Blog Archives

2013 review

romantic81ახალ წელს ჩაფიქრებული სურვილები ყოველთვის მისრულდება ხოლმე. არ გჯერათ? ძალიან ადვილია. როგორც კი საათის ორივე ისარი 12-ს მიუახლოვდება, ჩემი ოთახის ფანჯარასთან დავდგები და საკუთარ სურვილებს ჩუმად ვიმეორებ. ხმამაღლა რომც დავიძახო, ფეიერვერკევის ხმის ფონზე მაინც ვერავინ გაიგონებს. თავიდან არ მჯეროდა, ახლა კი პირველად შევამჩნიე, რომ არასოდეს ჩამიფიქრებია სურვილი, რომელიც არ ამსრულებია, თუნდაც სუბიექტური გაგებით. ჰო, ასეა. სურვილები კი სრულდება, მაგრამ თავისებურად. ეტყობა, ჩემმა თოვლის ბაბუამ ქართული კარგად არ იცის, ან ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით ესმის. წელს ორი ვარიანტი მაქვს. ან არაფერი არ უნდა ჩავიფიქრო, ან საკუთარი სურვილები იმდენად უნდა დავაკონკრეტო, რომ გაუგებრობას აღარ ჰქონდეს ადგილი.

როგორ მინდა, ამ პოსტის დასრულება არ დამეზაროს…

ფეისბუქი ჩემი მეხსიერებაა. მის გარეშე ნაბიჯსაც არ ვდგამ, ყველაფერი სათანადოდ მაქვს ჩანიშნული, ფოტოებისა და სტატუსების სახით. ახლაც შევალ და მთელი წლის ღირსშესანიშნავ ამბებს გადმოვაკოპირებ.

2013

იანვარი, როგორც ყოველთვის, გამოცდებით დაიწყო. გამოცდები და სამსახური, სწავლა და მუშაობა.. ცხოვრებაში პირველად შემეპარა ეჭვი ჩემს გონებრივ შესაძლებლობებში, როცა  10 ხმაურიანი ადამიანის გარემოცვაში ვერაფრის სწავლას ვერ ვახერხებდი. სიცხიანსა და ავადმყოფს რომ სამსახურში გიწევს მისვლა, მაშინ აცნობიერებ, რომ უკვე დიდი ხარ და აღარაფერი გეპატიება. მოკლედ, რაც აქამდე ხახვივით შემრჩა, წელს ყველა ვალი გავისტუმრე.

8f0f3cba33609580bdfc52d3b7c144d9შემდეგ იყო რამდენიმე ახალი გატაცება: ფაზლი, თევზები და ქინდლი. ამაზე ლაპარაკით უკვე ტვინი წავიღე. როცა გარეთ სიარულისა და მეგობრებთან ერთად გართობის დიდი მოყვარული არ ხარ, უნდა არსებობდეს რამე, რითაც თავისუფალ დროს თავს შეიქცევ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგემართება ის, რაც ზრდასრული ადამიანების უმრავლესობას ახასიათებს – გამოფიტვა.

სწავლის ამბავში საკუთარ თავს მეტს ვერაფერს მოვთხოვდი. უნივერსიტეტი დავამთავრე, ნანატრი graduation party მეღირსა და ჩემი ბაკალავრის დიპლომიც პირველი კორპუსის რომელიღაც ოთახში მელოდება. სწორედ ახლა ვაპიებ მასზე “ნადირობის” დაწყებას. ხნობები მაქვს ასაღები ბიბლიოთეკიდან და საფინანსო განყოფილებიდან.  ყველაზე მეტად, სულ ბოლოს დავუახლოვდი ჯგუფელებს. როცა ვახერხებ, ვცდილობ ყველა ვნახო და მათთან ერთად სადმე წავიდე ხოლმე გასართობად. მაგისტრატურასა და კვალიფიკაციის ამაღლებას რაც შეეხება, ეგ მომავალი წლისთვის შემოვინახე. ახლა მხოლოდ პატარ-პატარა ტრენინგებს ვჯერდები და საქაღალდეში სერტიფიკატებს ვაგროვებ.

2008053118003908555 ახალი წევრი ოჯახში. 4 თევზი და ერთი თუთიყუში. მართალია, დიდი კომუნიკაბელურობით ვერ გამოირჩევიან, რადგან თევზებს წყალი აქვთ პირში ჩაგუბებული, თუთი კი ჯერ ვერ მოვიჩვიე, მაგრამ ხელის ჩაქნევას მაიც არ ვაპირებ, რამდენიც არ უნდა მკორტნოს თავისი ციცქნა ნისკარტით.

დასვენებას რაც შეეხება, სრული შოკი იყო. აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს, მე და ჩემმა მეგობარმა მარიმ ხელები ჩავკიდეთ და ოზურგეთის მატარებლით ბათუმში გავემგზავრეთ 😀 ამაზე საინტერესო მგონი ცხოვრებაში არაფერი ჩამიდენია. სრულიად უცნობ ადგილებში გზის გაგნება რომ ჩემი ჰობი იყო ვიცოდი, მაგრამ დილის 5 საათზე, ურეკიდან ბათუმში მიმავალი ტრანსპორტის ძებნას თუ რამე მაიძულებდა, აზრზე არ ვიყავი. სამაგიეროდ, მერე ჭკუა ვისწავლე და Biaff-ზე სულ მარტო წასვლაც გავბედე. ამაზ წერა მეზარება, ამიტომ წინა პოსტი ნახეთ.

სამსახურშიც არაფერია ახალი იმის გარდა, რომ თავი მომთაბარე ტომის ბელადი მგონია. საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული მოვიარე, ფრიად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო მისიით. იმედია, ამ საქმიდან რამე გამოვა და ჩემი ტანჯვა-წამება უკვალოდ არ ჩაივლის.

მგონი მორჩა. “პირადი ცხოვრების” სიახლეებზე და ა.შ. ხმის ამომღები არ ვარ, ისედაც ყოველ წელს ერთი და იგივეს თქმა მიწევს და ვისაც არ ეზარება, ყველა ტვინს მიბურღავს, ეგრე როგორ შეიძლებაო.

ესეც ასე. ბოლო 5 წლის მონაცემებით, ყველაზე კარგი წელი მიილია.  უკეთესი დაიწყება 4 დღეში  😉

Advertisements

ვერიფიკაცია

მინდოდა, დეკემბრის ბოლო დღეს დამეწერა ეს პოსტი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ დარჩენილი 48 საათი მაინც არაფერს შეცვლის, ამიტომ ახლავე დავიწყებ შეჯამებას ამა წლისა.

პოზიტივის შემოსატანად, სულაც არ ვაპირებ დავიწყო მტკიცება, რომ 2011 გადასარევი წელი იყო, რომელმაც უამრავი სიახლე და წარმატება მომიტანა. არც წუწუნს მინდა მოვყვე, თუმცა კი ახლა დაახლოებით იმ მდგომარეობაში ვარ, ლექტორს რომ ცუდი ნაწერი აქვს შესასწორებელი, მთლად გასანულებლადაც რომ ენანება და მიზეზებს რომ ეძებს, თითო ქულის დასაწერად. მიყვარს ასეთი შედარებები. საბოლოოდ, გასული წლის შეფასება რომ დავიწყო, ჯერ ყველა ფაქტორი ცალ-ცალკე უნდა გავიხსენო, რაც არც ისე მარტივია, ამიტომ ისევ შედარებებს გამოვიყენებ. ბოლო დროს სულ შედარებებს უკავია ჩემი გონება. ასე ვცდილობ რეალობა გავამატრივო და უფრო ეფექტიანად ვიმოქმედო.

ახლა გადავწყვიტე, რომ მთელი წლის ცხოვრება ერთ რეგრესიის განტოლებას შევადარო, რომელშიც შედეგობრივი ცვლადი რამდენიმე ფატორზეა დამოკიდებული. ამიტომ, ჯერ ცალკეული ფაქტორების შეფასება და მნიშვნელოვნების დადგენაა საჭირო. Read the rest of this entry

საახალწლო განწყობა:)

ალე ახალი, 2010 წელი მოვა. მისი მოახლოება უკვე ყველას და ყველაფერს დაეტყო. ქალაქი უკვე დიდი ხანია მორთულია ილუმინაციებით. ჩვენს ბლოგებზეც საახალო პოსტები მატულობს. დიზაინშიც ცვლილებები შევიტანეთ. მე აგერ უკვე საახალწლო ჰედერიც გავაშანშალე :))))

თინისაგან განსხვავებით ნაძვის ხე ჯერ არ დამიდგამს. ეხლა რომ დავდგა, ახალ წლამდე უკვე მობეზრებული მექნება.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: