Blog Archives

გადაწყვეტილება N 4/09

SPI1722768_Veerბავშვობიდან “ქარის მიმართულებით სიარულს” ვარ მიჩვეული. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც “ოფიციალური მონაცემებით” მიიჩნეოდა ნორმალურად. თუ შემთხვევით სასწაული მოხდებოდა და ჩემს რეალურ სურვილებზე დავფიქრდებოდი, მინიმუმ 2 კვირიანი დეპრესია მქონდა გარანტირებული. ამიტომ, ჩემს “წვეტიან” იდეებს დაუყოვნებლივ უკუვაგდებდი და დაუწერელი კანონების ბეჯითად შესრულებას ვაგრძელებდი. ზუსტად ამ პრინციპით ჩავაბარე უნივერსიტეტში, სადაც ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ავირჩიე ფაკულტეტი, სადაც საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რა მესაქმებოდა. იმ აზრსაც წინასწარ ვეგუებოდი, რომ შემდგომ ეტაპზე, მაგისტრის დიპლომითვის მექნებოდა მოსაგები ბრძოლა. მოკლედ, ყოველთვის ყველაფერი კარგად შემუშავებული ალგორითმის მიხედვით მიდიოდა.

გუშინ დიდი დღე იყო (3 სექტემბერი კარგად უნდა დავიმახსოვრო და ყოველ წელს, ჩემი “თვალის ახელის” თარიღი ღირსეულად აღვნიშნო). შუადღის პირველ საათზე, როგორც კი შესვენების დრო მოვიდა, სამსახურიდან თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი და მშობლიური უნივერსიტეტის გზას დავადექი. თან ყველა საჭირო საბუთი წავიღე: ცნობა ბაკალავრის ხარისხის შესახებ, პირადობის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი 3X4 და განცხადება, სამაგისტრო გამოცდაზე დაშვების შესახებ.  როგორც ყოვეთვის, კისრისტეხით ავაწყდი მაღლივის უსასრულო კიბეს და გულამოვარდნილი მივადექი ნანატრ მეექვსე საერთულს.  მაშინვე პირველი კურსი გამახსენდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ სამდივნოს წინ, 800 პინგვინის ნაცვლად ორმოცდაათიოდე კურსდამთავრებული იყო ჩამწკრივებული და გულანთებული ელოდა საკუთარ რიგს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ისე გამოვიდა რომ ჩემი ცნობა, ხარისხის მინიჭების შესახებ არასწორი გამოდგა. მოკლედ, მათივე მომზადებული საბუთის სისწორეზე მომედავნენ და მირჩიეს, სამი დღე მომეცადა, სანამ შეცდომის გამოსწორებას მოახერხებდნენ. მგონი, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ასაკით უფროს ადამიანთან შეკამათება გავბედე და ჩემი მაინც გავიტანე. 10 სექტემბერს, შიდა გამოცდაში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად მოვიპოვე,  მოტივაცია კი  – საბოლოოდ დავკარგე.

     1. მე არ ვისწავლი 60 საკითხს და არ გავალ გამოცდაზე;

     2. უარს ვიტყვი წარმატებით ჩაბარებულ ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ქულებზე;

     3. არ გადავიხდი 2250 ლარს ზუსტად იგივე საგნების სწავლაში, რაც ბაკალავრიატში გავიარე;

     4. სამსახურის შემდეგ, ღამღამობით არ ვივლი მაღლივში.

სამაგიეროდ:

     1. უარს ვიტყვი წარმატებით ჩაბარებულ ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ქულებზე;

     2. მივხედავ საკუთარ ჯანმრთელობას;

     3.  ვიმეცადინებ მათემატიკასა და ინგლისურში;

     4. მოვიფიქრებ, სად მინდა სწავლის გაგრძელება და შევაგროვებ ფულს;

     5. გაისად მომზადებული ტვინით და ჩავაბარებ ერთიან სამაგისტრო გამოცდას და ავიღებ გრანტს;

     6. შევეშვები ქარის მიმართულებით სიარულს და ვიმოქმედებ დამოუკიდებლად.

გადაწყვეტილება N 4/09

გადაფიქრების ვადა 5 კალენდარული დღე.

Advertisements

My Last Semester

ყოველთვის “გაგებით ვეკიდები” ბუნების კანონზომიერებებს. დასასრული რომ ყველაფერს აქვს, ეგეც კარგად  მაქვს გააზრებული.  მთავარია, ბედნიერი დასასრული იყოს, დიდი ხნის მერე რომ გაგახსენდება და სანანებელი არაფერი გექნება. სინანული იშვიათად მაწუხებს, მაგრამ დანენებით კი მაინც ქრონიკულად  მენანება ყველაფერი. ყველაზე მეტად კი დრო მენანება. უფრო სწორად, ის დროები, რომლებიც წავიდნენ და რომლებიც ახლაც მიდიან ისე, რომ ვერაფერს ვშველი.

ჯანდაბას ჩემი თავი! ვის არ დაუმთავრებია უნივერსიტეტი?

First-And-Last-Semester

გუშინ ბოლო ლექცია მქონდა. ლექციის მერე, სამსახურში უნდა წავსულიყავი, მაგრამ რამდენიმე წუთით მაინც მოვახერხე დროის გაწელვა და დერეფნებში ხეტიალი დავიწყე. – მერე რა? რამდენი ჩემნაირი წასულა აქედან, ახსოვს ვინმეს? აი, ასე მივდივართ ხოლმე და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება, რომ ვინმემ რამე კვალი დატოვოს. რა კვალის დატოვება მომინდა ახლა, ხომ არ გავგიჟდი? ბარემ საკუთარი ძეგლიც ხომ არ დავიდგა რომელიმე ფლიგელში? ან კედელზე ხომ არ ამომეკაწრა, “გახსოვდეთ, აქ ვიყავი მე, მარი, მსოფლიოში ყველაზე ზარმაცი სტუდენტი   2009-2013”. მგონი, ადამიანებს საკუთარი თავის უკვდავყოფის ინსტიქტი აქვთ განვითარებული და კარგს თუ ვერაფერს აკეთებენ, მავნებლური საქციელით მაინც ცდილობენ კვალის დატოვებას. შესაბამისად, რადგან უნივერსიტეტში სწავლის 4 წლის მანძილზე ახალი ველოსიპედი ვერ გამოვიგენე, იქნებ რაიმეს გაფუჭება მაინც მომეხერხებინა? – აი, სულ ასეთი დებილური აზრები მაწუხებს, როცა ძილი მაკლია.

ახლა კი ვზივარ და გონებაში “მოგება-ზარალის ანგარიშგებას” ვადგენ – რა დამიტოვა უნივერსიტეტში მოღვაწეობის ოთხმა წელმა? ჯერ იმ საგნების სიის ჩამოწერა დავიწყე, რომლებშიც რამე სასარგებლო და საინტერესო მისწავლია, მაგრამ ამ მეთოდით შეფასება არც ისე ეფექტიანი გამოდგა. საბოლოოდ, მარტივად ჩამოვყალიბდი.

1. უამრავი საინტერესო ადამიანი და რამდენიმე მეგობარი;

2. უამრავი მკვდარი ნერვული უჯრედი;

3. ზოგადი ცოდნა, ეკონომიკის, ბიზნესისა და ფინანსების სფეროში;

4. რამდენიმე მხიარული მოგონება;

5. რამდენიმე ძალინ საჭირო  უნარი და ჩვევა;

6. ბაკალავრის დიპლომი (ეს ოდნავ მოგვაინებით).

ესეც ჩემი სტუდენტობის ბედნიერი დასარული.

P.S. ორშაბათიდან შვებულებაში გავდივარ და სადმე ხომ არ წავსულიყავი დასასვენებლად? 😀

რჩევები აბიტურიენტებს

დღეს “ეროვნულები” დაიწყო. სულ მალე გამოცდების მოლოდინში მყოფი აბიტურიენტების ტანჯვა-წამებას ბოლო მოეღება.

სულ ერთი წლის წინ ვიყავი აბიტურიენტი და კარგად მახსოვს ყველაფერი რაც გამოცდებთანაა დაკავშირებული. ვეცდები რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგცეთ.

გამოცდების საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათია. ეს საკმაოდ დიდი დროა შენი ცოდნის სათანადოდ გამოსაყენებლად. ასევე 3 საათი ძალიან ბევრია იმისათვის რომ სკამზე გაუნძრევლად იჯდე და წერო, მე პირადად მიჭირს ამდენ ხანს ერთსა და იმავე საგანზე ყურადრების გამახვილება. მახსოვს პირველი  გამოცდიდან როგორ მინდოდა გამოქცევა და აღარ დავეძებდი 10 ქულით მეტს მივიღებდი თუ ნაკლებს.

გამოსავალი: გამოცდის დაწყებამდე დაახლოებით 1 საათი მოგიწევს საგამოცდო სექტორში უსაქმოდ ჯდომა და ლოდინი. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს  და თუ სწორად გამოიყენებ, მომავალი 3 საათი გაუსაძლისი აღარ იქნება. არ იფიქრო მომავალ საგამოცდო საკითხებზე. ისეთი არაფერი შეგხვდება, რაც ნასწავლი არ გაქვს, ასე რომ ტვინის ჭყლეტვას მოეშვი. ადგილზე ნუ იჯდები და ნერვებს ნუ აყვები. ადექი და აქეთ-იქით გაიარ-გამოიარე. აგრარული უნივერსიტეტის ლაბირინთები საკმაოდ საინტერესო მომეჩვენა. ნუ მაღლივში დიდი არაფერია დასათვალიერებელი, მაგრამ შეგიძლია ხედებით დატკბე.

დაელაპარაკე სხვა აბიტურიენტებს, ოღონდ შიშისა და ნერვიულობის თემაზე კრინტი არ დაგცდეს. იფიქრე იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

გამოცდის დაწყების შემდეგ არ მოგერიდოს ტექნიკურ საკითხებზე დამკვირვებელს სთხოვო დახმარება. მაგალითად თუ პასუხების ფურცელი გაგიფუჭდა, გადაგეკეცა ან დაგესვარა, არ ინერვიულო, მაშინვე კურატორს მიმართე. უფლება გაქვს მოითხოვო გაფუჭებული პასუხების ფურცლის შეცვლა.

წერის დროს არ იყურო აქეთ-იქით. რაც არ უნდა გიჭირდეს, არავის ნაშრომში არ გადაყო ცხვირი. ნებისმიერი საეჭვი საქციელი შეიძლება ძვირად დაგიჯდეს. ყველაზე მოხერხებულებსაც არ გაუვათ ეროვნულ გამოცდებზე ეშმაკობა. იჯექი შენთვის, ვითომ გარშემო არაფერი არსებობს. არ იფიქროთ იმაზე, რომ ამ გამოცდაზე შენი მომავალი სტუდენტობის საკითხია დამოკიდებული, იფიქრე რომ აბიტურიენტობა მთავრდება და კიდევ ერთ გამოცდას იშორებ.

რაც  მეტ ნერვებს დაზოგავ, მით მეტი დაგრჩება უნივერსიტეტის სემესტრულ გამოცდებზე დასახარჯად.

წარმატებებს გისურვებთ 🙂

არდადეგები დასრულდა!

ღეს არდადეგების ბოლო დღეა. ხვალიდან ისევ ჩვეულებრივ ცხოვრებას ვუბრუნდები, დილით ადრე გაღვიძებით, მეცადინეობით, 2 საათიანი მგზავრობით… ეს ყველაფერი ახალი სულაც არ არის. მხოლოდ ის განსხვავება იქნება, რომ ხვალიდან გაზაფხული იწყება და გაზაფხულზე არასოდეს ვყოფილვარ უნივერსიტეტში 🙂

პირველმა სემესტრმა დიდი დაძაბულობით, მაგრამ მაინც ნორმალურად ჩაიარა. რაც მთავარია არც ერთი საგანი არ შემრჩენია და მეორე სემესტრში ჩვეულებრივად გავივლი 6 საგანს. ახალი ცხრილი უკვე კაი ხანია შევადგინე და რეგისტრაციაც გავიარე. სამწუხაროდ ძველ ჯგუფელებთან ერთად ვეღარ ვისწავლი, ამიტომ ახალი ცხრილი ისე შევადგინე, რომ ყველა საგანი სხვადასხვა ჯგუფთან ერთად მქონდეს.

რადგან დღეს არდადეგების ბოლო დღეა, გადავწყვიტე მხოლოდ კომპიუტერთან ჯდომაში და სახლში ბორიალში არ გამეტარებინა. დილით ადრე გავირვიძე და მთელი დღე და დავგეგმე.

დიდი ხანია არ მიშოპინგია, ასე რომ პირველ რიგში ეს გამახსენდა. ისე დიდად არ მიყვარს შოპინგი, ძალიან მღლის და დიდი დრო მიაქვს, მაგრამ თან თუ ისეთი დაქალი გახლავს, როგორიც ანაა, ბევრი ფიქრი არ დაგჭირდება არაფრის ყიდვაზე. ერთი შეხედვისთანავე იცის მომიხდება თუ არა რაიმე სამოსი. ორი საგაზაფხულო ზედა მაყიდინა დაჟინებული თხოვნით. მე ქვედა ბოლოს ყიდვა მინდოდა, მაგრამ მერე არჩევანი შავ, სწორ შარვალზე შევაჩერე. სულ ჯინსები მაქვს და არ უხდება ყველაფერს, ამიტომ ნამდვიალდ აუცილებელი იყო. კიდევ რაღაც სისულელეები ვიყიდე, რაში გამოვიყენებ არ ვიცი, მაგრამ იყოს მაინც 🙂

დამღლელი ბოდიალის მერე თმის დასავარცხნად სილამაზის სალონში წავედით. ანამ თქვა ერთი კაი სალონი ვიციო და წავყევი. მართლა კარგი გამოდგა, 3 დღის წინ დაყრილი თმები არ ეყარა იატაკზე და სტილისტები სიგარეტს არ მაბოლებდნენ სახეში. მოწესრიგებული და სასიამოვნო. ეტყობოდა რომ სილამაზის სალონი იყო და არა სიმახინჯის, რომლებიც მრავლადაა თბილისში.

ჩოლკა დავამოკლებინე და თმა დავავარცხნინე. ამ პროცედურას სასტიკად ვერ ვიტან, რადგან თითქოს ვგრძნობ როგორ იწვება ჩემი თმა ფენით.  თავიდან სტილისტს ეგონა რაღაც ვარცხნილობის გაკეთებას ვაპირებდი და ყურადღებით მათვალიერებდა. მერე რომ გაიგო რისთვისაც ვიყავი მისული, მეხვეწებოდა თმას მაინც შეგჭრი, რათ გინდა მაგხელა თმაო. ბოლოს მხოლოდ ჩოლკის შეჭრას დასჯერდა, მთელი თმა ვერ დავთმე.

უაღრესად დაღლილი დავბრუნდი სახლში. ახლა ხვალინდელზე ვფიქრობ. იმედია კარგი დღე იქნება და რამე ხიფათს არ გადავეყრები. წავედი ახლა, დილით ადრე უნდა ავდგე.

მისი უთორმეტსართულიანესობა!

მაააღლივი –  ჩვენი ტკიივილი, მააღლივი ჩვენი დააარდიაა… ლალალალალააა…

მახსოვს ეს სიმღერა პირველად რომ მოვისიმინე რა რეაქცია მქონდა. ლამის გადავიფიქრე იქ ფეხის მიკარება, თუმცა ჯერ სტუდენტიც არ ვიყავი. ბოლოს ასრულდა დიდი ხნის ნანატრი საწადელი და როგორც იქნა მეც იქაურობის სრულუფლებიანი წევრი გავხდი, უაღრესად დაბნეული და შეშინებული წევრი. ადაპტაციისათვის 2 თვე მაინც დამჭირდა თუ მეტი არა. პირველ შუალედურ გამოცდას ნახევარი ნერვები შევალიე. არა ისეთი არაფერი იყო, მაგრამ ყველა ნერვიულობდა და მე რა მექნა :)) ეს ისე. ახლა სემესტრული გამოცდები მაქვს, ერთიღა დამრჩა(თურმე რა ერთი). დღეს კიდევ ერთი მოვიშორე, როგორც მოვიშორე  ახლავე გეტყვით.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: