Blog Archives

რატომ გავხდი ბლოგერი (ანუ მორიგი დავალება)

დღეს, ნიკამ მომიკაკუნა სკაიპში, დავალება მოუმზადებია ჩემთვის. ოჰ, რა დროულად მომისწრო ამ ტეგ-თამაშმა 😀

ვცდილობ გავიხსენო, როგორ და რატომ გავხდი ბლოგერი

2009 წლის ოქტომბერი იყო, როცა ვეკომ ფორუმზე გვამცნო, ბლოგი შევქმენი და წერას ვიწყებო. ბლოგი რაც იყო, მანამდე მხოლოდ სვითისგან და თინისგან ვიცოდი, სამაგიეროდ დღიურებში წერის მრავალწლიანი გამოცდილება მქონდა 🙂 საკმაოდ რთული პერიოდი მედგა. სწავლის დაწყებამ და უნივერსიტეტმა ძალიან დამაბნია. თავს სულ მარტოდ ვგრძნობდი, საუკეთესო დაქალიც საზღვარგარეთ წამივიდა, ზოგს თავისი საქმე ჰქონდა, ახლებს ჯერ კარგად არ ვიცნობდი და ნამდვილი შვება იყო იმის წარმოდგენა, რომ სადმე, ყველაფრის დაწერა შემეძლებოდა, რაც მომინდებოდა და შემდეგ ამას ვინმე წაიკითხავდა. ასე ავყევი ვეკოს და ვორდპრესზე დავრეგისტრირდი. მომწონდა, რომ რაღაც ახალი საქმე გამოვიჩინე. მალე ჩვევაში გადამეზარდა, რომ ნებისმიერ წვრილმანს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი. ვცდილობდი ყველა სიტუაცია პოსტად წარმომედგინა. ძალიან მომწონდა, რომ განტვირთვის საინტერესო საშუალება ვიპოვნე და ამით ჩემს ჩახვეულ აზრებს, სიხარულსა თუ წუხილს, ცოტაოდენი გასაქანი მივეცი.

ჰოდა ასე… ბლოგერობისთვის არანაირი განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია. არც პოპულარობას ვეძებდი ოდესმე და არც რეიტინგებში მიქექია ჩემი ბლოგის სტატუსი. ვწერ, რადგან ასე უკეთესად ვახერხებ ვიყო გულწრფელი 🙂

ვტავაგ თამარას, ნინიტოს, და მარიეს 🙂

ასრულდა!

ემი ბლოგერული ცხოვრება უკვე 7 თვეს ითვლის.  ძალიან შემიყვარდა ეს საქმე და საერთოდ ბლოგზე და მის განვითარებაზე ფიქრი. სამწუხაროდ ბლოგის განვითარებას მხოლოდ ახალი პოსტის დაწერით ვუწყობდი ხელს, რადგან ჩვეულებრივ ვორდპრესზე გასაქანის მოძებნა რთულია.

ვცადე უამრავი რამ. გავუკეთე ახალი ჰედერი, რათა ოდნავ განსხვავებული დიზაინი შემექმნა. ახალ წელს ახალი ჰედერით შევცვალე, მოკლედ რაც შემეძლო ვეცადე და ვფიქრობ,  დიზაინის განვითარების მხრივ  ყველა საშუალება ამოვწურე, რასაც ასეთი ვორდპრესი მაძლევდა. მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი ჩემთვის, როცა ვხედავდი უამრავ ლამაზ დიზაინიან საიტს.

ეხლა არავინ დაიწყოს დიზაინს მნიშვნელობა არ აქვსო. პირველ რიგში თვითონ ბლოგერისთვის აქვს მნიშვნელობა ჩემი აზრით. ერთგვარი სტიმულია როცა შენს პოსტს ნორმალურ დიზაინზე ხედავ. თანაც იცი, რომ მკითხველისთვისაც არ ხარ მოსაწყენი.

რა მექნა? დავრეგისტრირდი ბლოგსპოტზე. მოვძებნე უამრავი დიზაინი, ყველაფერი გავუგე, მაგრამ არც ბლოგსპოტი მომეწონა.  მხოლოდ დიზაინის გამო ვერ წავედი დათმობაზე და ხელი ჩავიქნიე. გადავწყვიტე ვმჯდარიყავი და დავლოდებოდი შემთხვევას, როცა დომენის და ჰოსტინგის ყიდვას მოვინდომებდი. (ნეტავ ამას თუ ვიზამ ოდესმე)

და ზუსტად ამ დროს (გუშინ) Nightrider-ის ბლოგზე ვნახე პოსტი, ვორდპრესის დაინსტალირების შესახებ. არც მახსოვს რამდენჯერ მიცდია ამის გაკეთება ჩემით, მაგრამ ვერ მოვახერხე ვერც ერთხელ. მხოლოდ გუშინ, სრული ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ შევძელი ახალი საიტის შექმნა.

აი ეს არის www.greenmar.site.ge სახელი ახლა ნაკლებად მაღელვებს. გინდ wordpress ეწეროს ბოლოში და გინდ Freeoda.

ჰოდა ახლა დიზაინს ვარჩევ. მას, რა თმა უნდა მწვანე გაფორმებები უნდა ჰქონდეს და ნათელი უნდა იყოს. სასურველია საიდბარი მარჯვენა მხარეს ჰქონდეს მოთავსებული.

თუ ვინმემ  რაიმე კარგი საიტი იცით, სადაც ვორდპრესის დიზაინები მოიძებნება, გთხოვთ მომწეროთ.

წავედი მე, ბლოგი მაქვს მისახედი 😀 😀

პასიური ბლოგერი

ბოლო დროს ძალიან დავივიწყე ბლოგი. მიზეზებს ახლა ვუკვირდები, მაგრამ საბოლოო დასკვნა ჯერ ვერ გამოვიტანე.

ვერ ვიტყვი რომ დრო არ მაქვს პოსტების საწერად, განსაკუთრებით ბოლო დღეებში. ხშირადაც შემოვდივარ, რამდენიმე პოსტიც დავიწყე, მაგრამ ვერ დავამთავრე რომ გამოვაქვეყნო. ვერც იმას ვიტყვი რომ მეზარება, რადგან ვამჩნევ რომ სიზარმაცის მაჩვენებელმა მკვეთრად დაიწია ჩემში. ალბათ უფრო მოტივაციის არქონის ბრალია ეს ამბავი, ან სხვაგან ჰქრის ჩემი გონება… რავიცი რავიცი…

პირად პოსტებს ვერ ვწერ, რადგან ამ დროისათვის საინტერესო არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში. ზოგადი თემების განხილვაც ცოტა უაზროდ მეჩვენება, რადგან ამხელა ბლოგოსფეროში მინიმუმ ერთი ადამინი მაინც მოიძებნება რომლის პოსტებიც ჩემს აზრს შეესაბამება, ასე რომ ახალს მაინც  ვერაფერს ვიტყვი. სუბიექტური აზრის დასაფიქსირებლად, სხვის პოსტებზე კომენტარების დატოვებით შემოვიფარგლები.

არ ვიცი ეს “ჩავარდნა” რამდენხანს გასტანს. ერთადერთ გამოსავალს საინტერესო ამბების ან რჩევების მოძიებაში და დაპოსტვაში ვხედავ, მაგრამ არც ამის განწყობაზე ვარ, რადგან არ მინდა პოსტებს “ძალით დაწერილი” პოსტების სახე მიეცეს. ასეთი რაღაცეები სხვის ბლოგებზეც მაღიზიანებს. ჩემთვის არ არის სულ ერთი რას დაწერ, ოღონდ დაწერო რომ ბლოგს რეიტინგი არ მოაკლდეს.

წავედი ახლა და იმედია მალე დავბრუნდები.

მე-ბლოგერი?

ერთ თვეზე ცოტა მეტია რაც ბლოგერობა წამოვიწყე. თავიდან wordpress-ის სისტემაში გარკვევას მოვუნდი. არც ისე რთული გამოდგა, მერე blogroll.geზეც დავრეგისტრირდი და უამრავი ქართველი ბლოგერის პოსტებს გავეცანი. ყველაზე ხშირი სტუმარი Tiny.ge– ზე და sweet.ge-ზე ვარ. მათი ზოგი პოსტი ზოგჯერ ჩემი ფანტაზიის წყაროც ხდება. ამ მომენტისატვის ჩემი ბლოგი სულ 18 გამოქვეყნებულს პოსტს მოიცავს (ამ პოსტის გარდა). ვცდილობ ხშირად ვწერო, მაგრამ დასაწყისისთვის მგონი ამასაც არაუშავს.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: