Blog Archives

My Green Sea

ზღვა მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი. არა, ნანახი კი არა, დანახული უფრო ითქმის. ნისლსა და წვიმაში, ძლივს ვარჩევდი, რა იყო ეს ვეებერთელა მწვანე სივრცე, რომელსაც თანდათან ვუახლოვდებოდი. ჰო, მწვანე იყო. ყოველ შემთხვევაში, დეკემბრის წვიმიან საღამოს ასე ჩანდა. ან, უბრალოდ, ისე გამიხარდა მისი დანახვა, რომ მწვანედ მომეჩვენა. მოკლედ, ზღვა, რომელიც უკვე 2 წელია ჩემს მეხსიერებაში არსებობს, მწვანეა და იქამდე იქნება ასე, სანამ მეორედ არ ვნახავ და ხელახლა არ დავიმახსოვრებ.

რატომ არასოდეს დავდიოდი ხღვაზე? პასუხი იმდენად მარტივია, თვითონაც მიკვირს. უბრალოდ, ბავშობაში ყოველთვის მაღალმთიან კურორტებზე მატარებდნენ დასასვენებლად. თინეიჯერობის ასაკში კი მხოლოდ იძულების წესით თუ მომაშორებდა თბილისს ვინმე.

აი, ასე გავატარე 22 წელი ხმელეთზე. უკვე მომბეზრდა, რომ ზაფხულობით ჩემზე ფერმკრთალი ქალაქში არავინ დადის.  კარგი, ჰო.. სიფერმკრთალე სულაც არ მადარდებს. უბრალოდ, ზღვისპირა ქალაქების მიმართ მამოძრავებს დაუოკებელი ინტერესი, თანაც უკვე კარგა ხანია, სადმე დამოუკიდებლად წასვლის იდეით ვარ შეპყრობილი. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღესაც საქართველოს რკინიგზის საიტზე შევედი და ყოველგვარი ზედმეტი ფიქრს გარეშე 2 ბილეთი ვიყიდე, ჩემთვის და ჩემი მეგობარი მარისთვის, რომელსაც შაბათს დაბადების დღე აქვს და გადავწყვიტე სიურპრიზი მომეწყო. მიმართულება – თბილისი – მახინჯაური. მოკლედ, სულ რამდენიმე დღეში ზღვას მეორედ ვნახავ. მანამდე კი რამდენიმე საქმე მაქვს მოსაგვარებელი:

  • საცურაო კოსტიუმის ყიდვა – აქამდე არასოდეს მქონია.
  • ბინის ან სასტუმროს მოძებნა.
  • საჭირო ნივთების სიის ჩამოწერა და ბარგის ჩალაგება.
  • აკვარიუმის წყლის გამოცვლა და თევზების მოვლაში დედაჩემის “დატრენინგება”.
  • რუკაზე ბათუმის გზების საფუძვლიანად დაზეპირება და მოსანახულებელი ადგილების სიის შედგენა.
  • ხელფასის აღება 😀

სულ ესაა, რასაც ვაპირებ. არ ვიცი, რამდენად რთული ან მარტივი გამოდგება, მაგრამ თუ ჩემი იმედები  გამართლდა და  გენიალური შაბათ-კვირა მელის. ❤

vectorgirl91

Advertisements

თბილისური ზაფხული

მხოლოდ აგვისტოს რამდენიმე დღე დამრჩა საიმისოდ, რომ ზაფხულის არსებობა ვიგრძნო. ზაფხული ნაცრისფერ წელიწადში შეპარული ერთადერთი მწვანე წერტილია, რომლის ხათრითაც მთელს დანარჩენ თვეებს ვუძლებ. ერთგვარი მოტივატორა ჩემთვის. მერე, ცოტა ხნით გაიელვებს და წავა.. კიდევ რამდენიმე თვეს  მომიწევს მორჩილად ლოდინი.

წელს თბილისიდან ფეხს არ გავადგამ. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ დასასვენებლად მხოლოდ მაშინ წავალ, როცა სამსახური და საკუთარი ფული მექნება. მანამდე კი ჩემი ქალაქგარეთ დასვენება მხოლოდ ტანჯვა-წამებაა, რომელსაც დედაჩემი ჰაერის გამოცვლის აუცილებლობით ამართლებს.

როგორია ჩემი ზაფხული თბილისში? დიდი არაფერი. 2/3 ნაწილი მაინც სწავლას და გამოცდებს უკავია. მხოლოდ 1/3 მრჩება საიმისოდ, რომ თავისუფლება ვიგრძნო და სრულ უსაქმურობას მივეცე. უსაქმურობა, როგორც წესი დღეებისა დაღამეების აღრევაში გამოიხატება. ჩემთვის მაშინ თენდება, როცა მეღვიძება. დილით მუსიკის მოსმენა, ვარჯიში, ყავა, სოციალური ქსელები და თავის მიხედვა, საღამოს –  იატაკზე წამოწოლა (ასე უფრო გრილად ვგრძნობ თავს), ფილმების ყურება და ხილის ჭამა. შიგადაშიგ საინტერესო წიგნების კითხვა, ოღონდ არა გასართობად, არამედ ინტერესის გამო.

ჰო, კინაღამ ქსოვა გამომრჩა. მეგონა მალე გადავეჩვეოდი, მაგრამ არა! თავში უამრავი პროექტი მიტრიალებს, ბევრი დროც მაქვს მათ განსახორციელებლად. მაგრამ ვაი, რომ ძაფებზე დეფიციტია. მომიწევს ოქტობმრამდე ველოდო. რაც ყველაზე მთავარი სიახლეა, რამდენიმე დღის წინ, მართვის მოწმობის აღება მომინდა. თეორიაში უკვე დავიწყე მეცადინეობა. ძალიან ადვილია, მეცადინეობის გარეშეც კი საკმაოდ მაღალ ქულებს ვიღებდი. აი პრაქტიკა ჯერ კიდევ ექსტრემალურ სპორტად მეჩვენება. არც კი ვიცი, თუ გავბედავ.

აი, ასეთია ჩემი თბილისური ზაფხული. ვისთვის მოსაწყნი, მე კი იმის ცოდნაც მყოფნის, რომ თუ მოვინდმებ, შემიძლია ყირაზეც გადავიდე.

მხიარულ დასვენებას გისურვებთ 🙂

დასვენება და ქსენოფობია

მგონი არ არსებობს მსოფლიოში ადამიანი, რომელსაც ჩემებრ ეჯავრება არდადაგებზე ქალაქის დატოვება. ალბათ ასე არ იქნებოდა, რაღაც გარემოებებს რომ არ შეეწყო ხელი, მაგრამ ალბათ ამ ამბავს კარგა ხანს ვეღარ შევცვლი. ყველა მიზეზსაც რომ შევეშვა, დასასვენებლად სადმე წასვლა იმიტომ მაინც მგონია უაზრობა, რომ არდადაგები ჩემთვის ისედაც დასვენებას გულისხმობს და სულ არ მგონია აუცილებელი, აბარგდე, რამდენიმე საათი მგზავრობაში გაატარო, მერე სადღაც მიხვიდე, იქ რამდენიმე დღე იყო და ისევ უკან დაბრუნდე – აი, ამას ნიშნავს ჩემთვის დასასვენებლად წასვლა, რასაც ტანჯვას უფრო დავარქმევდი.

ზუსტად არ მახსოვს, რამდენი რამის წაკითხვა მოვასწარი 1 კვირის განმავლობაში. მგონი, მთელი წლის გეგმა შვიდ დღეში შევასრულე და ბოლოს, მარაგი რომ ამომეწურა “ფრაქტალურ გეომეტრიას” მივადექი. ფრიად საინტერესო დარგია. უბრალოდ, ნერვები უნდა გქონდეს. Read the rest of this entry

Goodbye

მე არ მიყვარს წასვლა. მიყვარს გაქცევა, თავის დაღწევა, მაგრამ ყოველთვის მიჭირს წასვლა. თუ მაინც წავედი, სულ უკან ვიყურები და პირველსავე შემთხვევას ვიყენებ, რომ ისევ უკან დავბრუნდე.

ახლაც ასეა. წესით უკვე წასული უნდა ვიყო, მაგრამ მაინც მოვახერხე გაჯანჯლება, თუმცა ხვალ მაინც ვერაფერი გადამარჩენს 😀

მოკლედ, ზაფხულია და როგორც ყველა ნორმალური (დედაჩემს ასე მიაჩნია) მეც ვტოვებ ქალაქს და მივდივარ რათა ‘დავისვენო’.

აღარ დავიწყებ მოყოლას, თუ როგორია ჩემი ყოველწლიური დასვენება. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ წელს რამე შეიცვლება და წუთების თვლას აღარ მომიწევს სახლში დაბრუნებამდე.

ჰოდა, წავედი მე! შემდეგ პოსტებს უკვე ბორჯომიდან დავწერ და იქაურ ამბებს მოგახსენებთ 🙂

ზაფხულის ბოლოს (ანუ რა ატრიალებს დედამიწას)

ზაფხული მიდის. რამდენიმე საათში მომავალ წლამდე დაგვემშვიდობება და კარს გაიჯახუნებს. ეს 91 დღე კი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ალბათ ხშირად გამახსენდება.

ამ ზაფხულს ბევრი ახალი ახალი რამ ვისწავლე, ბევრ რამეს მივხვდი, ბევრი ადამიანი გავიცანი და კიდევ უფრო ჩემებური გავხდი, ვიდრე ვიყავი.

1. ყველაფერი დაიწყო გამოცდებით. მაინც მოვახერხე და მეორე კურსზე ვალები არ გადამიყოლებია. თუმცა ჩემი სიზარმაცე რამდენიმე ნერვული უჯრედის ფასად მაინც დამიჯდა. ამიტომ დასკვნა: – ნებისმიერ ფასად უნდა ვისწავლო ნერვების დაზოგვა. ყველაზე ლოგიკური ვარიანტია მეცადინეობის დრო დღეში 1 საათით გავზარდო.

2. გავიცანი უამრავი, სრულიად განსხვავებული ადამიანი, როგორც ჩემგან, ასევე ერთმანეთისაგან. ეს აბავიც ძალიან მიხარია, თანაც ჩემი “სტატისტიკური დაკვირვებებიც” ბევრად უფრო განვითარდა და ახალი იდეები დაემატა.

3. ამ ზაფხულს ვიყავი 3 ექსკურსიაზე.  ეს ყველაზე აზრიანი რამ არის ჩემთვის. კიდევ უფრო ბევრი ადგილი ვნახე საქართველოში და კიდევ უფრო მეტად მომინდა მთელი ქვეყნის შემოვლა და დათვალიერება. Read the rest of this entry

%d bloggers like this: