის ქვეშ გავატარო. ზოგი მეგობარი დამცინის კიდევაც ამის გამო და მოთმინების ფიალა ევსებათ, როცა სადმე გვეჩქარება და მე ამ დროს წარბების ამოქნას მივყოფ ხელს. ამ დროს, მზად არიან დამაჯერონ, რომ ჩემი წარბი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშივით გამოიყურება, ოღონდ დროზე დავაგდო ხელიდან სავარცხელი და სახლიდან გავეტიო.

ეს ისე, მაგალითისთვის. ზოგადად კი ძალიან მაღიზიანებს გამონათქვამები:

  • რად გინდა დიეტაზე რომ ხარ? ასე უფრო საყვარელი ხარ;
  • არ გეზარება რომ ვარჯიშობ? ისედაც კარგ ფორმაში ხარ;
  • რად გინდა მაკიაჟს რომ იკეთებ, ისედაც ძალიან ლამაზი ხარ;
  • კბილები რატომ უნდა გაისწორო? მაინც მშვენივრად გამოიყურები;
  • დააგდე ეგ პინცეტი, ისედაც კარგად გაქვს წარბები;
  • ნეტა შენ, ამ ქუსლიანებით სიარული რომ არ გეზარება, კედებს ვერ ჩაიცვამდი?
არ ვიცი, რომელი გამონათქვამი უფრო შეესაბამება ასეთ დამოკიდებულებას, “სხვისი ჭირი -ღობეს ჩხირიო” თუ “სხვის ომში ყველა ბრძენიაო”?

“მაღლივის” ამინდის პროგნოზი

საკმარისია ერთ დღეს გავიღვიძო დილით ადრე, რომ მაშინვე მახსენდება, როგორ მიყვარს ძილი. ჰო, სწავლა დაიწყო და საწუწუნო თემებიც გამომიჩნდა.

ამჯერად სხვა რამე მადარდებს: ძალიან მოსაბეზრებელია ყოველ საღამოს ამინდის პროგნოზების ქექვა, რათა მოიფიქრო, რა ჩაიცვა მეორე დღეს ისეთი, რომ არც შეგცივდეს და არც დაგცხეს. ბოლოს, გაბრაზებული ისევ ჩემს ყავისფერ ჟაკეტს დავავლებ ხელს და გავრბივარ. მაღლივში მაინც ვერაფერს ჩაიცვამ შესაფერისს. იქ ან ბოტებით უნდა იარო, ან კალოშებით. ასევე, სასურველია თავზე კეპი გეფაროს, რომ მზემ არ დაგარტყას, ოღონდ ეს კეპი ქამრით უნდა მიიმაგრო, რომ ქარმა არ მოგტაცოს.

არ შეიძლება, მაღლივის ამინდის პროგნოზი ცალკე ეწეროს სადმე? 😦

იმპროვიზაცია

ყოველთვის მჯეროდა, რომ წინდახედულობა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო თვისებაა, რაც ადამიანს შეიძლება გააჩნდეს. მუდამ ვცდილობ, ამ პრინციპით ვიმოქმედო, რადგან ვიცი, შეცდომის დაშვების ალბათობას ასე მინიმუმამდე შევამცირებ და თავში ხელის შემორტყმაც არ დამჭირდება. მიყვარს, როცა წინასწარ მაქვს განზრახული, რას ვუპირებ საკუთარ თავს. დაახლოებით მაინც ვცდილობ დავგეგმო ახლო მომავალი, რომ მერე გზა არ ამებნას და ქარის მიმართულებით არ მომიხდეს მოძრაობა. ამიტომ, ყოველთვის წინასწარ ვსწავლიობ გზას, საითაც წასვლას ვაპირებ.

თუმცა, გეგმებისა და იმედებისგან რაც უფრო მაღალ კოშკს ააშენებ, მით უფრო ძნელი იქნება მისი ნანგრევებიდან გამოძრომა. რას იზამ, როცა ცარიელ ფურცელზე ესკიზის მოსახაზად დრო აღარ გრჩება, იძულებული ხარ იმპროვიზაციას მიმართო. დაე დრომ შეაფასოს გადაწყვეტილების სისწორე!

ჩემი ფერადი ინსომნია

ზოგჯერ გვგონია, დროთა განმავლობაში ყველაფერი მეორდება. ხან ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს წრეზე დავდიოდეთ და ადრე თუ გვიან ყველაფერი თავიდან იწყებოდეს და მთავრდებოდეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდანვე, მთელი წელი ერთ რგოლად მაქვს წარმოდგენილი, რომელზეც საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით ვმოძრაობ. რგოლის მარჯვენა მხარეს ზამთარია, მარცხნივ კი გაზაფხული. გაზაფხული და შემოდგომა, შესაბამისად, ზედა და ქვედა რკალებს იკავებენ.  ახლა უკვე 21-ე ასეთ გროლზე ვიწყებ სიარულს. მარშრუტი იგივეა. ოდესღაც, ზამბარას ფორმის ცისარტყელათი რომ ვთამაშობდი, ზუსტად იმას გჰავს ეს ყველაფერი. რგოლები იდენტური და პარალელურია. განსხვავება მხოლოდ ფერებშია.

ახლა, აგვისტოს ბოლოა. ისე ცივა, თითქოს ზაფხული შეწუხდა ჩვენი გათბობით და ღონემიხდილს, სადღაც მიეძინა. საერთოდაც, ძალიან გაზარმაცდა მგონი. ჯერ, მთელი ივნისი წვიმით აგვავსო და ახლა, აგვისტოში გვყინავს. მე კი ჩაის უზარაზარი ჭიქით ხელში, აივანს მივაშურებ და რაიმე ფიქრს ავატკიებინებ თავს. შარშანაც ასე ვიქცეოდი და წელს მთლად უარესი მელის. შემოდგომა ჯერ არ მოსულა და უკვე ისე მცვივა თმა, მეშინია ზამთრამდე გამელოტება არ მოვასწრო. როგორ მიკვირს, რატომ ვარ ადამიანი, როცა ასე ხშირად ვამჟღავნებ ალვის ხის თვისებებს? 😀 მათაც ჩემსავით ემართებათ, შემოდგომაზე, ხუნდებიან, მთელს სიმწვანეს კარგავენ და ბოლოს, უსიცოცხლო ჩონჩხს ემსგავსებიან. რას იზამ, ერთი სერია თუ არ დასრულდა, ისე ვერ დაიწყება  მეორე…

ჰოდა, რას გამოვხტი და მოსე მწერლობა გამვართე ამ შუა ღამიასას? უბრალოდ, არ მეძინება და არც კონცენტრაციის უნარი მყოფნის, რომ რამე წავიკითხო ან ფილმს მაინც ვუყურო. დანარჩენს ჩუმად, ზეპირად ვიფიქრებ. ეს კი, ალბათ, ამ ზაფულის ბოლო პოსტი იქნება ჩემს ბლოგზე. 🙂

%d bloggers like this: