Blog Archives

რატომ ვიწერთ გამოცდებს

downloadსტუდენტობის უკვე მეხუთე წელს ვითვლი და მიუხედავად ჩემი დიდი სიზარმაცისა, წუწუნისა და მოთქმა-გოდებისა, მგონია, რომ ძალიან კარგი და წესიერი სტუდენტების რიცხვს მივეკუთვნები. დიახ, მე ვარ პატიოსანი სტუდენტი, რამდენიმე მიზეზის გამო:

1. არასოდეს მიმიტანია ლექტორისთვის სხვისი გაკეთებული რეფერატი და პრეზენტაცია (მცდელობა მქონია, მაგრამ არსად მინახავს ისეთი პრეზენტაცია, რომელზე უკეთესსაც მე ვერ გავაკეთებდი. ამიტომ ყოველთვის დამოუკიდებლად ვირჯები).

2. არასოდეს მითხოვია ლექტორისთვის ქულის მომატება. ყოველთვის იმ ქულას ვჯერდებოდი, რასაც დამიწერდნენ (თუნდაც საერთოდ არ დაეწერათ) თანაც, ქულების დაწერის დღეს, სემინარებს ყოველთვის ვაცდენდი, უხერხული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად.

3. არასოდეს მითხოვია გაცდენების საპატიოდ ჩათვლა, სამსახურის მიზეზით და არასოდეს დამიძრავს კრინტი სამუშაო ადგილის შესახებ (ჩემს ადგილას, ბევრი ამით ბოროტად ისარგებლებდა).

4. მიუხედავად რამდენიმე დარჩენილი საგნისა, ბაკალავრიატი მაინც დროულად დავამთავრე, თანაც 240-ის ნაცვლად 245 კრედიტით.

ეთიკის ნორმებზე და ა.შ. არაფერს ვამბობ.

რამე ხომ არ გამომრჩა? ჰო, გამოცდები არ მიხსენებია. დიახ, ბევრი ჩემი კურსელი დიდხანს ამაყობდა იმ ფაქტით, რომ ცხოვრებაში არასოდეს გამოუყენებიათ “შპარგალკა”. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ამას ვერასოდეს გააკეთებს, იმიტომ რომ სახეზე შეეტყობათ (ნურას უკაცრავად. ახლა ისე იწერენ, ყველაზე გამოცდილი დამკვირვებელიც ვერასოდეს გამოიჭერს). მოკლედ, ასეა. ავად თუ კარგად, მაინც ყველა რაღაცას იწერს. პირადად ჩემთვის, გადაწერა ყოველთვის დიდ ტანჯვასთან ასოცირდება: უნდა დაწერო ფურცელზე, მერე მოიფიქრო, სად დამალო, მერე დამკვირვებელს უყურო, ხომ არ მოდის და ამასობაში გამოცდა წერო.. საშინელებაა! ერთ საათზე მეტ ხანს ვერც ერთ გამოცდაზე ვერ გავჩერჩები. გამორიცხულია გადაწერო საკითხი, რომელიც საერთოდ არ იცი. მაგრამ ხომ არის რაღაც მომენტები, რომლის დამახსოვრებაც გიჭირს. მაგალითად, გიჭირს წლების დამახსოვრება, ან ვერ იმახსოვრებ მრავალმოქმედებიან ფორმულებს. შეიძლება ისწავლო კიდევაც, მაგრამ ერთმა არასწორად დასმულმა მოქმედების ნიშანმა შეიძება მთელი ამოცანა დაღუპოს. არასოდეს მესმოდა რატომ იყო სავალდებულო ფორმულების დაზეპირება. დავიჯერო, ვინმეს ჰგონია, რომ გამოცდისთვის ნასწავლი ფორმულა 1 წლის შემდეგ შეიძლება კიდევ გახსოვდეს?

14576590-Cartoon-Illustration-of-Pupils-writing-Difficult-Test-or-Exam-Stock-Vector

და მაინც, რატომ/როდის ვიწერთ სტუდენტები გამოცდებს:

1. როცა სასწავლო მასალა იმდენად დიდია, რომ გამოცდებს შორის მოკლე  ინტერვალში ერთხელ გადაკითხვასაც ვერ მოასწრებ, თუნდაც გადამეორების მიზნით.

2. როცა გამოცდაში იმაზე მეტი საზეპირო თეორიული საკითხი შედის, ვიდრე პრაქტიკული. (ტექნიკურ სპეციალობებს ეხება)

3. როცა საგამოცდო საკითხები რაოდენობაზეა ორიენტირებული ხარისხის ნაცვლად. დიახ, როცა 60 საკითხი შეგაქვს, უნდა ელოდო, რომ სწავლის ხარისხი 90 პროცენტში მხოლოდ მინიმალურ ბარიერამდე თუ მიაღწევს.

4. როცა გადაწერის საშუალება გვაქვს.

როდის აღარ გადავწერთ სტუდენტები გამოცდებს:

1. როცა საკითხების რაოდენობა უპტიმალურ ზღვარს მიაღწევს და კათედრები ერთმანეთს აღარ შეეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტის აკითხი დადო.

2. როცა საზეპირო ნაწილი შემცირდება მეტი ყურადღება ანალიზურს დაეთმობა.

3. როცა გამოცდებს შორის დროის შუალედი სამეცადინოდ თუ არა, ამოსასუნთქად მაინც იქნება საქმარისი. 🙂

Advertisements
%d bloggers like this: