Blog Archives

თბილისური ზაფხული

მხოლოდ აგვისტოს რამდენიმე დღე დამრჩა საიმისოდ, რომ ზაფხულის არსებობა ვიგრძნო. ზაფხული ნაცრისფერ წელიწადში შეპარული ერთადერთი მწვანე წერტილია, რომლის ხათრითაც მთელს დანარჩენ თვეებს ვუძლებ. ერთგვარი მოტივატორა ჩემთვის. მერე, ცოტა ხნით გაიელვებს და წავა.. კიდევ რამდენიმე თვეს  მომიწევს მორჩილად ლოდინი.

წელს თბილისიდან ფეხს არ გავადგამ. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ დასასვენებლად მხოლოდ მაშინ წავალ, როცა სამსახური და საკუთარი ფული მექნება. მანამდე კი ჩემი ქალაქგარეთ დასვენება მხოლოდ ტანჯვა-წამებაა, რომელსაც დედაჩემი ჰაერის გამოცვლის აუცილებლობით ამართლებს.

როგორია ჩემი ზაფხული თბილისში? დიდი არაფერი. 2/3 ნაწილი მაინც სწავლას და გამოცდებს უკავია. მხოლოდ 1/3 მრჩება საიმისოდ, რომ თავისუფლება ვიგრძნო და სრულ უსაქმურობას მივეცე. უსაქმურობა, როგორც წესი დღეებისა დაღამეების აღრევაში გამოიხატება. ჩემთვის მაშინ თენდება, როცა მეღვიძება. დილით მუსიკის მოსმენა, ვარჯიში, ყავა, სოციალური ქსელები და თავის მიხედვა, საღამოს –  იატაკზე წამოწოლა (ასე უფრო გრილად ვგრძნობ თავს), ფილმების ყურება და ხილის ჭამა. შიგადაშიგ საინტერესო წიგნების კითხვა, ოღონდ არა გასართობად, არამედ ინტერესის გამო.

ჰო, კინაღამ ქსოვა გამომრჩა. მეგონა მალე გადავეჩვეოდი, მაგრამ არა! თავში უამრავი პროექტი მიტრიალებს, ბევრი დროც მაქვს მათ განსახორციელებლად. მაგრამ ვაი, რომ ძაფებზე დეფიციტია. მომიწევს ოქტობმრამდე ველოდო. რაც ყველაზე მთავარი სიახლეა, რამდენიმე დღის წინ, მართვის მოწმობის აღება მომინდა. თეორიაში უკვე დავიწყე მეცადინეობა. ძალიან ადვილია, მეცადინეობის გარეშეც კი საკმაოდ მაღალ ქულებს ვიღებდი. აი პრაქტიკა ჯერ კიდევ ექსტრემალურ სპორტად მეჩვენება. არც კი ვიცი, თუ გავბედავ.

აი, ასეთია ჩემი თბილისური ზაფხული. ვისთვის მოსაწყნი, მე კი იმის ცოდნაც მყოფნის, რომ თუ მოვინდმებ, შემიძლია ყირაზეც გადავიდე.

მხიარულ დასვენებას გისურვებთ 🙂

ჩემი ფერადი ინსომნია

ზოგჯერ გვგონია, დროთა განმავლობაში ყველაფერი მეორდება. ხან ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს წრეზე დავდიოდეთ და ადრე თუ გვიან ყველაფერი თავიდან იწყებოდეს და მთავრდებოდეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდანვე, მთელი წელი ერთ რგოლად მაქვს წარმოდგენილი, რომელზეც საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით ვმოძრაობ. რგოლის მარჯვენა მხარეს ზამთარია, მარცხნივ კი გაზაფხული. გაზაფხული და შემოდგომა, შესაბამისად, ზედა და ქვედა რკალებს იკავებენ.  ახლა უკვე 21-ე ასეთ გროლზე ვიწყებ სიარულს. მარშრუტი იგივეა. ოდესღაც, ზამბარას ფორმის ცისარტყელათი რომ ვთამაშობდი, ზუსტად იმას გჰავს ეს ყველაფერი. რგოლები იდენტური და პარალელურია. განსხვავება მხოლოდ ფერებშია.

ახლა, აგვისტოს ბოლოა. ისე ცივა, თითქოს ზაფხული შეწუხდა ჩვენი გათბობით და ღონემიხდილს, სადღაც მიეძინა. საერთოდაც, ძალიან გაზარმაცდა მგონი. ჯერ, მთელი ივნისი წვიმით აგვავსო და ახლა, აგვისტოში გვყინავს. მე კი ჩაის უზარაზარი ჭიქით ხელში, აივანს მივაშურებ და რაიმე ფიქრს ავატკიებინებ თავს. შარშანაც ასე ვიქცეოდი და წელს მთლად უარესი მელის. შემოდგომა ჯერ არ მოსულა და უკვე ისე მცვივა თმა, მეშინია ზამთრამდე გამელოტება არ მოვასწრო. როგორ მიკვირს, რატომ ვარ ადამიანი, როცა ასე ხშირად ვამჟღავნებ ალვის ხის თვისებებს? 😀 მათაც ჩემსავით ემართებათ, შემოდგომაზე, ხუნდებიან, მთელს სიმწვანეს კარგავენ და ბოლოს, უსიცოცხლო ჩონჩხს ემსგავსებიან. რას იზამ, ერთი სერია თუ არ დასრულდა, ისე ვერ დაიწყება  მეორე…

ჰოდა, რას გამოვხტი და მოსე მწერლობა გამვართე ამ შუა ღამიასას? უბრალოდ, არ მეძინება და არც კონცენტრაციის უნარი მყოფნის, რომ რამე წავიკითხო ან ფილმს მაინც ვუყურო. დანარჩენს ჩუმად, ზეპირად ვიფიქრებ. ეს კი, ალბათ, ამ ზაფულის ბოლო პოსტი იქნება ჩემს ბლოგზე. 🙂

Goodbye

მე არ მიყვარს წასვლა. მიყვარს გაქცევა, თავის დაღწევა, მაგრამ ყოველთვის მიჭირს წასვლა. თუ მაინც წავედი, სულ უკან ვიყურები და პირველსავე შემთხვევას ვიყენებ, რომ ისევ უკან დავბრუნდე.

ახლაც ასეა. წესით უკვე წასული უნდა ვიყო, მაგრამ მაინც მოვახერხე გაჯანჯლება, თუმცა ხვალ მაინც ვერაფერი გადამარჩენს 😀

მოკლედ, ზაფხულია და როგორც ყველა ნორმალური (დედაჩემს ასე მიაჩნია) მეც ვტოვებ ქალაქს და მივდივარ რათა ‘დავისვენო’.

აღარ დავიწყებ მოყოლას, თუ როგორია ჩემი ყოველწლიური დასვენება. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ წელს რამე შეიცვლება და წუთების თვლას აღარ მომიწევს სახლში დაბრუნებამდე.

ჰოდა, წავედი მე! შემდეგ პოსტებს უკვე ბორჯომიდან დავწერ და იქაურ ამბებს მოგახსენებთ 🙂

მწვანე და წითელი

კარგა ხანია, ბლოგზე არაფერი დამიწერია. საწერი მაქვს, როგორ არ მაქვს, მაგრამ ვერიდები ჩემი ცოტა აგრესიული და ხმაურიანი ბლოგის გულჩუყით (ჩემი მოგონილი ტერმინია) გადატვირთვას. ასეთი იმიჯი მაქვს რეალურად – ძლიერი ქალის და როცა ბლოგზე თვითგამოხატვა ვისწავლე, ბლოგიც ასეთი გამომივიდა. არადა, ხანდახან მართლა მირჩევნია, სულაც არ ვიყო ასეთი ხმაურიანი, უბრალოდ, გავწვე სადმე ბალახებში და გავყუჩდე, ხოლო ბლოგზე – უბრალოდ, განწყობა ვპოსტო. მარის ბლოგსაც ამიტომ ვსტუმრობ ხოლმე, მასთან არც ემოციურად ვიღლები და არც ტვინს ვძაბავ ზედმეტად, უბრალოდ – ვისვენებ.

ჰოდა, წინა პოსტს რომ მოპატიჟება დაურთო, როგორ გავუშვებდი ამ შანსს ხელიდან! გავიკეთე ყურსასმენები და მარისებური მუსიკაც ჩავრთე – მოსარაბრაიტმანო ოფრა ჰაზა. თავს ისე ვგრძნობ, როგორც ახლო მეგობრის სახლში, სადაც ზედმეტი ლაპარაკიც არ მჭირდება, არამედ საკმარისია, ვესტუმრო და მე აუცილებლად დამხვდება სიმშვიდე, ბალახის ხალიჩა, სადაც ფეხშიშველი გავივლი და მასპინძელი, რომელიც თავის დადებით ენერგიას დაუნანებლად გამინაწილებს.

სხვათა შორის, მეორეც მაქვს ასეთი “სააგარაკო” ბლოგი. რა საოცარი ხალხი ხართ ეს მწვანისმოყვარულები!

ჰო, რას ვამბობდი… მაქვს ასეთი პერიოდებიც, როცა საკუთარი ემოციებისგან ვიღლები, სამაგიეროდ, ისეთი გულჩვილი ვხდები, რომ ყველაფერზე მეტირება – ეგვიპტელების მონობის უღელქვეშ ტანჯული ებრაელებიდან დაწყებული უცნობი მოხუცებით დამთავრებული. ორი განსაკუთრებით მყავს ამოჩემებული: ერთი სახლისკენ მიმავალს მხვდება – სიგარეტების კოლოფებითა და ცოტაოდენი წვრილმანით დაზვინულ მაგიდასთან ზის, მეორე კი სახლიდან სამსახურში მიმავალს – დგას მორჩილად მეტროსთან, ალბათ საკუთარ ბაღში მოყვანილი ვარდებით და შიგადაშიგ მინდვრის ყვავილებითაც.

ასეთ პერიოდში განსაკუთრებით მძაფრად ვგრძნობ, როგორ მიყვარს და მჭირდება ადამიანები.განსაკუთრებით მწვანე ადამიანები, მზის სხივი რომ დაჰყვებათ ხოლმე. ალბათ, ყველა ჩემნაირი “წითელი” გრძნობს ამას ხანდახან. სამაგიეროდ, ჩვენ არაფერს გავუჭირვებთ საყვარელ “მწვანეებს”.

ახლა ზაფხულია, მარის საყვარელი წელიწადის დრო. ჩემიც, სხვათა შორის. მე მზისგან ვიღებ ენერგიას, მარი – სიმწვანისგან. კიდევ კარგი, ამ ენერგიების ურთიერთგაცვლა შესაძლებელია და კიდევ კარგი, ამას ორივე მხარისთვის მოაქვს სარგებლობა. მოკლედ, მე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები სამყაროს მოწყობის იდეალურობაში და თავს ადამიანთა შორის ერთ–ერთად ვგრძნობ. ახლა მეტყვით, რა არის მაგაში განსაკუთრებულიო! თუ არ გესმით, ვერც გაიგებთ…

მე არ ვიცი, რას ვერჩი მარის ბლოგს, ასეთი პოსტით რომ ვაფუჭებ, მაგრამ მგონი, არ გამიბრაზდება. ბოლოს და ბოლოს, თვითონ მომცა უფლება! მე კი მართლაც დავისვენე აქ და მონატრებულ ფანჯარაში მონატრებული ტექსტი ავკრიფე ჩემი საპოსტედ აქავებული ხელებით. ამიტომაც, მარის ბლოგის მკითხველების იმედგაცრუებას საკუთარ თავს სულგრძელად ვპატიობ.

ავტორი, მეზობელი ბლოგიდან Tamara’s Dynamite

♥ ♥ ♥

ის, რაც მჭირდება, რომ ვისუნთქო;

რაც მჭირდება, რომ დილით გაღვიძება მიხაროდეს;

რაც მჭირდება, რომ სხვა დანარჩენი სულ ერთი იყოს;

რაც მჭირდება, რომ არ გავიყინო;

რაც მჭირდება, რომ ისეთი ვიყო, როგორიც მიყვარს ჩემი თავი…

273 დღიანი ლოდინის შემდეგ ის დაბრუნდა!

გილოცავთ, დღეიდან ზაფხულია 🙂

 

ზაფხულის ბოლოს (ანუ რა ატრიალებს დედამიწას)

ზაფხული მიდის. რამდენიმე საათში მომავალ წლამდე დაგვემშვიდობება და კარს გაიჯახუნებს. ეს 91 დღე კი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ალბათ ხშირად გამახსენდება.

ამ ზაფხულს ბევრი ახალი ახალი რამ ვისწავლე, ბევრ რამეს მივხვდი, ბევრი ადამიანი გავიცანი და კიდევ უფრო ჩემებური გავხდი, ვიდრე ვიყავი.

1. ყველაფერი დაიწყო გამოცდებით. მაინც მოვახერხე და მეორე კურსზე ვალები არ გადამიყოლებია. თუმცა ჩემი სიზარმაცე რამდენიმე ნერვული უჯრედის ფასად მაინც დამიჯდა. ამიტომ დასკვნა: – ნებისმიერ ფასად უნდა ვისწავლო ნერვების დაზოგვა. ყველაზე ლოგიკური ვარიანტია მეცადინეობის დრო დღეში 1 საათით გავზარდო.

2. გავიცანი უამრავი, სრულიად განსხვავებული ადამიანი, როგორც ჩემგან, ასევე ერთმანეთისაგან. ეს აბავიც ძალიან მიხარია, თანაც ჩემი “სტატისტიკური დაკვირვებებიც” ბევრად უფრო განვითარდა და ახალი იდეები დაემატა.

3. ამ ზაფხულს ვიყავი 3 ექსკურსიაზე.  ეს ყველაზე აზრიანი რამ არის ჩემთვის. კიდევ უფრო ბევრი ადგილი ვნახე საქართველოში და კიდევ უფრო მეტად მომინდა მთელი ქვეყნის შემოვლა და დათვალიერება. Read the rest of this entry

მწვანე სიცოცხლე და თეთრი სიკვდილი

ასეთი პოსტების წერას ვცდილობ მოვერიდო. ვიცი დეპრესიაში ხარო დამიწყებენ მტკიცებას და ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, შეიძლება დავიჯერო კიდევაც. სინამდვილეში დეპრესია ჩემთვის არ არსებობს. საერთოდაც მგონი ის ადამიანებმა სიზარმაცის გამო თავის გასამართლებლად მოიგონეს. ჩასხდებიან დეპრესიაში და არ გასცეთ ხმა არავინ.

დღეს დილით სახლში უკვე მართლა აღარ დამედგომებოდა. წასასვლელიც ვერაფერი მოვიფიქრე და ისევ ჩემს აივანს შევაფარე თავი. აივანს ისე ვეძახი, თორემ სკამის დასადგმელი ადგილიც არ არის იქ. საკმაოდ ადრე იყო. სიჩუმეს მხოლოდ საბერტყელას ხმა არღვევდა, ჩემი ყურსასმენებიდან გამომავალი მუსიკის ფონზე. შემოვჯექი მოაჯირზე (ვეკოს ზეგავლენა) და დავიწყე უსაქმური ფიქრი. -ისევ კითხულობ? კაი 🙂

ფოთოლცვენის დაწყებას ბრმაც რომ ვიყო, მაინც ყოველთვის ვიგრძნობ, რადგან იგი პირდაპირპროპორციულად აისახება ჩემს თმაზე. კიდევ კარგი გამელოტებას ვერ ვასწრებ ფოთოლცვენის შეწყვეტამდე. ახლაც, ჩემი ეზოდან ნიავის ყოველი  წამოქროლვისას   მესმის გამხმარი ფოთლების შრიალი. ალვის ხეებს უკვე შეეპარათ სიმწყვანეში ყვითელი ჭაღარა. უკვე ბერდებიან, თუმცა ჯერ ისევ ახალგაზრდები არიან. სიბერეს შემოდგომაზეც მოასწრებენ.

აი რატომ მიყვარს მწვანე. მწვანე კი არა, ზოგადად სიმწვანე მიყვარს. სიცოცხლით სავსე, ხალისიანი და ახალგაზრდაა. თუმცა სანამ გარშემო სიმწვანეს ვხედავთ, ნაკლებ ადეკვატურად აღვიქვამთ. არადა ეს დრო ხომ ასე ცოტა ხანს გრძელდება,  ჩვენ კი წუწუნში და სრულ უაზრობაში ვატარებთ. გვავიწყდება რომ შეუქცევადი პროცესია სიმწვანის გახუნება და გაყვითლება, ისევე როგორც დაბერება. უძლური ხარ, ვერაფერს იზამ, შემოდგომა მაინც მოვა და გაგაყვითლებს. ეს აუცილებელიცაა. ღმერთმა დაიფაროს ზაფხულის შემდეგ პირდაპირ ზამთრის მოსვლა. (თუმცა ჩვენკენ ხშირად გარდამავალი სეზონები შეუმჩნეველია) თუმცა არც სიყვითლეა საშიში თუ მტკიცედ შეხვდები. შემოდგომაზე რომ კარგი მოსავალი აიღო, მანამდე ბევრი უნდა იშრომო, სანამ მწვანე ხარ, თორემ ცელიანი ზამთარი ისე მოგიკაკუნებს და თოვლით დაგვფარავს, რომ უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებ.

აი ამიტომ არ მიყვარს ზამთარი. სიკვდილივითაა.  სიკვდილი კი ნაცრისფელია, ჭუჭყიანი თოვლივით.

– ვაი, ეს სად შემოვმჯდარვარ. – ცოტა საშიშია ფიქრი, როცა მეექვსე სართულის აივნის მოაჯირზე ზიხარ. ყურსასმენებში კი ფლეილისტის ალბათ უკვე 30-ე მუსიკა მესმის… მზე ისევ არ ჩანდა სქელი ღრუბლიდან და არც ახლა ჩანს ახალი მთვარე.

ზაფხული დაგვიბრუნდა

ახალი სიცოცხლე დაიწყო, ზაფხული ისევ მოვიდა. გილოცავთ! 😀 😀

მგონი დიდად არც გიხარიათ, ზაფხული ბევრისთვის მხოლოდ აუტანელ სიცხესთან ასოცირდება, გული უწუხდება ზოგს აგისტოს პაპანაქებაში, მაგრამ მე  ასეთი სიცხიანად მიყვარს ზაფხული.

თავიდან ამისთვის მხოლოდ ის მიზეზი მქონდა, რომ ჩემი დაბადების დღე შუა ზაფხულშია. ისე კი ყოველთვის ვწუხდი იმ დღის “მდებარეობის” გამო, რადგან ჩემი მეგობრები ყოველთვის დასასვენებლად იყვნენ წასულები და კარგად ვერ ვერთობოდი.

ზაფხულობით, როგორც წესი, ზღვაზე არ დავდივარ, რადგან ცურვა მაინც არ ვიცი (დედაჩემს ეშინია არ დავიხრჩო), ამიტომ პლაჟზე ტყუილად გდებას მირჩევნია სუფთა ჰაერზე დავისვენო სადმე მთაში ან ტყიან ადგილას.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: