Blog Archives

მე მიყვარს…

დილით გვიან გაღვიძების ამინდებია. საფიქრალი და კისრის მოსაღრეცი ამინდები. კისერი იმიტომ მეღრიცება, რომ ყოველთვის უკან, წარსულისაკენ ვიყურები. მომავალს მხოლოდ რამდენიმე თვის სიშორეზე ვხედავ, წინასწარ არაფერი მაქვს დაგეგმილი. მიყვარს გვიან გაღვიძება და წარსულზე ფიქრი. საერთოდაც, მეუბნებიან უცნაური რამეები გიყვარსო. თქვენ კი ამ სათაურის გამო გეგონათ რამე ისეთს დავწერდი ხო? არა, “ისეთი” რა დამიწერია ოდესმე, რომ ახლა დავწერო? მხოლოდ იმაზე დავწერ, რაც მიყვარს.

მე მიყვარს მზე! სულ ორჯერ მაქვს ნანახი მისი ამოსვლა, რადგან დილით გვიანობამდე მიყვარს ძილი. მზის ჩასვლის ყურებას კი ვერ ვიტან. გულს მიჩუყებს.

მზეზე მეტად მთვარე მიყვარს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მგონია სპეციალურად ჩემთვის ამოდის. თანაც მზისაგან განსხვავებით არავის ეჩრება თვალებში. თუ ცაზე არ აიხედე, ვერც კი შეამჩნევ მის არსებობას. მე მგავს, არ უყვარს ყურადრების მიპყრობა და ჩემსავით ცვალებადია.

მე მარტო ყოფნა მიყვარს. მარტო სეირნობა, ან ოთახში მარტო ჯდომა დიდხანს, დამაყრუებელ სიჩუმეში, საკუთარი ხმაც რომ მავიწყდება.

სიმწვანე მიყვარს. ჩემთვის სიმწვანე სიცოცხლესთან ასოცირდება და ალბათ იმიტომ. როცა ბევრ სიმწვანეს ვხედავ, ყველაზე ცოცხლად ვგრძნობ თავს.

ზაფხული მიყვარს. რატომ? ზაფხული ყველაზე მწვანე და თბილია. სიცოცხლე ყველაზე უკეთესად ამ დროს იგრძნობა.

სიმაღლე მიყვარს. დიდი სიამოვნებით დავსახლდებოდი რომელიმე მაღალი შენობის ბოლო სართულზე.

წყალი მიყვარს. არ მინახავს ადამიანი რომელსაც ისე ძალიან უყვარს წყლის სმა, ან თუნდაც მისი ყურება, როგორც მე.

მგზავრობა მიყვარს, როცა არსად მეჩქარება და თან ყურსასმენებით მუსიკას ვუსმენ.

ყველა მიყვარს, ვინც ოდნავ მაინც მგავს და ვისაც ჩემსავით უყვარს ის რაღაცები, რაც მე მიყვარს.

კიდევ ერთი რამე მიყვარს, მაგრამ სადღაც წავიკითხე, მაგ ერთი რამის სიყვარულს დაფარვა სჭირდებაო, ამიტომ არ ვიტყვი 🙂 რაც გინდათ ის იფიქრეთ.

Advertisements

კიდევ ერთი დღე

რა ბედნიერებაა, როცა დილით იღვიძებ და გიხარია, რომ კიდევ ერთი დღე იწყება, როცა არ გეშინია  რომ კიდევ ერთი დღე მოაკლდა შენს  დარჩენილ სიცოცხლეს, როცა არ გეშინია დროის სწრაფი ნაბიჯების, რადგან იცი  ჯერ კიდევ ბევრი გაქვს დარჩენილი. იცი თუ არა ეგ კიდევ საკითხავია, მაგრამ კარგია როცა შიშის მიზეზი მაინც არ გაქვს, თუნდაც ასაკის გამო.

სულ მაინტერესებდა რას ფიქრობს ადამიანი, როცა სიკვდილს თვალებში უყურებს, ან რა შეგრძებაა, როცა იცი, რომ შეიძლება მალე რაღაც ცუდი დაგემართოს და ვერაფერს აკეთებ. ამაზე უარესი კიდევ ეჭვი ყოფილა, როცა არ იცი რა გჭირს, ან გჭირს თუ არა რამე საერთოდ.

მოკლედ, ახლა ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ გადავრჩი!

(ამაზე ვიღაცას გაეცინება)

დიახ, ორდღიანი შიშისა და კანკალის შემდეგ მივხვდი, რომ  ტვინის ანთება არ მქონია(მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების 3 სიმპტომი გამომივლინდა: თავის ტკივილი, კისრის გაშეშება, მაღალი სიცხე) და ჩემი დაუდევარი საქციელის გამო არ წავალ იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. აი ასე! Read the rest of this entry

%d bloggers like this: