Blog Archives

ტრაექტორია

კვირის განმავლობაში, საშუალოდ 10 საათს მგზავრობაში ვატარებ. არ ვიცი, ვისთვის არის ცოტა 10 საათი, მაგრამ ჩემთვის კი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ  მარკეტინგის 30-ვე საკითხი საფუძვლიანად მოვამზადო, შუალედური გამოცდისათვის. სულ რომ არაფერი, გემრიელად გამოძინებას მაინც მოვახერხებ და მერე საწუწუნო აღარ მექნება, შეუძლოდ ვარ-მეთქი. მგზავრობისას კი 10 საათი ისე იკარგება, თითქოს არც ყოფილა. მუსიკის მოსმენაა ერთადერთი სარგებელი, რაც ამ დროში შეიძლება მიიღო. აი, ყოველ დღე ასე ვტკეპნი უამრავ ქუჩას. მოძრაობის ტრაექტორია იმდენად ჩახლართულია, რომ თვითონაც ძლივს დავიმახსოვრე: გურამიშვილი, დადიანი, ჩიტაია, კლდიაშვილი, წინამძღვრიშილი, თამარ მეფის გამზირი, კოსტავა, პეკინი, ვაჟა-ფშაველა, ქავთარაძე, სანდრო ეული, უნივერსიტეტის ქუჩა… და ბოლოს ვაცნობიერებ, რომ ზედმეტად შორი გზით ვმოძრაობ, როცა პირდაპირი მარშუტით ოჯერ უფრო სწრაფად მივაღწევდი დანიშნულების ადგილამდე. თავის გასამართლებლად ისევ ანდაზას მოვიშველიებ: “შორი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო” (რამდენი ხანია ანდაზები არ განმიხილავს :D)  მაგრამ შემოვლითი გზა ყოველთვის ამართლებს ვითომ? ხომ შეიძლება დაგაგვიანდეს, ან დაგავიწყდეს, საით მიდიოდი და სადმე, სხვაგან გადაუხვიო, ან დაიკარგო და ვეღარ გააგნო.. მოკლედ, მაინც მგონია, რომ შემოვლითი გზით სიარულს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა პირდაპირი გზა გადაკეტილიია, ან ვინმეს აქვს მითვისებული, ან საშიშია…

არ ვიცი, ვინმე თუ გაიგებს, რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით, რადგან ესეც შორი გზით სიარულის ერთ-ერთი მაგალითია და უკვე კომპასი მჭირდება აზრის დასასრულებლად 😀 ამიტომ, დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია, ვისაც ორიენტირება არ გიჭირთ 🙂

Advertisements

ახალი ცოცხი

ბოლო დროს ანდაზებზე ხშირად მეხსნება პოსტის დაწერის მუზა. ახლა “ახალი ცოცხი” დავიჩემე. არ დამიწყოთ ახლა ამისი რეალური მორალის ახსნა (ისედაც ვიცი).

ახალი წლის წინა დღეებში დედაჩემს ყოველთვის ახალი ცოცხი მოაქვს სახლში. ძველი, რომელმაც მთელი წელი ნაგვის ხვეტვაში გაატარა, ახლა თვითონ ხდება ნაგავი. საწყალი ძველი ცოცხი. ერთ დროს ხომ ისიც ახალი იყო და კარგად გვიდა. თავიდანვე იცოდა, რომ ოდესმე თავისი წინამრბედის ბედს გაიზიარებდა. სულ მეცოდებოდა ძველი ცოხი, დედა გადასაგდებად რომ გაამაზებდა ხოლმე… მაგრამ რას იზამ, ახალი ცოცხი უკეთ გვის და თვალსაც უხარია მისი დანახვა. თუმცა ერთი გამონაკლისი ცოცხიც მახსოვს, რომელიც ახალ  წლამდე 1 თვით ადრე, შემთხვევით გადატყდა და სინანულით მოგვიწია სახლიდან მისი გასტუმება.

მორალი: როცა ახალი ცოცხის გამოჩენას იგრძნობ, ჯობია მიხვდე და შენით გახვიდე, სანამ ძველი ცოცხის სტატუსით მოგისვრიან.

უსაქმური აზრები (ანუ ნუ მომაქცევთ ყურადღებას)

რაც კურდღლის წელი მოვიდა, სულ ის ანდაზა მახსენდება, ორი კურდრლის უიღბლო მადევარის შესახებ. ისე, ბავშვობაში ბევრი ანდაზა ვიცოდი და ახლაც მახსენდება ხოლმე, სიტუაციებიდან გამომდინარე. ბოლო დროს კი რატომღაც ეს ერთი ავიკვიატე.

ნეტავ, ორის მაგივრად სამი ან მეტი კურდღელი რომ იყოს, ანდაზის აზრი მაინც იგივე იქნებოდა? რა ვიცი… ვმსჯელობ. პრინციპში, რატომაც არა? თუ ორი კურდღლის მადევარი ვერ დაიჭერს ვერც ერთს, სამი კურდღლის მადევარს ხომ უარესი მოუვა? ეს იმ თეორემას ჰგავს, “თუ a||b, c||a, მაშინ c||b”. თუმცა, რადგან ორი ლუწი რიცხვია და 3 – კენტი, ინდუქციის მეთოდით მსჯელობა არ გამოგვადგება. ცოტა შორს უნდა წავიდეთ.

 

მომცლია? – ვიცი.

ტვინს რას ვიმტვრევ? – ეგ ჩემი ჰობია.

თქვენ რას გერჩით? – არც არაფერს. უბრალოდ გირჩევთ, ზოგჯერ ანდაზებს დაუკვირდით ხოლმე. 🙂

%d bloggers like this: