Blog Archives

ჭიანჭველების ბუდე

დილით რომ გავიღვიძე, მეგონა მთელი 3 დღე გადაბმულად მეძინა. სანამ გამოვერკვიე, ჯერ კომპიუტერთან მიბვობღდი, ყავით ხელში და ფოტოების მიხედვით შევეცადე გუშინდელის გახსენებას. ამასობაში დრო ისე გავიდა, რომ უნივერსიტეტში კისრისტეხვით მომიხდა გაქცევა.

აღმოჩნდა, რომ 5 წუთით დამიგვიანია. მე კი ლექციაზე დაგვიანებით შესვლის კომპლექსი ჯერ ვერ გადავლახე. ასე რომ 45 წუთი როგორმე უნდა გამეყვანა. ეს დრო ძალიან ბევრი მეჩვენება რომელიმე უინტერესო კონსპექტის კითხვისათვის, მაგრამ ზედმეტად ცოტაა საყვარელი მუსიკის მოსასმენად და საფიქრალად. გადავწყვიტე ქვემოთ არ ჩავსულიყავი, თორემ მაშინვე სახლში წამოსვლა მომინდებოდა, ან ვინმე ნაცნობი შემხვდებოდა. ამიტომ მეათესა და მეთერთმეტე სართულებს შორის, კიბეზე ინგლისურის რვეული დავდე და მოვკალათდი. მაღლივი თითქმის ცარიელი იყო. ჩემს თავზე გამეცინა, რას იფიქრებდა ახლა რომელიმე ლექტორს რომ გამოევლო? ალბათ უჟმური, დაგრუზული, სტუდენტი ვეგონებოდი, რომელსაც საგნები ეტენება და დეპრესიაშია. თან ჩემი უძინარი გამომეტყველებითა და შავად შეღებილი თვალ-ფრჩხილით უფრო გავამყარებდი ამ ვარაუდს. ისევ გამეცინა. როდის იყო მაღლივში კიბეზე ჯდომა უკვირდათ? ამ ვარაუდების მოსაფიქრებლად ტყუილად დავკარგე რამდენიმე წუთი.  მაინც არავის გამოუვლია და იმიტომ.

მეათე სართულიდან ყველაფერი ისე მოჩანს, თითქოს უშველებელ ეკრანზე პანორამულ გამოსახულებას უყურებდე. ყველაფერი უძრავია, თითქოს უსიცოცხლო. არადა ერთად ამდენი კორპუსი მხოლოდ მაღლივიდან დამინახავს. ყველა მრავალსართულიანია და ყოველ სართულზე ადამიანები ცხოვრობენ. რამდენნი ვყოფილვართ… ჭიანჭველების ბუდე გამახსენდა. პირველად დავფიქრდი ჩვენს სიბევრეზე. ალბათ იმიტომ, რომ შორიდან ვუყურებდი. შორიდან ყველაფერი ერთნაირად ჩანს, ხოლო ამდენი ერთნაირი ადამიანი, უკვე ძალიან ბევრად გეჩვენება. ახლოდან იოლად პოულობ განსხვავებას, შორიდან კი ყვველა ერთნაირად უცხო და უცნობია.. მათ მიმართ ოდესღაც იმდენად გულგრილი ვიყავი, რომ თითოელის ბედი მხოლოდ ცალი წიხლის ასოციაციას იწვევდა. ყოველთვის შემეძლო მათზე ბოროტად მეხუმრა, გამეცინა (ისედაც შემთხვევას არ ვუშვებ, რომ რამეზე ვიცინო). ჰოდა ახლა, როცა ისინი ასე, ყველა ერთად დავინახე, როგორც უთვალავი ჭიანჭველა, ბუდის გარშემო, გული ისე ამიჩუყდა, კინაღამ ავსლუკუნდი. ყველანი ისე პატარები და უსუსურები ვართ.. ყველას თავისი უხარია და თავისი სწყინს. ზოგი ცუდადაა, ზოგი  – კარგად. ზოგი ჭკვიანია, ზოგი – შტერი. მე კი ყველა მიყვარს, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია სრულიად უცხო ადამიანი გიყვარდეს, რომელმაც შენ შესახებ არაფერი იცის.

რას ვბოდიალობ ახლა, მაგრამ მართლა ასეა და მინდოდა აქაც მეთქვა. ახლა კი წავალ, ბრაუზერს დავარეფრეშებ და მორიგი კონტრაქტის სარეგისტრაციო დრაფტს მოვამზადებ. მიყვარს, როცა ვმუშაობ და ფიქრისათვის დრო არ მრჩება ♥

Advertisements

ალერგიული პოსტი

5 წლის ვიყავი, როცა ალერგიის გამო პირველად მიმიყვანეს ექიმთან. მთელ სახეზე “ზელიონკები” მესვა და ცხვირი კარტოფილივით მედო.  ექიმმა მკაცრი დიეტა დამინიშნა და იმით დამამშვივიდა, რომ ალერგიულები ნიჭიერები არიანო მითხრა, ოღონდ არ ვიცი საიდან გამოიტანა ეს დასკვნა.

ამ დაავადების გამო ვერ ვყნოსავ ყვავილებს, ვერ ვჭამ ზოგიერთ ხილს, ვერ მივდივარ ჩემს ყველაზე ახლო მეგობართან, რადგან სახლში კატა ჰყავს. ყველანაირი კვამლის სუნი მგუდავს.

წელს გაზაფხულის ორმა თვემ ისე გაიარა, რომ ერთხელაც არ დამჭირვებია ალერგიის გამო წამლის დალევა. უკვე მეგონა რომ გამიარა, მაგრამ გუშინწინ ახალი ტალღით შემომიტია.

ორი დღის წინ, სახლისაკენ მიმავალმა შემთხვევით ვეკო შევამჩნიე ქავრთარაძის ქუჩაზე. ხოდა ვეკო რის ვეკოა თუ მაღლივის ხიდზე სურათები არ გადაიღო =)))))))

იქამდე რაღაც გაურკვეველი გზით წავედით. ბალახები იყო და მიწაზე ჭიანჭველები დადიოდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს ჭიანჭველები ზედ მაბობღდებოდნენ და მკბენდნენ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. მერე მივედით ხიდამდე და ეს ჭიანჭველები სულ დამავიწყდა. სურათები გადავიღეთ, ვეკომ თავისი საყვარელი, ექსტრემალური ილეთიც გააკეთა (ხიდის მნოაჯირზე ფეხებით გადაკიდება) რომლისაც მე ძალიან მეშინია.

სახლში რომ მივედი, შევამჩნიე,  მუხლამდე გამოყრილი მქონდა ფეხებზე. ხელებზე კი მაჯებიდან მხრებამდე მეტყობოდა ალერგიული კვალი. თავიდან მეგონა ჩუთყვავილა მჭირდა.

ექმის რომ დავურეკე ისეთი რამ მითხრა, ახლაც მიკვირს. ეგ იმიტომ დაგემართა, რომ გეგონა ჭიანჭველები დაგდიოდნენო და შეიძლება სიზმარშიც შეიძლება რამემ ალერგია მოგცესო. O_o

ესეიგი თუ ოდესმე კატა ან ბაბუაწვერა დამესიზმრა, წასულია ჩემი საქმე ?

გაგიგიათ ასეთი რამ, რომ მოჩვენებითმა მიზეზებმა შეიძლება  რეაქცია გამოიწვიოს?

%d bloggers like this: