Blog Archives

მწვანე სიცოცხლე და თეთრი სიკვდილი

ასეთი პოსტების წერას ვცდილობ მოვერიდო. ვიცი დეპრესიაში ხარო დამიწყებენ მტკიცებას და ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, შეიძლება დავიჯერო კიდევაც. სინამდვილეში დეპრესია ჩემთვის არ არსებობს. საერთოდაც მგონი ის ადამიანებმა სიზარმაცის გამო თავის გასამართლებლად მოიგონეს. ჩასხდებიან დეპრესიაში და არ გასცეთ ხმა არავინ.

დღეს დილით სახლში უკვე მართლა აღარ დამედგომებოდა. წასასვლელიც ვერაფერი მოვიფიქრე და ისევ ჩემს აივანს შევაფარე თავი. აივანს ისე ვეძახი, თორემ სკამის დასადგმელი ადგილიც არ არის იქ. საკმაოდ ადრე იყო. სიჩუმეს მხოლოდ საბერტყელას ხმა არღვევდა, ჩემი ყურსასმენებიდან გამომავალი მუსიკის ფონზე. შემოვჯექი მოაჯირზე (ვეკოს ზეგავლენა) და დავიწყე უსაქმური ფიქრი. -ისევ კითხულობ? კაი 🙂

ფოთოლცვენის დაწყებას ბრმაც რომ ვიყო, მაინც ყოველთვის ვიგრძნობ, რადგან იგი პირდაპირპროპორციულად აისახება ჩემს თმაზე. კიდევ კარგი გამელოტებას ვერ ვასწრებ ფოთოლცვენის შეწყვეტამდე. ახლაც, ჩემი ეზოდან ნიავის ყოველი  წამოქროლვისას   მესმის გამხმარი ფოთლების შრიალი. ალვის ხეებს უკვე შეეპარათ სიმწყვანეში ყვითელი ჭაღარა. უკვე ბერდებიან, თუმცა ჯერ ისევ ახალგაზრდები არიან. სიბერეს შემოდგომაზეც მოასწრებენ.

აი რატომ მიყვარს მწვანე. მწვანე კი არა, ზოგადად სიმწვანე მიყვარს. სიცოცხლით სავსე, ხალისიანი და ახალგაზრდაა. თუმცა სანამ გარშემო სიმწვანეს ვხედავთ, ნაკლებ ადეკვატურად აღვიქვამთ. არადა ეს დრო ხომ ასე ცოტა ხანს გრძელდება,  ჩვენ კი წუწუნში და სრულ უაზრობაში ვატარებთ. გვავიწყდება რომ შეუქცევადი პროცესია სიმწვანის გახუნება და გაყვითლება, ისევე როგორც დაბერება. უძლური ხარ, ვერაფერს იზამ, შემოდგომა მაინც მოვა და გაგაყვითლებს. ეს აუცილებელიცაა. ღმერთმა დაიფაროს ზაფხულის შემდეგ პირდაპირ ზამთრის მოსვლა. (თუმცა ჩვენკენ ხშირად გარდამავალი სეზონები შეუმჩნეველია) თუმცა არც სიყვითლეა საშიში თუ მტკიცედ შეხვდები. შემოდგომაზე რომ კარგი მოსავალი აიღო, მანამდე ბევრი უნდა იშრომო, სანამ მწვანე ხარ, თორემ ცელიანი ზამთარი ისე მოგიკაკუნებს და თოვლით დაგვფარავს, რომ უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებ.

აი ამიტომ არ მიყვარს ზამთარი. სიკვდილივითაა.  სიკვდილი კი ნაცრისფელია, ჭუჭყიანი თოვლივით.

– ვაი, ეს სად შემოვმჯდარვარ. – ცოტა საშიშია ფიქრი, როცა მეექვსე სართულის აივნის მოაჯირზე ზიხარ. ყურსასმენებში კი ფლეილისტის ალბათ უკვე 30-ე მუსიკა მესმის… მზე ისევ არ ჩანდა სქელი ღრუბლიდან და არც ახლა ჩანს ახალი მთვარე.

Advertisements

კიდევ ერთი დღე

რა ბედნიერებაა, როცა დილით იღვიძებ და გიხარია, რომ კიდევ ერთი დღე იწყება, როცა არ გეშინია  რომ კიდევ ერთი დღე მოაკლდა შენს  დარჩენილ სიცოცხლეს, როცა არ გეშინია დროის სწრაფი ნაბიჯების, რადგან იცი  ჯერ კიდევ ბევრი გაქვს დარჩენილი. იცი თუ არა ეგ კიდევ საკითხავია, მაგრამ კარგია როცა შიშის მიზეზი მაინც არ გაქვს, თუნდაც ასაკის გამო.

სულ მაინტერესებდა რას ფიქრობს ადამიანი, როცა სიკვდილს თვალებში უყურებს, ან რა შეგრძებაა, როცა იცი, რომ შეიძლება მალე რაღაც ცუდი დაგემართოს და ვერაფერს აკეთებ. ამაზე უარესი კიდევ ეჭვი ყოფილა, როცა არ იცი რა გჭირს, ან გჭირს თუ არა რამე საერთოდ.

მოკლედ, ახლა ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ გადავრჩი!

(ამაზე ვიღაცას გაეცინება)

დიახ, ორდღიანი შიშისა და კანკალის შემდეგ მივხვდი, რომ  ტვინის ანთება არ მქონია(მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების 3 სიმპტომი გამომივლინდა: თავის ტკივილი, კისრის გაშეშება, მაღალი სიცხე) და ჩემი დაუდევარი საქციელის გამო არ წავალ იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. აი ასე! Read the rest of this entry

%d bloggers like this: