Blog Archives

მწვანე და წითელი

კარგა ხანია, ბლოგზე არაფერი დამიწერია. საწერი მაქვს, როგორ არ მაქვს, მაგრამ ვერიდები ჩემი ცოტა აგრესიული და ხმაურიანი ბლოგის გულჩუყით (ჩემი მოგონილი ტერმინია) გადატვირთვას. ასეთი იმიჯი მაქვს რეალურად – ძლიერი ქალის და როცა ბლოგზე თვითგამოხატვა ვისწავლე, ბლოგიც ასეთი გამომივიდა. არადა, ხანდახან მართლა მირჩევნია, სულაც არ ვიყო ასეთი ხმაურიანი, უბრალოდ, გავწვე სადმე ბალახებში და გავყუჩდე, ხოლო ბლოგზე – უბრალოდ, განწყობა ვპოსტო. მარის ბლოგსაც ამიტომ ვსტუმრობ ხოლმე, მასთან არც ემოციურად ვიღლები და არც ტვინს ვძაბავ ზედმეტად, უბრალოდ – ვისვენებ.

ჰოდა, წინა პოსტს რომ მოპატიჟება დაურთო, როგორ გავუშვებდი ამ შანსს ხელიდან! გავიკეთე ყურსასმენები და მარისებური მუსიკაც ჩავრთე – მოსარაბრაიტმანო ოფრა ჰაზა. თავს ისე ვგრძნობ, როგორც ახლო მეგობრის სახლში, სადაც ზედმეტი ლაპარაკიც არ მჭირდება, არამედ საკმარისია, ვესტუმრო და მე აუცილებლად დამხვდება სიმშვიდე, ბალახის ხალიჩა, სადაც ფეხშიშველი გავივლი და მასპინძელი, რომელიც თავის დადებით ენერგიას დაუნანებლად გამინაწილებს.

სხვათა შორის, მეორეც მაქვს ასეთი “სააგარაკო” ბლოგი. რა საოცარი ხალხი ხართ ეს მწვანისმოყვარულები!

ჰო, რას ვამბობდი… მაქვს ასეთი პერიოდებიც, როცა საკუთარი ემოციებისგან ვიღლები, სამაგიეროდ, ისეთი გულჩვილი ვხდები, რომ ყველაფერზე მეტირება – ეგვიპტელების მონობის უღელქვეშ ტანჯული ებრაელებიდან დაწყებული უცნობი მოხუცებით დამთავრებული. ორი განსაკუთრებით მყავს ამოჩემებული: ერთი სახლისკენ მიმავალს მხვდება – სიგარეტების კოლოფებითა და ცოტაოდენი წვრილმანით დაზვინულ მაგიდასთან ზის, მეორე კი სახლიდან სამსახურში მიმავალს – დგას მორჩილად მეტროსთან, ალბათ საკუთარ ბაღში მოყვანილი ვარდებით და შიგადაშიგ მინდვრის ყვავილებითაც.

ასეთ პერიოდში განსაკუთრებით მძაფრად ვგრძნობ, როგორ მიყვარს და მჭირდება ადამიანები.განსაკუთრებით მწვანე ადამიანები, მზის სხივი რომ დაჰყვებათ ხოლმე. ალბათ, ყველა ჩემნაირი “წითელი” გრძნობს ამას ხანდახან. სამაგიეროდ, ჩვენ არაფერს გავუჭირვებთ საყვარელ “მწვანეებს”.

ახლა ზაფხულია, მარის საყვარელი წელიწადის დრო. ჩემიც, სხვათა შორის. მე მზისგან ვიღებ ენერგიას, მარი – სიმწვანისგან. კიდევ კარგი, ამ ენერგიების ურთიერთგაცვლა შესაძლებელია და კიდევ კარგი, ამას ორივე მხარისთვის მოაქვს სარგებლობა. მოკლედ, მე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები სამყაროს მოწყობის იდეალურობაში და თავს ადამიანთა შორის ერთ–ერთად ვგრძნობ. ახლა მეტყვით, რა არის მაგაში განსაკუთრებულიო! თუ არ გესმით, ვერც გაიგებთ…

მე არ ვიცი, რას ვერჩი მარის ბლოგს, ასეთი პოსტით რომ ვაფუჭებ, მაგრამ მგონი, არ გამიბრაზდება. ბოლოს და ბოლოს, თვითონ მომცა უფლება! მე კი მართლაც დავისვენე აქ და მონატრებულ ფანჯარაში მონატრებული ტექსტი ავკრიფე ჩემი საპოსტედ აქავებული ხელებით. ამიტომაც, მარის ბლოგის მკითხველების იმედგაცრუებას საკუთარ თავს სულგრძელად ვპატიობ.

ავტორი, მეზობელი ბლოგიდან Tamara’s Dynamite

Advertisements

მწვანე სინათლე

ყოველთვის ვამბობდი, რომ დეპრესიაში ჩავარდნა ლუზერი და უსაქმური ადამიანების საქმეა, რომლებიც ამ მდგომარეობაში ყოფნით ცდილობენ თავის გამართლებას.

რა ადვილია, ზოგჯერ უბრალოდ ხელი ჩაიქნიო ყველაფერზე და თავი “გაკოტრებულად” გამოაცხადო. რაღა მოგეთხოვება შენ, როცა  ცხოვრებამ, ისედაც ბორძიკ-ბორძიკით მოსიარულეს, ფეხი დაგიდო და მერე, წაქცეულს და შეშინებულს წიხლები მანამდე გირტყა, სანამ არ დარწმუნდა, რომ ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგებოდი. შენ კი მართლა გიჯობს არ წამოდგე, რადგან მშიშარა ხარ და აღარ გინდა მეორედ დაგემართოს იგივე. თუმცა იცი, უარესი მაინც ვეღარაფერი მოგივა. ახლა ვეღარავინ გაგამტყუნებს, რაც არ უნდა ჩაიდინო. ახლა ყველა ლმობიერი იქნება შენ მიმართ და თავზე ხელს გადაგისვამენ…

მაშინაც კი, როცა გზა აგებნევა და არ იცი საით იარო, არ დაიბნე, უბრალოდ ცას შეხედე და რომელიმე მნათობი მიგასწავლის სწორ ბილიკს.

როცა ფიქრობ, რომ უსარგებლო და ზედმეტი ტვირთი ხარ, გახსოვდეს, შეიძლება ვიღაცამ დღეს შენ გამო გაიღვიძა.

როცა მძიმე ტვირთის თრევით დაღლილს, ფეხქვეშ მიწა გამოგეცლება და ძირს დაენარცხები, ნუ შეგეშინდება, რადგან ირგვლივ ყოველთვის მოიძებნება, თუნდაც ერთი “დადებითი გამვლელი”.

თუ ოდესმე, სრულიად უცხო ქვეყანაში მოხვდი, სადაც არავის ენა არ გესმის, ნუ გაჩუმდები, რადგან ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდება, რომელიც შენი ლაპარაკის გაგებას შეძლებს.

თუ მაინც არაფერმა გიშველა და რაიმე შემაღლებული ადგილიდან გადაწყვიტე გადმოხტომა, დიდად ნუ იჩქარებ, მაგის გასაკეთებლად  მთელი ცხოვრება გაქვს წინ.

თუ უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობ გადატვირთული გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადახვიდე, იმედს ნუ დაკარგავ. ცოტა კიდევ დაიცადე და მალე შენთვისაც აინთება მწვანე სინათლე.

მწვანე სიცოცხლე და თეთრი სიკვდილი

ასეთი პოსტების წერას ვცდილობ მოვერიდო. ვიცი დეპრესიაში ხარო დამიწყებენ მტკიცებას და ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, შეიძლება დავიჯერო კიდევაც. სინამდვილეში დეპრესია ჩემთვის არ არსებობს. საერთოდაც მგონი ის ადამიანებმა სიზარმაცის გამო თავის გასამართლებლად მოიგონეს. ჩასხდებიან დეპრესიაში და არ გასცეთ ხმა არავინ.

დღეს დილით სახლში უკვე მართლა აღარ დამედგომებოდა. წასასვლელიც ვერაფერი მოვიფიქრე და ისევ ჩემს აივანს შევაფარე თავი. აივანს ისე ვეძახი, თორემ სკამის დასადგმელი ადგილიც არ არის იქ. საკმაოდ ადრე იყო. სიჩუმეს მხოლოდ საბერტყელას ხმა არღვევდა, ჩემი ყურსასმენებიდან გამომავალი მუსიკის ფონზე. შემოვჯექი მოაჯირზე (ვეკოს ზეგავლენა) და დავიწყე უსაქმური ფიქრი. -ისევ კითხულობ? კაი 🙂

ფოთოლცვენის დაწყებას ბრმაც რომ ვიყო, მაინც ყოველთვის ვიგრძნობ, რადგან იგი პირდაპირპროპორციულად აისახება ჩემს თმაზე. კიდევ კარგი გამელოტებას ვერ ვასწრებ ფოთოლცვენის შეწყვეტამდე. ახლაც, ჩემი ეზოდან ნიავის ყოველი  წამოქროლვისას   მესმის გამხმარი ფოთლების შრიალი. ალვის ხეებს უკვე შეეპარათ სიმწყვანეში ყვითელი ჭაღარა. უკვე ბერდებიან, თუმცა ჯერ ისევ ახალგაზრდები არიან. სიბერეს შემოდგომაზეც მოასწრებენ.

აი რატომ მიყვარს მწვანე. მწვანე კი არა, ზოგადად სიმწვანე მიყვარს. სიცოცხლით სავსე, ხალისიანი და ახალგაზრდაა. თუმცა სანამ გარშემო სიმწვანეს ვხედავთ, ნაკლებ ადეკვატურად აღვიქვამთ. არადა ეს დრო ხომ ასე ცოტა ხანს გრძელდება,  ჩვენ კი წუწუნში და სრულ უაზრობაში ვატარებთ. გვავიწყდება რომ შეუქცევადი პროცესია სიმწვანის გახუნება და გაყვითლება, ისევე როგორც დაბერება. უძლური ხარ, ვერაფერს იზამ, შემოდგომა მაინც მოვა და გაგაყვითლებს. ეს აუცილებელიცაა. ღმერთმა დაიფაროს ზაფხულის შემდეგ პირდაპირ ზამთრის მოსვლა. (თუმცა ჩვენკენ ხშირად გარდამავალი სეზონები შეუმჩნეველია) თუმცა არც სიყვითლეა საშიში თუ მტკიცედ შეხვდები. შემოდგომაზე რომ კარგი მოსავალი აიღო, მანამდე ბევრი უნდა იშრომო, სანამ მწვანე ხარ, თორემ ცელიანი ზამთარი ისე მოგიკაკუნებს და თოვლით დაგვფარავს, რომ უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებ.

აი ამიტომ არ მიყვარს ზამთარი. სიკვდილივითაა.  სიკვდილი კი ნაცრისფელია, ჭუჭყიანი თოვლივით.

– ვაი, ეს სად შემოვმჯდარვარ. – ცოტა საშიშია ფიქრი, როცა მეექვსე სართულის აივნის მოაჯირზე ზიხარ. ყურსასმენებში კი ფლეილისტის ალბათ უკვე 30-ე მუსიკა მესმის… მზე ისევ არ ჩანდა სქელი ღრუბლიდან და არც ახლა ჩანს ახალი მთვარე.

ახალი დიზაინი

ბოლო ხანებში ნამეტანი გადავეკიდე ბლოგს. ვერ ვისვენებდი, რაღაცის შეცვლა მინდოდა, ახალი დომენიც კი დავარეგისტრირე, ბევრი ვუჩიჩინე და მერე დავანებე თავი. რა აღარ ვცადე, ვეკოს უკვე ნერვები მოვუშალე ჩემი “ბოდიალით” (ასე ეძახის თვითონ), ისე ძველი დიზაინის შეცვლას კი მირჩევდა, ძალიან ვიწროაო და არ მოსწონდა. არ ვიცი რამდენად გახსოვთ ის დიზაინი, მაგრამ ისიც მწვანე ფერებში იყო, თან ძალიან შევეჩვიე.

გუშინ D@niko-ს ბლოგზე  შევედი და რაღაც კარგი სიახლე დამხვდა. ალბათ ეგ სიახლე უკვე ყველას ნანახი გაქვთ. ჯერ URL-ს შევხედე, ახალ დომენზე ხომ არ გადავიდა-მეთქი, მაგრამ ისევ ვორდპრესი ეწერა ბოლოში. მოკლედ ძალიან მომეწონა ახალი დიზაინი. რატომღაც აქამდე არ მქონდა შემჩნეული თემების შაბლონებში.

ჰოდა მივბაძე D@niko-ს  და იგივე თემა დავაყენე მეც, ოღონდ განსხვავებულად მოვაწყვე. რაც გამოვიდა,  თვითონაც ხედავთ. ახლა იმედია ცოტა ხანს შევეშვები “ბოდიალს” 🙂

ასრულდა!

ემი ბლოგერული ცხოვრება უკვე 7 თვეს ითვლის.  ძალიან შემიყვარდა ეს საქმე და საერთოდ ბლოგზე და მის განვითარებაზე ფიქრი. სამწუხაროდ ბლოგის განვითარებას მხოლოდ ახალი პოსტის დაწერით ვუწყობდი ხელს, რადგან ჩვეულებრივ ვორდპრესზე გასაქანის მოძებნა რთულია.

ვცადე უამრავი რამ. გავუკეთე ახალი ჰედერი, რათა ოდნავ განსხვავებული დიზაინი შემექმნა. ახალ წელს ახალი ჰედერით შევცვალე, მოკლედ რაც შემეძლო ვეცადე და ვფიქრობ,  დიზაინის განვითარების მხრივ  ყველა საშუალება ამოვწურე, რასაც ასეთი ვორდპრესი მაძლევდა. მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი ჩემთვის, როცა ვხედავდი უამრავ ლამაზ დიზაინიან საიტს.

ეხლა არავინ დაიწყოს დიზაინს მნიშვნელობა არ აქვსო. პირველ რიგში თვითონ ბლოგერისთვის აქვს მნიშვნელობა ჩემი აზრით. ერთგვარი სტიმულია როცა შენს პოსტს ნორმალურ დიზაინზე ხედავ. თანაც იცი, რომ მკითხველისთვისაც არ ხარ მოსაწყენი.

რა მექნა? დავრეგისტრირდი ბლოგსპოტზე. მოვძებნე უამრავი დიზაინი, ყველაფერი გავუგე, მაგრამ არც ბლოგსპოტი მომეწონა.  მხოლოდ დიზაინის გამო ვერ წავედი დათმობაზე და ხელი ჩავიქნიე. გადავწყვიტე ვმჯდარიყავი და დავლოდებოდი შემთხვევას, როცა დომენის და ჰოსტინგის ყიდვას მოვინდომებდი. (ნეტავ ამას თუ ვიზამ ოდესმე)

და ზუსტად ამ დროს (გუშინ) Nightrider-ის ბლოგზე ვნახე პოსტი, ვორდპრესის დაინსტალირების შესახებ. არც მახსოვს რამდენჯერ მიცდია ამის გაკეთება ჩემით, მაგრამ ვერ მოვახერხე ვერც ერთხელ. მხოლოდ გუშინ, სრული ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ შევძელი ახალი საიტის შექმნა.

აი ეს არის www.greenmar.site.ge სახელი ახლა ნაკლებად მაღელვებს. გინდ wordpress ეწეროს ბოლოში და გინდ Freeoda.

ჰოდა ახლა დიზაინს ვარჩევ. მას, რა თმა უნდა მწვანე გაფორმებები უნდა ჰქონდეს და ნათელი უნდა იყოს. სასურველია საიდბარი მარჯვენა მხარეს ჰქონდეს მოთავსებული.

თუ ვინმემ  რაიმე კარგი საიტი იცით, სადაც ვორდპრესის დიზაინები მოიძებნება, გთხოვთ მომწეროთ.

წავედი მე, ბლოგი მაქვს მისახედი 😀 😀

ჯანსაღ ეზოში ჯანსაღი ჰაერია

მგონი სადღაც აღვნიშნე, რომ თინის პოსტები ჩემზე ხშირად ახდენენ ზეგავლენას და ბევრ საინტერესო ფაქტს მახსენებენ ჩემი ცხოვრებიდან. ახლა კიდევ ერთს გავიხსენებ აი ამ პოსტის ზეგავლენით.

გარემოს დაცვის საკითხი ჩემი დიდი ტკივილია ბავშვობიდან მოყოლებული. მე-5 კლასში რომ ვიყავი, სკოლაში რაღაც ფილმი გვაჩვენეს ეკოლოგიასთან დაკავშირებით. გვესაუბრნენ კიდევაც გარემოს დაცვაზე  და მისი გაფრხილების აუცილებლობაზე. ახლანდელთან შედარებით თბილისის ქუჩები მაშინ ერთ დიდ სანაგვეს გავდა, ხალხისთვის კი ეგ ყველაზე უმნიშვნელო პრობლემას წარმოადგენდა. ჩვეულებრივი ამბავი იყო ქუჩაში ნებისმიერი საზიზღრობის დაგდება, მიჩვეული იყო ყველა ამ ამბავს. ვინ იყო ის ხალხი, ვინც ეგ ფილმი გვაჩვენა არ ვიცი, მაშინ კი გვითხრეს, მაგრამ აღარ მახსოვს. ყველას გამოგვკითხეს ჩვენი აზრი, თუ როგორ უნდა გადაჭრილიყო ეს პრობლემა, ვისი ბრალი იყო ასეთი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა და გვეშველებოდა თუ არა რამე. ცოტა სასაცილოა არა მეხუთე კლასელებთან ამაზე ლაპარაკი? დიდად არავინ დაინტერესებულა, მაგრამ იმ დღიდან ხშირად ვფიქრობდი ამ ამბავზე. სასტიკად მაღიზიანებდა ყველაფერი, რაც გარემოს ზიანს აყენებდა, ნაგვის დაყრით დაწყებული, მანქანის გამონაბოლქვით დამთავრებული.

Read the rest of this entry

My news+Pet society

ესით ეს კვირა ჩემთვის საშინლად დაკავებული უნდა ყოფილიყო. უკვე თვეზე მეტია რაც გამოცდების განრიგი ვიცი და ამ კვირაში ვაპირებდი პირველი გამოცდის საკითხების საფუძვლიანად დასწავლას. თანაც საკუთარ თავს ვგლოვობდი, რადგან ვიცოდი რა ჯოჯოხეთიც  მელოდა, თანაც ამდენი აურზაურის შემდეგ. ახალი წელი.. სტუმრები.. ბოდიალი.. მოკლედ რას ვისწავლიდი არ ვიცი.

თანაც ბლოგზეც ვეღარ შემოვიდოდი და ახალს ვერაფერს დავწერდი. განსაკუთრებით იმ დროს მინდება წერა, როცა ყველაზე დაკავებული ვარ. საბედნიეროდ გაირკვა რომ ის საშინელი გამოცდა კაი ხნით გადაიდო და მეც შვებით ამოვისუნთქე.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: