Blog Archives

ოპტიმიზმი და ოცდამეათე მგზავრი

ყველაზე საშიში ადმიანი, ალბათ სიკვდილმისჯილი პატიმარია. იცის, ვერსად გაიქცევა და იძულებულია ბედს დაჰმორჩილდეს მანამ, სანამ გადარჩენის სულ მცირე იმედს არ მისცემს ვინმე. სასოწარკვეთილ ადამიანს ყველაზე იოლად დააჯერებ, რისი დაჯერებაც უნდა. ყველაფერი შეგიძლია გააკეთებინო. საითაც გინდა, იქით წაიყვან და ისიც უსიტყვოდ გამოგყვება. დასაკარგი მაინც არაფერი აქვს და ურჩევნია იმედი მაინც ჰქონდეს, რითაც ცხოვრებას გააგრძელებს. საკუთარ თავს თუ არა, ეგებ ვინმეს მაინც გამოადგეს რამეში. საშინელებაა სასოწარკვეთა, მაგრამ რა აზრი აქვს, საპნის ბუშტზე დაამყარო მთელი იმედები, რომელიც საჰაერო ბურთად ვერასოდეს გადაიქცევა? თუმცა, ხომ გაგიგია, მთავარია გჯეროდეს და ყველაფერი გამოვაო? ჰოდა გვჯეროდეს! დაე ყველამ ბეჯითად დავიჯეროთ, რაც გვინდა და ასეც იქნება… აი, ისე უნდა დავიჯეროთ, როგორც ამ ოცდამეათე მგზავრს, ყვითელ სამარშუტო ტაქსში, კართან მიჭყლეტილი რომ დგას, ყოველ გაჩერებაზე ჩასვლა და ყველას გატარება უწევს, მერე 80 თეთრს რომ გადაიხდის და მთელი გულით სჯერა, რომ კომფორტულად მგზავრობს ახალი მიკროავტობუსით.

გჯეროდეთ და იყავით ბედნიერები… 🙂 😐

არდადეგები დასრულდა!

ღეს არდადეგების ბოლო დღეა. ხვალიდან ისევ ჩვეულებრივ ცხოვრებას ვუბრუნდები, დილით ადრე გაღვიძებით, მეცადინეობით, 2 საათიანი მგზავრობით… ეს ყველაფერი ახალი სულაც არ არის. მხოლოდ ის განსხვავება იქნება, რომ ხვალიდან გაზაფხული იწყება და გაზაფხულზე არასოდეს ვყოფილვარ უნივერსიტეტში 🙂

პირველმა სემესტრმა დიდი დაძაბულობით, მაგრამ მაინც ნორმალურად ჩაიარა. რაც მთავარია არც ერთი საგანი არ შემრჩენია და მეორე სემესტრში ჩვეულებრივად გავივლი 6 საგანს. ახალი ცხრილი უკვე კაი ხანია შევადგინე და რეგისტრაციაც გავიარე. სამწუხაროდ ძველ ჯგუფელებთან ერთად ვეღარ ვისწავლი, ამიტომ ახალი ცხრილი ისე შევადგინე, რომ ყველა საგანი სხვადასხვა ჯგუფთან ერთად მქონდეს.

რადგან დღეს არდადეგების ბოლო დღეა, გადავწყვიტე მხოლოდ კომპიუტერთან ჯდომაში და სახლში ბორიალში არ გამეტარებინა. დილით ადრე გავირვიძე და მთელი დღე და დავგეგმე.

დიდი ხანია არ მიშოპინგია, ასე რომ პირველ რიგში ეს გამახსენდა. ისე დიდად არ მიყვარს შოპინგი, ძალიან მღლის და დიდი დრო მიაქვს, მაგრამ თან თუ ისეთი დაქალი გახლავს, როგორიც ანაა, ბევრი ფიქრი არ დაგჭირდება არაფრის ყიდვაზე. ერთი შეხედვისთანავე იცის მომიხდება თუ არა რაიმე სამოსი. ორი საგაზაფხულო ზედა მაყიდინა დაჟინებული თხოვნით. მე ქვედა ბოლოს ყიდვა მინდოდა, მაგრამ მერე არჩევანი შავ, სწორ შარვალზე შევაჩერე. სულ ჯინსები მაქვს და არ უხდება ყველაფერს, ამიტომ ნამდვიალდ აუცილებელი იყო. კიდევ რაღაც სისულელეები ვიყიდე, რაში გამოვიყენებ არ ვიცი, მაგრამ იყოს მაინც 🙂

დამღლელი ბოდიალის მერე თმის დასავარცხნად სილამაზის სალონში წავედით. ანამ თქვა ერთი კაი სალონი ვიციო და წავყევი. მართლა კარგი გამოდგა, 3 დღის წინ დაყრილი თმები არ ეყარა იატაკზე და სტილისტები სიგარეტს არ მაბოლებდნენ სახეში. მოწესრიგებული და სასიამოვნო. ეტყობოდა რომ სილამაზის სალონი იყო და არა სიმახინჯის, რომლებიც მრავლადაა თბილისში.

ჩოლკა დავამოკლებინე და თმა დავავარცხნინე. ამ პროცედურას სასტიკად ვერ ვიტან, რადგან თითქოს ვგრძნობ როგორ იწვება ჩემი თმა ფენით.  თავიდან სტილისტს ეგონა რაღაც ვარცხნილობის გაკეთებას ვაპირებდი და ყურადღებით მათვალიერებდა. მერე რომ გაიგო რისთვისაც ვიყავი მისული, მეხვეწებოდა თმას მაინც შეგჭრი, რათ გინდა მაგხელა თმაო. ბოლოს მხოლოდ ჩოლკის შეჭრას დასჯერდა, მთელი თმა ვერ დავთმე.

უაღრესად დაღლილი დავბრუნდი სახლში. ახლა ხვალინდელზე ვფიქრობ. იმედია კარგი დღე იქნება და რამე ხიფათს არ გადავეყრები. წავედი ახლა, დილით ადრე უნდა ავდგე.

%d bloggers like this: