Blog Archives

გული და ნასკები

გული და ნასკები. ჰმ… აქვს ამ ორს რაღაც საერთო. ამაში მაშინ ვრწმუნდები, როცა შიშისგან ფეხსაცმელებზე, ფრჩხილებზე და თმის ბოლოებზეც ვგრძნობ პულსაციას. ამას კიდევ რა უჭირს, ყურებში დაუსრულებელი წუილი და არითმიული გრუხუნი დამავიწყდა? ასე უნდა გაგრძელდეს კიდევ 6 საათი, ანუ სანამ საგამოცდო სექტორში გამოვცხადდები და ისტერიული სიცილის შეკავებას ვეცდები.

მინდა ქარმა წამიღოს, მაღლივში რომ ავალ. კიდევ, ჩემი სანატრელი ორი აგური მინდა. მინდა მაგარი კბილები მქონდეს, რომ ნერვები კაგად დავიჭირო.

მინდა დაძინება შევძლო, სანამ მაღვიძარა დარეკავს. მინდა დილით ძალიან არ ციოდეს, არ ბნელოდეს, მარშუტკამ დიდხანს არ მალოდინოს და რომ ავალ, ფანჯარასთან ადგილი თავისუფალი დამხვდეს. ვაიმეეეეეე, მგონი ვგიჟდები.

მეშინია ამ ოხერი გამოცდების, ვაჰ!

Advertisements

გუშინდელი ამბავი (ანუ ბოღმა-ფართის შემდეგ)

გუშინ დიდი დღე იყო. დიდს ისე ვიძახი, თორემ ეს 2010 წლის ყველაზე საშიში დღე იყო ჩემთვის (არა, კალიები არაფერ შუაშია)

4 დღის წინ “შვებულებაში გასვლა” გადავწყვიტე. ანუ ახალი გასართობების მოფიქრება და ძველებისათვის ცოტა ხნით თავის დანებება (რომ არ მომბეზრდეს). ხოდა გუშინ ის დღე იყო, როცა ბლოგერები მთაწმინდის პარკში უნდა ავსულიყავით.  ნათიას ვერ გავუბედე ვერ წამოვალ-მეთქი რომ მეთქვა (შიში ოხერია lol) ხოდა ჩემი შვებულება 1 დღით დავარღვიე. სულ  ნახევარი საათი დასჭირდა tweet.ge-ს ამბავს. ბოღმა ფართიც არ გაგრძელებულა დიდხანს. უკვე მეგონა წამოვიდოდით, რომ ნათიამ აიჩემა ცოტა ხანს კიდევ ვიყოთო.  ყველანი გაშეშდნენ ერთ ადგილას. ამასობაში ბევრი ვიწრიალე, ტვინი ვბურღე წავიდეთ-მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა (არასოდეს შემეძლო ხალხის დარწმუნება).

ბოლოს დაგვადგა საშველი. წავიდეთო თქვეს. მართალია ფეხით წასვლაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ეს ვის ადარდებდა. ისედაც მიყვარს ფეხით სიარული.

ჰოდა მივადექით თუ არა კიბეებს, იქიდან დაიწყო ჩემი ხერხემლის, მუხლების და იდაყვების ცახცახი. ის კიბეები არასოდეს მქონდა ნანახი. გამიკვირდა ჩაბნელებული რომ იყო და მაშინვე შევიცხადე. დამამშვიდებელი პასუხი რომ ვერ მივიღე, იმაზეც მადლობა ვთქვი, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი არ მეცვა. ავიშვირე თავი და წავედი.

წინ მივდიოდი, როგორც ყველაზე  მშიშარას შეეფერება 😀 😀 დანარჩენები ერთად მოდიოდნენ, მათი ხმაც არ მესმოდა ზურგს უკან.  მხოლოდ ნათია მეძახდა, ნელა იარე, არსად დავარდეო. მათთან ერთად რომ მევლო, მართლა ავილეწებოდი სადმე. მარტო უფრო ყურადღებით და დაკვირვებულად დავდიოდი, თანაც თუ წავიქცეოდი, თან მაინც არავის გავიყოლებდი 😀

არ მახსოვს რამდენ ხანში გავიარეთ ბნელი და უსასრულო გზა. მე, ადამიანი, რომელსაც დღის სინათლეზე, სრულიად სწორ იატაკზეც კი შემიძლია კისრის მოტეხვა, გუშინ ცოცხალი და ჯანმრთელი დავბრუნდი სახლში.

ახლა კი წავედი შვებულებაში. ვიცი ბლოგერები ამას ვერ გადაიტანენ და მათი შეკრება ჩემ გარეშე აზრს დაკარგავს :mrgreen: :mrgreen: მაგრამ მე ვირტუალურად მაინც ყოველთვის მათთან ვიქნები და თვალს ვადევნებ მათს პოსტებსა და სტატუსებს 🙂

ახლა კი ამ პოსტს გამოვაქვეყნებ, სანამ მეოთხედაც ჩამქრალა შუქი.  😀

The X-Files

“The  Truth  Is  Out  There”

რა საოცარია, როცა წინ კიდევ 2 გამოცდა მელის და მე ამ დროს უსაქმურობით ვკვდები. ბევრი ვიბოდიალე და ბოლოს “საიდუმლო მასალების” ბოლო სეზონებიდან რამდენიმე სერია გადმოვწერე. ყველა მათგანი არ მქონდა ნანახი და გადავწყვიტე ძველი დრო გამეხსენებინა. გამახსენდა დაახლოებით 10 წლის წინ, შიშისაგან გაშტერებული როგორ მივჩერებოდი ტელევიზორს და ყველაზე საშინელ ფილმს ვუყურებდი. იმ დროს ამაზე საშიშს  და საინტერესოს ვერაფერს მოვიფიქრებდი. ჩემი ყველა თამაში და სრულიად გალაქტიკის შესახებ წარმოდგენა ამ ფილმთან იყო დაკავშირებული. რამდენი პარანორმალური მოვლენა გამომიგონია და ამიხსნია ჩემს სულელურ თამაშებში აღარც მახსოვს. გარემოც შესაბამსი მქონდა: სარდაფიანი და სხვენიანი სახლი,  ფანარი, რომლის  ელემენტი რატომღაც ყოველთვის დამჯდარი იყო, თვითნაკეთი FBI-ს ჟეტონი და რა თქმა უნდა, უკიდეგანო, ბავშვური, ფანტაზია. აი ასე ვებრძოდი ჩემს წარმოსახვით უცხოპლანეტელებს, რომელთა რეალური არსებობისაც 100%- ით მჯეროდა თან მეშინოდა მართლა სადმე არ ‘გამომცხადებოდნენ’  😀 😀 😀

ამ უცხოპლანეტელების ხსენებაზე,  “ალფიც” გამახსენდა. ბარემ ეგეც გადმემოწერა 😀 😀  წავედი ახლა, კიდევ 2 სერია დამრჩა სანახავი.

%d bloggers like this: